ახალი ამბები

საზოგადოებრივი სამუშაოები ადამიანებს სამუშაოს დაწყების შიშის დაძლევაში ეხმარება – მინისტრი

23 სექტემბერი, 2022 • 839
საზოგადოებრივი სამუშაოები ადამიანებს სამუშაოს დაწყების შიშის დაძლევაში ეხმარება – მინისტრი

დღეს, 23 სექტემბერს, ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.

საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით აზარაშვილს ინტერპელაციის წესით კითხვებით  მიმართეს პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატებმა.

ერთ-ერთი კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რამდენად ხორციელდება ამ ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების მიერ რეალურად იმ უნარ-ჩვევების შეძენა, რომელიც მომავალში მათ დაეხმარებათ კერძო სექტორში დასაქმებაში.

აღნიშნულ კითხვაზე პასუხისას ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმება განსაკუთერებით ეფექტურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც  სამუშაო სტაჟის ხანგრძლივი წყვეტა აქვს, რადგან ეს მათ ეხმარება სამუშაოს დაწყების შიშის დაძლევაში.

„საზოგადოებრივი სამუშაო წარმოადგენს სამუშაოს სახეს, რომლის შესრულება შეუძლია ნებისმიერი კვალიფიკაციისა და განათლების მქონე პირს. საზოგადოებრივი სამუშაო წარმოადგენს შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ერთ-ერთ ფართოდ გავრცელებულ ინსტრუმენტს და მისი შექმნა ემსახურება მოწვყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა დასაქმების ხელშეწყობას.

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმება განსაკუთერებით ეფექტურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც  სამუშაო სტაჟის ხანგრძლივი წყვეტა აქვს. ასეთი ტიპის სამუშაოები პროგრამის მოსარგებლეს ეხმარება გათავისუფლდეს, დაძლიოს სამუშაოს დაწყების შიში და ასევე გადალახოს ყველა ის ბარიერი, რასაც ხანგრძლივი უმუშევრობა წარმოქმნის. ამასთანავე პირი იძენს სამუშო გამოცდილებას, უნარებს და აგროვებს სამუშოა სტაჟს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.


საქართველოს მთავრობამ 2022 წლის პირველ კვარტალში გამოაცხადა, რომ გეგმავდა სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი, უმუშევარი მოქალაქეებისთვის დასაქმების პროგრამის დაწყებას.

მთავრობის გეგმით, პირველ ეტაპზე 50 000 დასაქმებული მიიღებდა ყოველთვიურად დარიცხულ შემწეობას, პლუს 300 ლარს გარკვეულ სამუშაოში.

პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლის და უფროსი ასაკის შრომისუნარიანი პირები, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

პროგრამის ბენეფიციარს ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდება.

მთავრობის განმარტებით, საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 20 სექტემბრის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე, 23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირი დასაქმდა.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი