ახალი ამბები

სოც.დაუცველი პირების დასაქმების პროგრამაში 20 000 ადამიანი დასაქმდა – სამინისტრო

12 აგვისტო, 2022 • 974
სოც.დაუცველი პირების დასაქმების პროგრამაში 20 000 ადამიანი დასაქმდა – სამინისტრო

ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს განცხადებით, სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამაში, რომელიც 1 მარტს დაიწყო, 20 ათასამდე ადამიანია დასაქმებული.

სამინისტროს თანახმად, 1000-მდე ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სააგენტოებშია გაფორმებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კი აზუსტებს, რომ მხოლოდ ამ სამინისტროს უწყებებში, ჯამში, 2160 სამუშაო ადგილია შექმნილი, ამჟამად კი 989 პირთანაა კონტრაქტი დადებული.

სამინისტროს ცნობით, მათგან 464 სურსათის, 75 კი გარემოს ეროვნულ სააგენტოებში მუშაობს, 233 პირი- ეროვნული სატყეო სააგენტოს, 137- დაცული ტერიტორიების სააგენტოს, 9- სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის, 71 კი  საქართველოს მელიორაციის თანამშრომელია.

2022 წლის ბოლომდე, გარემოს დაცვის სამინისტროს თანახმად, ამ სამინისტროს სისტემაში დამატებით 1171 მოქალაქე დასაქმდება.

მთავრობის განმარტებით, საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

პროგრამის ბენეფიციარს ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდება.

საქართველოს მთავრობამ 2022 წლის პირველ კვარტალში გამოაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი, უმუშევარი მოქალაქეებისთვის დასაქმების პროგრამის დაწყებას გეგმავდა.

მთავრობის გეგმით, პირველ ეტაპზე 50 000 დასაქმებული მიიღებდა ყოველთვიურად დარიცხულ შემწეობას, პლუს 300 ლარს გარკვეულ სამუშაოში.

პროგრამის ბენეფიციარები არიან 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი