ახალი ამბები

პროკურატურა დუმილით მონაწილეობს უკანონობაში — მეზვრიშვილი მოსამართლეებზე ზეწოლაზე

23 სექტემბერი, 2022 • 724
პროკურატურა დუმილით მონაწილეობს უკანონობაში — მეზვრიშვილი მოსამართლეებზე ზეწოლაზე

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი, ყოფილი პროკურორი ნათია მეზვრიშვილი აკრიტიკებს სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე პროკურატურის უმოქმედობას.

„რამდენიმე დღეა, მოსამართლეები საუბრობენ სასამართლო სისტემაში არსებული გავლენის ჯგუფის მხრიდან ზეწოლაზე; სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე ადასტურებს ზეწოლას და საუბრობს კონკრეტულ დანაშაულებზე, მათ შორის შესაძლო სახელმწიფო ღალატზე. სახეზეა არა უბრალოდ დანაშაულის ნიშნები, არამედ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც გამოძიების დაწყების საფუძველია. მოსამართლის და მთავრობის წევრების მიერ ჩადენილი დანაშაულები პროკურატურის ქვემდებარეა. პროკურატურა დუმს, რითაც არა მხოლოდ გზას უხსნის კანონით გადასაწყვეტი საკითხების „ქურდულად“ გადაწყვეტას, არამედ თავად მონაწილეობს უკანონობაში“, — წერს მეზვრიშვილი Facebook-ზე.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, სანამ პროკურატურა დუმს:

  • ხელისუფლება პროკურატურის ნაცვლად რეაგირებს — დანაშაულზე ინფორმაციას ბოდვას უწოდებს, მის ავტორებს საბჭოთა მეთოდებით შეურაცხადად აცხადებს;
  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კანონის აღსრულების ნაცვლად, მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ქურდულად იბარებს;
  • სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ფარულ ჩანაწერებს უკანონოდ ახორციელებს სუს-ის უფროსის მოადგილის დაცვასთან და ჩანაწერს სამთავრობო ტელევიზიას აწვდის.

„ნებისმიერი რიგითი პროკურორისთვის გასაგებია, რას ნიშნავს ეს უწყების რეპუტაციისთვის. ნებისმიერი მოსამართლისთვის გასაგებია, რას ნიშნავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ქმედება სასამართლოს რეპუტაციისთვის. ნებისმიერი მოხელისთვის გასაგებია, რომ პროცესები გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან, ქურდულად გაირჩევა და ამ ყველაფერში დიდია იმ უწყებების — პირველ რიგში, პროკურატურის — წვლილი, რომლებსაც კანონით ევალებათ რეაგირება და არ რეაგირებენ.
ასეთი უმოქმედობები წითელი ხაზია, დანაშაულია სახელმწიფოს და მისი უსაფრთხოების ინტერესის წინააღმდეგ, რასაც მინიმუმ საჯარო სამსახური არ ივიწყებს ხოლმე“, — აცხადებს მეზვრიშვილი.

მოსამართლეებზე ზეწოლის და მართლმსაჯულების სისტემაში არაჯეროვანი ჩარევის ფაქტებზე საჯაროდ ისაუბრეს ყოფილმა მოსამართლეებმა, ნათია ქუთათელაძემ და ანა ღელეყვამ, ბესარიონ ალავიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შესასწავლად პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

ნათია მეზვრიშვილის აზრით, „საგამოძიებო კომისიების შექმნა ვერ ჩაანაცვლებს პროკურატურის ვალდებულებას, იმოქმედოს“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი