ახალი ამბები

ბუაძე: თბილისში „სატრანსპორტო ჯოჯოხეთის“ მიზეზი კალაძის არაკომპეტენტური მართვაა

23 სექტემბერი, 2022 • 551
ბუაძე: თბილისში „სატრანსპორტო ჯოჯოხეთის“ მიზეზი კალაძის არაკომპეტენტური მართვაა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ლელო თბილისისთვის“ თავმჯდომარემ, საბა ბუაძემ დედაქალაქში შექმნილ საცობებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, პრობლემა ექმნებათ ყველა ტიპის ტრანსპორტის მოსარგებლეებს, რაც ბუაძის შეფასებით, კახა კალაძის არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური მმართველობითაა გამოწვეული:

„მინდა გამოვეხმაურო იმ სატრანსპორტო ჯოჯოხეთს, რომელიც თბილისში ხდება. სადაც ვხედავთ, რომ ყველა ტიპის ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის არის შექმნილი პრობლემა და ამის მიზეზი კალაძის არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური მართვაა. ის სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც კალაძემ და „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა, ჩავარდნის პირასაა. მთავარი დაპირება და გამოსავალი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება იმისათვის, რომ ხალხს შეეძლოს ადეკვატურად გადაადგილება“ ,- აცხადებს საბა ბუაძე.

მისი თქმით, უკვე კალაძის მმართველობის მეხუთე წელია, მაგრამ დაპირებული 18- მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა არ მომხდარა. ამასთან, უცნობია, როდემდე გადაიდება მეტროსადგურ გოცირიძის გახსნა:

“ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ კიდევ არ არის სატრანსპორტო დერეფნები, არ არის დახაზული ავტობუსის ზოლები, მთავარი ლოკომოტივი ამ სატრანსპორტო სისტემის, 18-მეტრიანი ავტობუსი, რომელიც არაერთხელ იქნა დაპირებული, ჯერ კიდევ არ არის შესყიდული. ბოლოდროინდელი საბიუჯეტო ცვლილებებიდან საერთოდ იქნა ამოღებული ის ნაწილი, რომელიც ამას უნდა მოხმარებოდა.

ასევე, კალაძე თბილისელებს დაჰპირდა განახლებულ მეტროს ვაგონებს და 40-მდე ვაგონი უნდა ყოფილიყო შესყიდული, მაგრამ აქაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დაპირება არაა განხორციელებული. ასევე, მეტრო გოცირიძის სადგური, რომელიც ივნისში უნდა გახსნილიყო, ჯერ კიდევ არაა გახსნილი. კალაძე ნულოვან პასუხისმგებლობას გრძნობს ამაზე“ ,- ამბობს საბა ბუაძე.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი