ახალი ამბებისაზოგადოება

კალაძის ბოდიში საცობების გამო, განმარტება და დაპირება თბილისის მოსახლეობას

21 სექტემბერი, 2022 • 1204
კალაძის ბოდიში საცობების გამო, განმარტება და დაპირება თბილისის მოსახლეობას

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში საცობებს იწვევს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, – ქეთევან წამებულის გამზირისა და მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, – რის გამოც ბოდიშს უხდის მოსახლეობას.

პარალელურად, იგი ამბობს, რომ გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო 20 მარშრუტზე/კვანძზე ავტობუსების სიხშირე დაგეგმილზე 30%-ით ნაკლებად სრულდება, რაც იწვევს ლოდინის დროის ზრდასა და ტრანსპორტის გადავსებას. სწორედ ამიტომაა საჭირო, მისი თქმით, საავტობუსე ზოლების მოწყობა.

კახა კალაძე აცხადებს, რომ ქალაქი ახლა სატრანსპორტო რეფორმის გარდამავალ ეტაპზეა და მოსახლეობას დისკომფორტი ექმნება, თუმცა რეფორმის დასრულების შემდეგ დედაქალაქში მოძრაობა გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე ახლა თუ წინა წლებში.

რეფორმის დასასრული ჯერ შორსაა – რამდენიმე მასშტაბური პროექტის დაწყება მომდევნო წლებშია დაგეგმილი.

„საცობის მიზეზი“

კახა კალაძემ 21 სექტემბერს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიზეზი, რის გამოც სწავლის განახლების შემდეგ „ასეთი საცობებია ქალაქში, – განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში, სადაც ამ მასშტაბის [საცობი] არასოდეს ყოფილა“,- გამოწვეულია ქეთევან წამებულის გამზრისა და მელიქიშვილის ქუჩაზე დაწყებული ინფრასტრუქტურული, სარეაბილიტაციო სამუშაოებით.

„არაერთხელ ვთქვით, რომ სადაც ვიწყებთ სამუშაოებს, გვინდა, მაქსიმალურად მოვაწესრიგოთ, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, რადგან დღეს ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს. მხოლოდ მოასფალტება და გზის საფარის შეცვლით ვერ იქნება გაკეთებული საქმე და შესაძლოა, ხვალ-ზეგ ისევ გადათხრა მოგვიწიოს დაზიანებული მილის თუ სხვა პრობლემების გამო“.

მერის თქმით, დედაქალაქს არ არქვს იმის ფუფუნება, რომ წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი ქუჩის რეაბილიტაცია ჩაატაროს, თუმცა ვერც ერთდროულად 3-4 გამზირზე დაიწყებს მუშაობას, რადგან ეს კიდევ უფრო მძიმე კოლაფსს გამოიწვევს.

ამასთან, კალაძე აცხადებს, რომ კერძო ავტომობილების რაოდენობა დედაქალაქში ყოველწიურად 8%-ით იზრდება, რაც „ძალიან დიდი ციფრია ისეთი რელიეფის ქალაქისთვის, როგორიც თბილისია“.

მისი თქმით, გამოსავალია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითრება და ინფრასტურქუტის მოწესრირება, რაც „რთული, მძიმე პროცესია, მაგრამ ერთად უნდა გადავიტანოთ“.

ავტობუსების საკითხი

თბილისის მერის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია სატრანსპორტო რეფორმასა და პოლიტიკაში თანმიმდევრულია,- მაგალითად, „დაპირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლებისა და ახალი ავტობუსებით ჩანაცვლების“ შესახებ შესრულდა:

„პირველი ეტაპი წარმატებით დავასრულეთ და ეს მეამაყება… არის შემდეგი ეტაპი იმისთვის, რომ ამ ავტობუსებით და მიკროავტობუსებით ადამიანებმა შეძლონ უპრობლემოდ გადაადგილება, ასევე, მოცდის დროის შემცირება, რომ არ უწევდეთ ადამიანებს დიდი ხნით ლოდინი“.

ამ მიზანს, კალაძის თანახმად, სისტემა „საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით“ მიაღწევს:

„ცხადია, ყველა ქუჩაზე ვერ იქნება საავტობუსე ზოლი, მაგრამ კონკრეტულ ქუჩებსა და გამზირებზე, რაზეც კვლევები გვაჩვენებს, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია, ყველგან გავაკეთებთ და მოვაწესრიგებთ“.

რატომ არ შემოდის 200-მეტრიანი ავტობუსები?

ამ ეტაპზე თბილისში მხოლოდ 8 და 12-მეტრიანი ავტობუსები გადაადგილდებიან. 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსიდან დედაქალაქში შემოყვანილი არცერთი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი 2021 წლის ბოლომდე უნდა შემოეყვანათ.

კალაძის თქმით, „თუ არსებულ ინფრასტრუქტურაში დავამატებთ ავტობუსებს, ეს დამატებით პრობლემას შეუქმნის ქალაქს –  დამატებით ჩავხერგავთ მოძრაობას“.

მერის თქმით, დედაქალაქს ახლა ჰყავს 860 ახალი ავტობუსი, აქედან 672 ერთეული დადის ხაზზე და ემსახურება მოსახლოებას, – როცა წინა წლებში ყვითელი ავტობუსების რაოდენობა 430 იყო, – ხოლო დაახლოებით 140 რეზერვშია.

„ავტობუსების რაოდენობის მხრივ დედაქალაქს არანაირი პრობლემა არ აქვს. პრობლემას იწვევს არსებული საგზაო ინფრასტურქტურა, რაც ვერ ახერხებს ავტომობილების და ავტობუსების გარკვეული რაოდენობის გატარებას. ამიტომ ვახორციელებთ პროექტებს, რომ გავაჩინოთ შესაბამისი ზოლები ავტობუსებისთვის“, – განაცხადა მერმა.

კალაძის თანახმად, ადმინისტრაციის მიზანია, ურბანული სივრცე ისე გადაანაწილოს, რომ ადამიანებს მიეცეთ „თანაბრად, ოპტიმალურად გადაადგილების შესაძლებლობა“, მაგრამ „თუ ერთიანად დავიწყებთ ყველა სამუშაოს, ეს კიდევ უფრო გაამწვავებს ვითარებას“.

„იყო შესაძლებლობა, წელს, მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის რეაბილიტაციასთან ერთად, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია დაგვეწყო, მაგრამ ერთდროულად ეს შეუძლებელი იქნებოდა. ორი მნიშვნელოვანი კვანძის რეაბილიტაცია დავიწყეთ და ხედავთ, რა ვითარეება ქალაქში“, – თქვა კალაძემ.

20 პრობლემური კვანძი

კახა კალაძის თანახმად, მერიის სამსახურების ყოველდღიური დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ არსებობს 20 პრობლემური მარშრუტი, სადაც „გზების შეზღუდული გამტარიანობის გამო დაგეგმილი ბრუნების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით ვერ სრულდება“.

„20 კონკრეტული კვანძია, სადაც ავტობუსმა დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს, მაგალითად, 40 მგზავრობა და 30%-ს [12-ს] ვერ აკეთებს, რაც დისკომფორტს იწვევს, იწვევს გადავსებულ ავტობუსებს… ზუსტად ამიტომ ვქმნით ამ ინფრასტრუქტურას, რასაც დრო სჭირდება“, – განაცხადა მან.

მერის თანახმად, „ის, რომ 30% ვერ სრულდება, ნიშნავს, რომ პიკურ პერიოდში საზოგადოებას განახევრებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ემსახურება. მაგალითად კალაძემ დაასახელა მარშალ გელოვანის კვანძი, რომელიც, მისი თქმით, „გათვლებმა აჩვენა, რომ პიკურ დროს ნაკადების 15%-ის შემცირებით ავტომობილებს დასაშვები სიჩქარით გაატარებს“.

„ამდენად, თუ პრობლემურ კვანძებს განვაზოგადებთ მთლიანი ავტომობილების რაოდენობაზე, საჭიროა, გადაადგილებისთვის 8-10%-მა მაინც გამოვიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა მან.

„სხვანაირად შეუძლებელია“

კალაძემ 21 სექტემბერს რამდენჯერმე მოუხადა ბოდიში მოსახლეობას დისკომფორტისთვის, თუმცა განაცხადა, რომ „ამ სამუშაოების გარეშე ქალაქის განვითრება შეუძლებელია“ და „ყველა ევროპულმა ქალაქმა, – პარიზმა, მილანმა, – იგივე გზა გამოიარა“.

„ამ დისკომფორტს ყველამ ერთად უნდა გავუძლოთ. როცა სამუშაოები დასრულდება, ჩვენი ქალაქი იქნება გაცილებით უკეთესი, გაცილებით ლამაზი, კომფორტული, ვიდრე დღესაა, გუშინ და გუშინწინ იყო“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თანახმად, მელიქიშვილისა და ქეთევან წამებულის რეაბილიტაციის შემდეგ, მომავალ წელს, დაიწყება კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია.

გირჩევთ ვრცლად ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი