ახალი ამბები

თუ მანქანით მგზავრობა 15-20%-ით შემცირდება, კვანძები განიტვირთება – წილოსანი

21 სექტემბერი, 2022 • 801
თუ მანქანით მგზავრობა 15-20%-ით შემცირდება, კვანძები განიტვირთება – წილოსანი

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი აცხადებს, რომ თუკი თბილისში ავტომობილების რაოდენობა 15-20%-ით შემცირდება, ის 20 პრობლემური კვანძი, სადაც ახლა ავტობუსები მნიშვნელოვნად ფერხდება, განიტვირთება.

წილოსანმა გაიმეორა მერის, კახა კალაძის ნათქვამი, რომლის თანახმადაც, ამჟამად დედაქალაქში არის 20 პრობლემური კვანძი, რომელთა გამტარუნარიანობაც დაბალია.

კალაძემ განაცხადა, რომ საგზაო-ინფრასტრუქტურული გაუმართაობის გამო, ავტობუსები, რომელთაც 40 მგზავრობა აქვთ დაგეგმილი, 30%-ს [12-ს] ვერ ახორციელებენ.

ეს შეფერხება, თავის მხრივ, გადავსებულ ავტობუსებში და მოცდის დიდ დროში ითარგმნება.

ვიქტორ წილოსანის თქმით, „დაახლოებით 15-20 პროცენტით თუ შემცირდება ავტომობილების რაოდენობა, შეიძლება გამტარუნარიანობა გაიზარდოს და ჩვეულ რეჟიმში გაატაროს ქალაქმა და ქუჩებმა ეს ნაკადები“.

მისი თქმით, სწორედ ამ მიზნით ქმნის ქალაქის ადმინისტრაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლებს.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი