ახალი ამბები

18-მეტრიანი ავტობუსები ახლა რომ შემოვიდეს, უარეს კოლაფსს გამოიწვევს – წილოსანი

21 სექტემბერი, 2022 • 1809
18-მეტრიანი ავტობუსები ახლა რომ შემოვიდეს, უარეს კოლაფსს გამოიწვევს – წილოსანი

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი აცხადებს, რომ თბილისის ავტობუსების ავტოპარკი ამჟამად არსებულ მგზავრთნაკადს თავისუფლად ემსახურება.

კითხვაზე, რატომ ფერხდება 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შემოყვანა დედაქალაქში, წილოსანმა განაცხადა:

„არსებული ავტოპარკით შეგვიძლია თავისუფლად მოვემსახუროთ იმ მგზავრთნაკადს, რაც დღეის მდგომარეობით არსებბოს. პიკურ პერიოდებში ყველაზე დატვირთული ხაზები სადაც არის, იმ ადგილებში ხდება ზუსტად შეფერხებები. ჩვენ ვემსახურებით ფაქტობრივად [მგზავრთა] ნახევარს, რადგან ავტობუსები ვერ ასრულებენ დაგეგმილი ბრუნების შესრულებას“.

ვიქტორ წილოსანის თანახმად, დღეს დედაქალაქში რომც შემოიყვანონ 18-მეტრიანი ავტობუსები, ქალაქში ვერ გაუშვებენ, რადგან „შეიქმნება კიდევ უფრო დიდი კოლაფსი,  რადგან იმ ადგილებში, სადაც გამტარუნარიანობის პრობლემაა, კიდევ უფრო მეტ და დიდ ავტოსაშუალებებს მივაწოდებთ“.

„პრობლემა არის თვითონ ავტობუსების გატარება. ჩვენ თუ შევძლებთ, ეს ავტობუსები გავატაროთ იმ დაგეგმილი სიხშირით, რაც დაგეგმილია, [პრობლემა მოიხსნება]… დღეს დაგეგმილი საშუალო სიჩქარე არის 17-18 კმ საათი და რეალურად, ხშირად 7-8 კმ/სთ-ზეც ვერ ადის, რადგან გვაქვს შეფერხებები“, – თქვა წილოსანმა.

წილოსანის თანახმად, მომდევნო, 2023 წლის ბოლომდე დასრულდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები დედაქალაქში და „შესაბამისად, ამ პერიოდში ეტაპობრივად მოხდება 18-მეტრიანი ავტობუსების მიწოდება“.

„[რეაბილიტაციისთვის საჭირო ფინანსური] რესურსის პრობლემა არ დგას… [მაგრამ] ამ 20 წერტილზე რომ მივიდეთ და დავიწყოთ ინფრასტრუქტული სამუშაოები, გაიჭედება ქალაქი, კონკრეტული უბნებიდან ფიზიკურად ვერ გამოვალთ. შეუძლებელი იქნება გადაადიგლება… პროცესის დროში დაჩქარება ამაზე მეტად ფიზიკურად ვერ მოხდება“, – განაცხადა მან.


ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი