ახალი ამბები

რუსეთში 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე — OVD-Info

22 სექტემბერი, 2022 •
რუსეთში 1300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე — OVD-Info

რუსეთში ასობით ადამიანი დააკავეს საპროტესტო აქციებზე, რომლებიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ქვეყანაში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დაიგეგმა. აქტივისტების ინფორმაციით, დემონსტრაციები იყო როგორც დიდ, ისე პატარა ქალაქებში.

დამოუკიდებელი მედიაპროექტის, OVD-Info-ს მიხედვით, 39 ქალაქში 1 300-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. აქედან 500-ზე მეტი პირი დააკავეს მოსკოვში, 480-მდე — სანქტ-პეტერბურგში. პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა ციმბირის ქალაქებშიც.

რუსეთმა, რომელიც მეშვიდე თვეა, სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ, 21 სექტემბერს გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზაცია, რომლის ფარგლებშიც, თავდაცვის მინისტრის განცხადებით,  300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

პუტინის მიერ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, რუსეთში ავიაბილეთები სწრაფად გაიყიდა, სოციალურ მედიაში გამოჩნდა საზღვრებთან გრძელი რიგების ამსახველი ფოტოები, გუგლში კი იმატა ფრაზის — “როგორ დავტოვოთ რუსეთი” — ძებნის ინტენსივობამ.

BBC ციტირებს პაველ ჩიკოვს, რუსეთში მოქმედი უფლებადამცველი ორგანიზაცია “აგორას” იურისტს, რომელიც ამბობს, რომ ორგანიზაციამ ცხელ ხაზზე მიიღო 6 000 მოთხოვნა რუსებისგან, რომელთაც ჯარისკაცების უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღება სურდათ.

პოლიცია აკავებს აქციის მონაწილეს მოსკოვში. ფოტო: Reuters / Scanpix / LETA

რუსეთის მიერ მობილიზაციის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმების დაანონსება უკრაინაში მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე: დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში.

მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ “ვიესნამ” დაგეგმა.

“ათასობით რუსი კაცი – ჩვენი მამები, ძმები და ქმრები – ომის ხორცსაკეპ მანქანაში ჩაცვივდებიან. რისთვის დაიხოცებიან ისინი? რისთვის დაღვრიან ცრემლებს დედები და ბავშვები?” — აღნიშნავდა მოძრაობა.

მოსკოვში გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებს პოლიცია დემონსტრანტებს აქციაზე, რომლის მონაწილეებიც სკანდირებენ: “არა ომს”. კადრების მიხედვით, ერთ-ერთი დემონსტრანტი ძალოვნებს უგონო მდგომარეობაში მიჰყავთ.

მოსკოვის პროკურატურამ ოთხშაბათს მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ინტერნეტის მეშვეობით უნებართვო აქციებისაკენ მოწოდებას ან მათში მონაწილეობას, შესაძლოა, 15 წლამდე პატიმრობა მოჰყვეს. ისინი შეიძლება გასამართლდნენ კანონებით რუსეთის არმიის დისკრედიტაციისა და ამავე ინსტიტუციაზე “ყალბი ამბების” გავრცელებისთვის, ასევე, არასრულწლოვანთათვის აქციებში მონაწილეობის ხელშეწყობის ბრალდებით.

აქცია მოსკოვში. ფოტო: Meduza/Getty Images

მეშვიდე თვეა, რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და ბომბავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებს. ომის დაწყების შემდეგ რუსეთში კიდევ უფრო გაძლიერდა განსხვავებული აზრის დევნა.

არაერთმა კრიტიკულმა მედიასაშუალებამ მუშაობა შეაჩერა, ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის დაკავებულთა რიცხვი კი, დამოუკიდებელი მედიაპროექტის, OVD Info-ს მიხედვით, 16 400-ს აჭარბებდა ჯერ კიდევ 21 სექტემბრის აქციებამდე.

24 თებერვლის, აგრესიის დაწყების შემდეგ, გაერომ 5 916 სამოქალაქო პირის დაღუპვა აღრიცხა, თუმცა მიიჩნევა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ათასობით ადამიანით მეტია. ომს ათობით ათასი სამხედრო პირი შეეწირა.

თავდაპირველად მოსკოვი ამბობდა, რომ მის მიერ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული ომის მიზანი “უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” იყო.მოგვიანებით, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, რუსეთმა თქვა, რომ კონცენტრირდებოდა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონისა და სამხრეთის “გათავისუფლებაზე”.

აგვისტოს ბოლოდან უკრაინის ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონში, შემდეგ კი, ხარკოვის რაიონებში.

მობილიზაციის გამოცხადებას წინ უძღოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ხარკოვის რეგიონიდან უკან დახევა და სამხედრო ტექნიკის დატოვება, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას უწოდა არა უკან დახევა, არამედ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად ჯარების დაგეგმილი გადაჯგუფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი