ახალი ამბები

რუსეთში გაზრდილი ინტენსივობით გუგლავენ ფრაზას “როგორ დავტოვოთ რუსეთი”

21 სექტემბერი, 2022 • 784
რუსეთში გაზრდილი ინტენსივობით გუგლავენ ფრაზას “როგორ დავტოვოთ რუსეთი”

Google Trends-ის მიხედვით, გასულ 24 საათში რუსეთში ინტერნეტ მომხმარებლები გაზრდილი ინტენსივობით ეძებენ ფრაზას “როგორ დავტოვოთ რუსეთი”(как уехать из России). ეს მოხდა ვლადიმერ პუტინის ტელემიმართვამდე, რომელიც შემდგომ გადაიდო და საბოლოოდ დღეს, 21 სექტემბერს შედგა.

სტატისტიკის თანახმად, უკანასკნელ პერიოდში ხსენებული ფრაზის ძებნის ინტენსივობამ პიკს 20 სექტემბრიდან მიაღწია და ამ დრომდე იზრდება. ამ დღეს, ერთი მხრივ, ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან შეერთების შესახებ “რეფერენდუმები” დაიგეგმა, მეორე მხრივ კი, ჩაინიშნა ვლადიმირ პუტინის ტელემიმართვა და გავრცელდა პირველი ცნობები შესაძლო სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ.

ამასთან, 20 სექტემბერს რუსეთის დუმამ მიიღო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც ომის დროს ნებაყოფლობით ტყვედ ჩაბარება და სამხედრო სამსახურზე უარის თქმა მკაცრად დაისჯება.

Google Trends-ის თანახმად, ხსენებული ფრაზის ძებნის სტატისტიკა კვლავ გაიზარდა 21 სექტემბერს, პუტინის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.

სამშაბათს რუსეთში მოიმატა სიტყვის “მობილიზაცია” ძებნის რიცხვმაც, თუმცა არა ისე, როგორც მაისში, როცა 9 მაისის მოახლოებასთან ერთად სამხედრო მობილიზაციაზე საუბარი გააქტიურდა.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 12 თვეში რუსეთში მომხმარებლებს ფრაზა “როგორ დავტოვოთ რუსეთი” საძიებო სისტემაში ყველაზე აქტიურად ომის დასაწყისში, თებერვალ-მარტში შეჰყავდათ.

რუსეთმა ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით ,ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

“ვესნა” პროდემოკრატიული მოძრაობაა, რომელიც 2013 დაფუძნდა სანქტ-პეტერბურგში. ომის საწინააღმდეგო კამპანია მოძრაობამ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის პირველივე დღეებში დაიწყო და ომის საწინააღმდეგო არაერთ აქციას გაუწია ორგანიზება.

მეშვიდე თვეა, რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ და ბომბავს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ობიექტებს.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთში კიდევ უფრო გაძლიერდა განსხვავებული აზრის დევნა. არაერთმა კრიტიკულმა მედიასაშუალებამ მუშაობა შეაჩერა, ომის საწინააღმდეგო პოზიციისთვის დაკავებულთა რიცხვი კი, დამოუკიდებელი მედიაპროექტის, OVD Info-ს მიხედვით, 16 400-ს აჭარბებს.

24 თებერვლის, აგრესიის დაწყების შემდეგ, გაერომ 5 916 სამოქალაქო პირის დაღუპვა აღრიცხა, თუმცა მიიჩნევა, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ათასობით ადამიანით მეტია. ომს ათობით ათასი სამხედრო პირი შეეწირა.

თავდაპირველად მოსკოვი ამბობდა, რომ მის მიერ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული ომის მიზანი “უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” იყო.

მოგვიანებით, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აეღო კიევი და შეეცვალა უკრაინის ხელისუფლება, რუსეთმა თქვა, რომ კონცენტრირდებოდა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონისა და სამხრეთის “გათავისუფლებაზე”.

აგვისტოს ბოლოდან უკრაინის ჯარებმა დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონში, შემდეგ კი, ხარკოვის რაიონებში.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის რეგიონიდან უკან დაიხიეს და დატოვეს სამხედრო ტექნიკა, მაგრამ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამას უწოდა არა უკან დახევა, არამედ დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად ჯარების დაგეგმილი გადაჯგუფება.

მასალების გადაბეჭდვის წესი