ახალი ამბები

დღეში 23 აბის ნაცვლად 5 — რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის გაიდლანი იცვლება

15 სექტემბერი, 2022 • 1138
დღეში 23 აბის ნაცვლად 5 — რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის გაიდლანი იცვლება

საქართველოს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარებული კვლევის შედეგად, რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის მსოფლიო გაიდლაინი იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა 20 თვის ნაცვლად 6-თვიანი გახდება, ყოველდღიურად მისაღები 23 აბის ნაცვლად კი პაციენტი მხოლოდ 5 აბს მიიღებს.

როგორც სამინისტრო აცხადებს, კვლევის შედეგები რევოლუციური სიახლეა რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობაში.

„კვლევა საფუძვლად დაედო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობის გაიდლაინში მოცემულ 6-თვიან სამკურნალო რეჟიმებს. ცვლილება, როგორც რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის გლობალური სტანდარტი, 2022 წლის ბოლოს გამოქვეყნდება“, — აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.

სამინისტროსვე ინფორმაციით, მულტიცენტრული კლინიკური კვლევა „Zenix“ ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე ჩატარდა, მასში მონაწილეობდა ცენტრის კვლევითი, კლინიკური და ლაბორატორიული გუნდი. ძირითადი მკვლევრის, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ექიმის ლალი მიქიაშვილის ხელმძღვანელობით და კვლევების დეპარტამენტის კოორდინაციით.

კვლევაში რამდენიმე ქვეყნის წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები მონაწილეობდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შედეგები მსოფლიოში უმაღლესი იმპაქტფაქტორის მქონე ჟურნალის, The New England Journal of Medicine (NEJM) -ის 2022 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი