ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობრებია და რაც ხდება, მიუღებელია — ღარიბაშვილი

14 სექტემბერი, 2022 •
სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობრებია და რაც ხდება, მიუღებელია — ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო შეშფოთებით აკვირდება სამეზობლოში განვითარებულ მოვლენებს.

ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი დიალოგის გზას დაუბრუნდებიან.

„ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით მოვლენებს, რომელიც ვითარდება ჩვენს სამეზობლოში. სომხეთი და აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებია და რაც ხდება ამ ქვეყნებში, ჩვენთვის მიუღებელია. დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ამ მოვლენებს. ჩვენ წარმატებული მედიაცია გვქონდა ორ სახელმწიფოს შორის, როცა პირადად ჩემი ჩართულობით, აზერბაიჯანის მიერ 15 სამხედრო ტყვეს გათავისუფლება შევძელით და სომხეთმა სანაცვლოდ გადასცა ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. ზოგადად, ყველა ის ქმედება, რომელიც უსაფრთხოების გარემოს შეცვლის, გააუარესებს, უნდა იყოს ჩვენი საერთო წუხილის საბაბი და მიზეზი“, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ „მხარეები მალე დაუბრუნდებიან დიალოგის გზას, მაგიდასთან დასხდებიან და ეს კონფლიქტი მალე ამოიწურება“.


სომხეთის თანახმად, 13 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა სომხეთის ტერიტორიის მიმართულებით ფართომასშტაბიანი საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. 13 სექტემბრის მონაცემებით, აზერბაიჯანული მხარის თანახმად, სომხეთთან სასაზღვრო შეტაკებებში დაკარგეს 50 მოსამსახურე, მათ შორის 42 ჯარისკაცი და 8 მესაზღვრე. სომხური მხარის ცნობით, 13 სექტემბრის ბრძოლას სულ მცირე 49 სომეხი ჯარისკაცი შეეწირა. ამ ეტაპზე უცნობია მონაცემები ახალი ადამიანური დანაკარგების შესახებ.

სომხეთის ქალაქების დაბომბვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ აზერბაიჯანის საპასუხო განცხადებაში წერია, რომ მისი მოქმედებები გამოწვეულია სომხეთის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაციით.

სომხეთმა დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა რუსეთსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას. ორგანიზაციის წესდების თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აღკვეთონ დავდასხმა რომელიმე სხვა წევრ სახელმწიფოზე. მოსკოვმა უპასუხა, რომ „სადავო საკითხები დიპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს“.

სადავო საკითხები დიპლომატიით უნდა გადაწყდეს – მოსკოვის პასუხი ერევანს

მასალების გადაბეჭდვის წესი