ახალი ამბები

წალენჯიხის საკრებულოს წევრი, გახარიას თანაგუნდელი აბულაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

8 სექტემბერი, 2022 • 1109
წალენჯიხის საკრებულოს წევრი, გახარიას თანაგუნდელი აბულაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

წალენჯიხის საკრებულოს დეპუტატი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი გელა აბულაძე მოსამართლემ პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “საქართველოსთვის” ავრცელებს.

პარტიის ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.

“სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ არ არსებობდა გელა აბულაძის პატიმრობაში დატოვების არცერთი საფუძველი”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

გელა აბულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის მარტში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების უკანონოდ დაუფლების ბრალდებით დააკავა. მაშინ უწყება აცხადებდა, რომ გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე მიმდინარეობდა.

სუს-ის თქმით, გამოძიებით დაადგინეს, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე საკუთრების უფლებადამდგენი ყალბი დოკუმენტის დამზადება მოსთხოვა.

პარტიაში “საქართველოსთვის” გელა აბულაძის დაკავებას უკანონოს უწოდებდნენ. მას პარტიის წევრი პარლამენტის დეპუტატები უდგებოდნენ თავდებში.

პარტიის „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავა აცხადებდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და პოლიტიკური მოცემულობისა და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას ცდილობს უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით და მუნიციპალიტეტების საბოტაჟით.

მასალების გადაბეჭდვის წესი