ახალი ამბები

დეპუტატები თავდებში ვუდგებით გელა აბულაძეს – ბუჩუკური

29 მარტი, 2022 • 1024
დეპუტატები თავდებში ვუდგებით გელა აბულაძეს – ბუჩუკური

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები, რომლებიც პარლამენტის დეპუტატებიც არიან, თანაპარტიელ გელა აბულაძეს თავდებში უდგებიან. ამის შესახებ დღეს, 29 მარტს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, აბულაძის დაკავება, რომელიც წალენჯიხის საკრებულოს წევრია, არჩევნებში დამარცხების შემდეგ „ქართული ოცნების“ ისტერიული გამოვლინებაა.

ბუჩუკურის განცხადებით, აბულაძეზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, დღეს ხელისუფლება აპირებს, პასუხისგებაში მისი ოჯახის წევრებიც მისცეს.

„ჩვენ, საქართველოს პარლამენტის წევრები, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები, პირად თავდებში ვუდგებით გელა აბულაძეს და ვთხოვთ სასამართლოს, რომ მის მიმართ პატიმრობის ნაცვლად აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენოს პირადი თავდებობა“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.


სუს-მა წალენჯიხაში პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი და წალენჯიხის საკრებულოს წევრი, გელა აბულაძე დააკავა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე საკუთრების უფლებადამდგენი ყალბი დოკუმენტის დამზადება მოსთხოვა.

პარტიაში დაკავებას უკანონოს უწოდებენ.

პარტიის „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და პოლიტიკური მოცემულობისა და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას ცდილობს უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით და მუნიციპალიტეტების საბოტაჟით.

მასალების გადაბეჭდვის წესი