ახალი ამბები

წალენჯიხაში სუს-მა საკრებულოს დეპუტატი დააკავა – გახარიას პარტია

28 მარტი, 2022 • 1636
წალენჯიხაში სუს-მა საკრებულოს დეპუტატი დააკავა – გახარიას პარტია

სუს-მა წალენჯიხაში პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი და წალენჯიხის საკრებულოს წევრი, გელა აბულაძე დააკავა.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში საკრებულოს წევრი დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და მასთან დაახლოებულ პირებზე და ნათესავებზე საკუთრების უფლებადამდგენი ყალბი დოკუმენტის დამზადება მოსთხოვა.

„თითქოსდა მათზე საკარმიდამო მეურნეობის მოწყობის მიზნით, გაცემული იყო ე.წ. „ლეციმინტიეს“ უბანში მდებარე ფერმის და მის მომიჯნავედ არსებული ტერიტორია. მისი თხოვნის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა საკრებულოს წევრის მიერ მითითებული პირების სახელზე შეადგინა მიწის იდენტობის დამდგენი ყალბი ცნობები, რის საფუძველზეც ზემოაღნიშნულმა პირებმა საჯარო რეესტრის მეშვეობით, თაღლითურად საკუთრებაში დაირეგსიტრირეს 406 250 ლარის ღირებულების 100 083 კვ.მ. 9 მიწის ნაკვეთი.
გამოძიების ფარგლებში ბრალდება ასევე წარედგინებათ ყველა ზემოაღნიშნულ პირს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე.

პარტიაში დაკავებას უკანონოს უწოდებენ.

პარტიის „საქართველოსთვის“ აღმასრულებელი მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვერ ეგუება წაგებულ არჩევნებს მუნიციპალიტეტებში და პოლიტიკური მოცემულობისა და მოქალაქეთა არჩევანის ცვლილებას ცდილობს უკანონო დაკავებებით, მოსყიდვით და მუნიციპალიტეტების საბოტაჟით.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს დილით “უკანონოდ დააკავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი – პარტიის “საქართველოსთვის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და წალენჯიხის 2021 წლის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი – გელა აბულაძე”.

„შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამ საქმეზე გამოძიება წინასაარჩევნოდ წამოიწყო გელა აბულაძესა და მის ოჯახის წევრებზე ზეწოლის განსახორციელებლად, რაც ვერ შეძლეს და რაზეც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებს არაერთხელ გვისაუბრია.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ მუნიციპალიტეტში ჩვენი სიით გასული საკრებულოს ერთ-ერთი წევრი არჩევნებიდან მალევე მოისყიდეს და გადაიბირეს“, – აცხადებს სიჭინავა ფეისბუკით გავრცელებულ განცხადებაში.

მისი განცხადებით, რეგიონში არსებული დაძაბულობის ფონზე, ქართული ოცნება „იცლის“ პოლიტიკურად მოტივირებული დევნისთვის.

„იმ ფონზე, როდესაც რეგიონში რუსეთის მიერ წარმოებული აგრესიული და დანაშაულებრივი ომის პირობებში, ოკუპირებული ქვეყანა, უსაფრთხოების კონტექსტში, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, “ოცნება” იცლის პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის განსახორციელებლად და მოქალაქეთა მიერ 2021 წელს დაფიქსირებული არჩევნების შედეგების უკანონოდ შესაცვლელად, რაც ევროინტეგრაციის გაცხადებულ კურსს ნამდვილად არ უწყობს ხელს“, – აცხადებს ბერდია სიჭინავა.

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი, კორნელი სალია აირჩიეს.

წალენჯიხის საკრებულოში არცერთ ცალკე აღებულ პარტიას არ აქვს უმრავლესობა. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება იყო საჭირო.

წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, რომელსაც ოპოზიციონერი მერი ჰყავს. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი