ახალი ამბები

UK-ის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი იქნება

5 სექტემბერი, 2022 • 848
UK-ის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი იქნება

გაერთიანებული სამეფოს კონსერვატორთა პარტიის ლიდერი და, შესაბამისად პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი ხდება.

პრემიერობისთვის ბრძოლაში ლიზ ტრასის კონკურენტი ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი იყო, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობის დაშლის კამპანიას მეთაურობდა.

რაც შეეხება ლიზ ტრასს, ის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო და ბოლო პერიოდში რუსეთთან ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგომა მოუწია, რადგან მანამდე მისი მთავრობა არაერთმა მინისტრმა და მაღალი თანამდებობის პირმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ბოლო ცნობების თანახმად, ბორის ჯონსონი შიშობდა, რომ პრემიერად გახდომის შემთხვევაში, რიში სუნაკი იქნება შედარებით „რბილი“ რუსეთის წინააღმდეგ და შესაძლოა, დაწესებული სანქციებიც შეამსუბუქოს.

სუნაკისგან განსხვავებით, მკაფიო ანტირუსულ პოზიციებს გამოხატავს ლიზ ტრასი.

იგი ომის დაწყების შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. მათ შორის მხარს უჭერს ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებასა და რუსეთზე სანქციების გამკაცრებას.

უფრო მეტიც, მისი განცხადებით, იგი განიხილავს გაერთიანებულ სამეფოში რუსეთისა და რუსი ოლიგარქების კუთვნილი აქტივების ჩამორთმევას და უკრაინისთვის გადაცემას.

მისივე განცხადებით, სანქციები მხოლოდ მაშინ უნდა დასრულდეს, როდესაც რუსული ძალები უკრაინას დატოვებენ.

ლიზ ტრასი პარლამენტის წევრი 2010 წლიდანაა და ამ დროის განმავლობაში ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა კამერონის, მეისა და ჯონსონის კაბინეტებში.

იგი მუშაობდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვთა დაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, სამართალი, ვაჭრობა, ფინანსები, ევროპული ურთიერთობები და სხვა.

Brexit-ის რეფერენდუმის დროს ტრასი  ქვეყნის ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს, მაგრამ რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პოზიციები მალევე შეიცვალა.

მისი კანდიდატურის დადებითი მხარე ისაა, რომ არ მონაწილეობდა ბრიტანეთის მთავრობასთან დაკავშირებულ სკანდალებში.

მას არც დაკავებული თანამდებობა დაუტოვებია.

ტრასი, ისევე როგორც კონსერვატორთა პარტიის ნებისმიერი წევრი, მემარჯვენე ეკონომიკური ხედვის მატარებელია.

იგი, ისევე როგორც სხვები, გადასახადების შემცირებასა და რეგულაციების გამარტივებას უჭერს მხარს, თუმცა ამ შემთხვევაში ტრასის პოზიციები შედარებით ზომიერია და მისი თანამდებობიდან გამომდინარე, უფრო დიდ აქცენტს საგარეო პოლიტიკის შეფასებაზე აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი