ბრიტანეთის კონსერვატორთა პარტიაში 20 ივლისს გამართული კენჭისყრის შემდეგ პრემიერობისთვის ბრძოლას ორი კანდიდატი აგრძელებს:
ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი, რომელიც ბორის ჯონსონის მთავრობის დაშლის კამპანიას მეთაურობდა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი, რომელიც ბოლო პერიოდში რუსეთთან ხისტი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.
ახლა ორი კანდიდატი კონსერვატორთა პარტიის ფართო კოლეგიაში შეეცდება მხარდაჭერის მოპოვებას, ამისთვის კი დრო მხოლოდ სექტემბრის დასაწყისამდე აქვთ.
ორ კანდიდატს შორის გამარჯვებული, გარდა პარტიის ლიდერობისა, შემდეგ არჩევნებამდე, რომელიც 2025 წელს გაიმართება, ქვეყნის მართვასაც ჩაიბარებს.
20 ივლისის კენჭისყრა
კონსერვატორთა კენჭისყრაში სამი კანდიდატი მონაწილეობდა, შედეგები კი ასე გადანაწილდა:
- რიში სუნაკი – 137 ხმა;
- ლიზ ტრასი – 113 ხმა;
- პენი მორდონტი – 105 ხმა;
შესაბამისად, კენჭისყრას და პრემიერობისთვის ბრძოლას გამოეთიშა სახელმწიფო მინისტრი ვაჭრობის პოლიტიკაში, პენი მორდონტი, რომელიც მანამდე გამართულ კენჭისყრაში, არც მეტი არც ნაკლები, მე-2 ადგილზე გავიდა.
სუნაკისა და ტრასის წარმატება მეტწილად განაპირობა 19 ივლისს გამართულ კენჭისყრაში კემი ბეიდინოხის დამარცხებამ და მომდევნო დღეს გამართულ კენჭისყრაში ამ უკანასკნელის მხარდამჭერების მიერ სუნაკისა და ტრასისთვის ხმის მიცემამ.
უფრო მეტი კანდიდატების შესახებ
დავიწყოთ რიში სუნაკით. იგი წარსულში ბრიტანეთის მთავარი ხაზინადარი იყო, პარლამენტის წევრი კი 2015 წლიდან გახდა.
მისი მშობლები წარმოშობით ინდოეთიდან, პენჯაბის შტატიდან არიან, თუმცა ბრიტანეთში გადასვლამდე სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში ცხოვრობდნენ. თავად სუნაკი ბრიტანეთში, საუთჰემპტონში დაიბადა.
იმ შემთხვევაში, თუ იგი კენჭისყრაში გამარჯვებას შეძლებს, გახდება ინდური წარმოშობის პირველი პრემიერ-მინისტრი.
სუნაკი აქტიურად უჭერდა მხარს Brexit-ის კამპანიას, რომლის მიზანიც ქვეყნის ევროკავშირიდან გაყვანა იყო.
ტერეზა მეის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ იგი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობდა.
მეის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სუნაკი აქტიურად უჭერდა მხარს ბორის ჯონსონსაც. მისი გაპრემიერების შემდეგ კი ქვეყნის ფინანსები მიანდეს.
რიში სუნაკი
სუნაკი პოპულარული გახდა კორონავირუსის პანდემიის შემდგომ, ლიბერალური პოლიტიკის შემუშავების გამო. იგი აქტიურად უჭერდა მხარს ეკონომიკის გახსნას და რეგულაციების მოხსნას, რის გამოც მოსახლეობის ნაწილში პოპულარული გახდა.
კორონავირუსმა სუნაკის კარიერაზე უარყოფითი გავლენაც იქონია. იგი მონაწილეობდა ე.წ. Partygate-ის სკანდალში, რა დროსაც კონსერვატორული პარტიის წევრებმა დადგენილი რეგულაციების დროს წვეულება გამართეს, რის გამოც, საბოლოოდ, პოლიციისგან საჯარიმო ქვითრებიც მიიღეს.
სუნაკი დაკავებული თანამდებობიდან 5 ივლისს გადადგა. იგი ითვლება ლიბერტარიანელ პოლიტიკოსად, რომელიც მხარს უჭერს მცირე სახელმწიფოს მოდელს, დაბალ გადასახადებსა და ეკონომიკური რეგულაციების გაუქმებას.
ლიზ ტრასი პარლამენტის წევრი 2010 წლიდანაა და ამ დროის განმავლობაში ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობები კამერონის, მეისა და ჯონსონის კაბინეტებში.
იგი მუშაობდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ბავშვთა დაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, სამართალი, ვაჭრობა, ფინანსები, ევროპული ურთიერთობები და სხვა.
Brexit-ის რეფერენდუმის დროს ტრასი ქვეყნის ევროკავშირში დარჩენას უჭერდა მხარს, მაგრამ რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პოზიციები მალევე შეიცვალა.
ლიზ ტრასი
მისი კანდიდატურის დადებითი მხარე ისაა, რომ არ მონაწილეობდა ბრიტანეთის მთავრობასთან დაკავშირებულ სკანდალებში.
მას არც დაკავებული თანამდებობა დაუტოვებია.
ტრასი, ისევე როგორც კონსერვატორთა პარტიის ნებისმიერი წევრი, მემარჯვენე ეკონომიკური ხედვის მატარებელია.
იგი, ისევე როგორც სხვები, გადასახადების შემცირებასა და რეგულაციების გამარტივებას უჭერს მხარს, თუმცა ამ შემთხვევაში ტრასის პოზიციები შედარებით ზომიერია და მისი თანამდებობიდან გამომდინარე, უფრო დიდ აქცენტს საგარეო პოლიტიკის შეფასებაზე აკეთებს.
პოზიცია უკრაინისა და რუსეთის ომზე
ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში, გარდა იმისა, რომ ხატოვნად და დასამახსოვრებლად დაიბარა, რომ დაბრუნდებოდა, შემდეგ პრემიერს ასევე დაუბარა, რომ დაეხმაროს უკრაინასა და უკრაინელებს.
უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, რუსეთისა და უკრაინის საკითხი, სხვა თემებთან ერთად, ბრიტანეთში ერთ-ერთი საკვანძო სადისკუსიო თემაა.
რიში სუნაკი, როგორც წესი, რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტზე ძალიან ცოტას ლაპარაკობს.
უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მას ეჭვის თვალით უყურებს როგორც საკუთარ პარტიის ნაწილი, ასევე ოპოზიციაც. მიზეზი კი მისი მეუღლის 474-მილიონიანი წილია კომპანიაში, სადაც წილებს ასევე რუსული მხარეც ფლობს.
ბოლო ცნობების თანახმად, ბორის ჯონსონი შიშობდა, რომ პრემიერად გახდომის შემთხვევაში, რიში სუნაკი იქნება შედარებით „რბილი“ რუსეთის წინააღმდეგ და შესაძლოა, დაწესებული სანქციებიც შეამსუბუქოს.
სუნაკისგან განსხვავებით, მკაფიო ანტირუსულ პოზიციებს გამოხატავს ლიზ ტრასი.
იგი ომის დაწყების შემდეგ აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. მათ შორის მხარს უჭერს ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებასა და რუსეთზე სანქციების გამკაცრებას.
უფრო მეტიც, მისი განცხადებით, იგი განიხილავს გაერთიანებულ სამეფოში რუსეთისა და რუსი ოლიგარქების კუთვნილი აქტივების ჩამორთმევას და უკრაინისთვის გადაცემას.
მისივე განცხადებით, სანქციები მხოლოდ მაშინ უნდა დასრულდეს, როდესაც რუსული ძალები უკრაინას დატოვებენ.
რატომ ირჩევს პარტია ახალ ლიდერს
იმიტომ, რომ ძველი ლიდერი და პრემიერი, ბორის ჯონსონი დაკავებული თანამდებობიდან პრაქტიკულად გადადგა.
უფრო სწორად, გადადგომა მოუწია, რადგან მანამდე მისი მთავრობა არაერთმა მინისტრმა და მაღალი თანამდებობის პირმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
პროტესტის მიზეზი კი ამ უკანასკნელის მიერ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულის, კრის პინჩერის დაწინაურება გახდა.
პინჩერი, არც მეტი, არც ნაკლები, პარტიის დისციპლინური ორგანოს ხელმძღვანელად დააწინაურეს, თან ისე, რომ ოპოზიციისა და ჯონსონის მოწინააღმდეგეების განცხადებით, პრემიერმა მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები შეგნებულად არ გაითვალისწინა.
ბორის ჯონსონმა პარლამენტში გამოსვლა დაასრულა ცნობილი ფილმიდან „ტერმინატორი“ სიტყვებით „Hastala vista, baby“, რაც პოპკულტურაში უკან დაბრუნების, კიდევ ერთხელ შეხვედრის აღსანიშნად გამოიყენება.
საბოლოოდ, ჯონსონმა მართლაც აღიარა, რომ კარგად იცოდა ამ ბრალდებების შესახებ და ცოტა ხანში გადადგომის პროცედურების დაწყების შესახებაც გააკეთა განცხადება.
ჯონსონის მიერ ხელისუფლებისა და პარტიული მმართველობის ჩამოშორების შემდეგ პარტიაში ახალი ლიდერის არჩევის პროცედურა დაიწყო, რომლის დასკვნით ეტაპსაც ამჟამად ვადევნებთ თვალს.
რა იქნება ახლა
საერთო ჯამში, 5 კენჭისყრაში 8 კანდიდატი მონაწილეობდა. ხუთივე კენჭისყრა რიში სუნაკმა მოიგო, თუმცა ეს მაინც არ ნიშნავს, რომ პრემიერი გახდება.
ბრიტანელი „ბუქმეიკერებისა“ და ექსპერტების ნაწილის აზრით, მისი შანსები ლიზ ტრასთან შედარებით მცირეა.
თუმცა მაინც, ახლა ბრიტანეთის კონსერვატორთა პარტიის წევრებმა, მათ შორის, საფოსტო გამოკითხვით, მხარი უნდა დაუჭირონ მათთვის სასურველ კანდიდატს.
ეს პარტია, ლეიბორისტებთან ერთად, ბრიტანეთის ერთ-ერთი უძველესი, უდიდესი და უძლიერესი პარტიაა. შესაბამისად, ორი კანდიდატისგან ერთის გამორჩევა ერთ ღამეში ვერ მოესწრება.
შეიძლება ბრიტანელებმა ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით სკანდალებიც იხილონ.
ამჟამად ბრიტანეთში აქტუალური თემები, რომლებიც მოსახლეობის განწყობებს განსაზღვრავს, არის ინფლაცია და სამუშაო ადგილები, საბინაო კრიზისი, უკრაინის ომი, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადასახადების მოცულობა, ტრანსპორტი და სხვა.
ამიტომაც კანდიდატები ახლა ერთმანეთს შეეჯიბრებიან იმის მტკიცებაში, თუ ვინ უფრო კარგად შეასრულებს იმას, რაც ხალხს სურს, საბოლოოდ კი მოსალოდნელია, რომ შედეგები 5 სექტემბრისთვის გახდება ცნობილი.