ახალი ამბები

შრომითი დავა წულუკიანს კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

31 აგვისტო, 2022 • 1339
შრომითი დავა წულუკიანს კიდევ ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მოუგო

კულტურის სამინისტროს დავა მოუგო კიდევ ერთმა თანამშრომელმა, რომელიც მანამდე უწყებიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა დღეს მიიღო.

ნეტგაზეთთან საუბარში ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამ ეტაპზე ანონიმურად სურს დარჩენა. მისივე ინფორმაციით, სასამართლომ სამინისტროს თანამშრომლის პოზიციაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა..

„5 წლის განმავლობაში ეს ადამიანი მუშაობს სამინისტროში, დაწინაურებულია, მუშაობს საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. ამ წლების განმავლობაში მიღებული აქვს უმაღლესი სამოხელეო შეფასებები და აღებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატები.

მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი ჩაუდგა სათავეში კულტურის სამინისტროს, გამოაცხადა რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის პროცესში დანიშნა კომისია და კომისიას დაავალა გამოცდების ჩატარება. ამ გამოცდებშიც უმაღლესი ქულები აქვს აღებული,“ – აცხადებს ის.

მისივე თქმით, კომისიაზე გათავისუფლებულ თანამშრომელს კონკურენტი არ ჰყოლია – „კომისიაზე გაიყვანა ისინი, ვისი გაშვებაც უნდოდა სამინისტროდან. ამ ყველაფრის მიუხედავად, გაათავისუფლეს სამსახურიდან,“.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია, პირდაპირი სიტყვებით ჩაწერა გადაწყვეტილებაში, რომ ეს არ არის კანონის რაიმე ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება – ვგულისხმობ იმ ბრძანებას, რომლითაც გაათავისუფლეს სამსახურიდან.

დაავალა სამინისტროს აღადგინოს სამსახურში და დაავალა საკმაოდ დიდი ოდენობის განაცდურის გადახდა. 13 თვე ამჟამად და ვიდრე გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ანუ ვიდრე არ აღადგენენ სამსახურში, ყოველთვიურად დაემატება,“ — ამბობს ადვოკატი.


თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ უწყებიდან ათობით თანამშრომელი გაათავისუფლეს – მათ შორის არიან სხვადასხვა სფეროს საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები. სამინისტროში გათავისუფლებებს „რეორგანიზაციას“ უკავშირებენ, თავად გათავისუფლებულები კი ამბობენ, რომ ისინი დასაჯეს განსხვავებული აზრის გამო.

ნაწილმა სასამართლო დავა დაიწყეს სასამართლოში.

ამ თემაზე წაიკითხეთ

მასალების გადაბეჭდვის წესი