„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ეხმაურება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს და წერს, რომ თავისუფლების მოედნის მეტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმს შორის მონაკვეთში აღმოჩენილ იქნა აგურის წყობები, სავარაუდოდ XIX საუკუნის ძველი „გარეთუბნის“ კოლექტორების სისტემა.
გარდა ამისა, მოძრაობა ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, აღმოჩენილია X-XI საუკუნეების უამრავი კერამიკული ჭურჭელი.
„აღნიშნულ მონაკვეთში სამუშაოები უკვე შეჩერებულია, თუმცა აქამდე უცნობია იგეგმება თუ არა გამოვლენილი ფენების შესწავლა და რა ბედი ალით სამომავლოდ. ასევე დღემდე უცნობია იმ სპეციალისტის ან სპეციალისტთა ჯგუფის ვინაობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რომელიც კანონის შესაბამისად არქეოლოგიურ ზედამხედველობას უნდა ახორციელებდეს სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტზე“, – წერია განცხადებაში.
„მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ მიმართავს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და დედაქალაქის მერიას:
„დაიწყონ კონსულტაციები, კანონით განსაზღვრულ ვადებში რუსთაველის გამზირზე გამოვლენილი არქეოლოგიური ფენებისა თუ არტეფაქტების შესასწავლად და პროექტის მიმდინარეობისას არქეოლოგიური საზედამხედველო პროცესის უკეთ კოორდინირებისთვის“.
მოძრაობა აცხადებს, რომ მიესალმებიან ყველა იმ პროექტს, რომელიც დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, თუმცა აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია სამუშაო პროცესში დაცული იყოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ (თავიIII, მუხლი10)
