საზოგადოება

წულუკიანი ამჯერად მოკრივეებს უტევს — „აირჩიეთ ახალი ხელმძღვანელი“

30 ივნისი, 2022 • 2520
წულუკიანი ამჯერად მოკრივეებს უტევს — „აირჩიეთ ახალი ხელმძღვანელი“

კულტურის სამინისტრომ კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება 200 ათასი ლარით შეუმცირა. ფედერაციისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში კი ულტიმატუმი წამოაყენა — ფედერაციის დაფინანსება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ხელმძღვანელობა შეიცვლება.

ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური ფიქრობს, რომ დაფინანსების შემცირება პირდაპირ უკავშირდება კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან მის შელაპარაკებას. როგორც წიკლაურმა ნეტგაზეთს უთხრა, სწორედ წულუკიანთან შელაპარაკების შემდეგ დაიწყო სამინისტრომ კრივის ფედერაციის ხელმღვანელობის შეცვლაზე საუბარი.

რა წერია წერილში

წერილში, რომელიც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კრივის ეროვნულ ფედერაციას გუშინ, 29 ივნისს მისწერა, ნათქვამია, რომ ფედერაციის დაფინანსება 2022 წლის 5 მაისს 1 მილიონი ლარით განისაზღვრა, თუმცა ამიერიდან 800 ათას ლარი გახდება.

წერილში კონკრეტული მიზეზი განმარტებული არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ დაფინანსება ავტომატურად დაუბრუნდება ძველ ოდენობას ახალი ხელმძღვანელობის შერჩევის შემდეგ:

„თქვენი ფედერაციის მიერ არჩევნების ჩატარებისა და ახალი ხელმძღვანელობის შერჩევის შემდეგ, ავტომატურად იქნება სამინისტროს მიერ განახლებული ა(ა)იპ საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის დაფინანსება და გაიზრდება იმ ოდენობამდე, რაც გათვალისწინებულ იქნა 2022 წლის 5 მაისს გაფორმებული შეთანხმებით“, — ნათქვამია წერილში.

წულუკიანთან შეხვედრა

კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით წიკლაური ნეტგაზეთთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დაფინანსების შემცირება სამინისტროს მიერ მისი კანდიდატურის მიმართ არსებულ განწყობებს უკავშირდება და არაფერი კავშირი არ აქვს მის საქმიანობასთან.

მისი თქმით, მიმდინარე წელს მოკრივეებმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს, ხოლო სამინისტრომ მისი შეცვლის შესახებ საუბარი მინისტრ თეა წულუკიანთან კონფლიქტის შემდეგ დაიწყო.

წიკლაური გვიყვება, რომ ერთ-ერთი ჩემპიონატიდან ჩამოსვლის შემდეგ მოკრივეები და ფედერაციის წარმომადგენლები კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს შეხვდნენ.

თავდაპირველად შეხვედრა ჩვეულ გარემოში, მშვიდად მიმდინარეობდა, თუმცა სპორტსმენების წასვლის შემდეგ წიკლაურმა წულუკიანს იმ პრობლემების შესახებ უთხრა, რაც კრივის ეროვნულ ფედერაციას ჰქონდა.

„დარჩენილი გვაქვს მოსწავლეების, ბიჭების და გოგოების მსოფლიო ჩემპიონატები, ასევე, ახლგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატი და უფროს ასაკში ევროკავშირის ქვეყნებს შორის ევროპის ჩემპიონატი. პლუს ამას იმ ხალხის ხელფასებია გასასტუმრებელი, ვინც მედლები აიღო, ბატონ სოსოს [მინისტრის მოადგილე – სოსო გიორგაძე] რომ ვეხმიანები, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ შორის კომუნიკაცია არ დგება და მინდოდა თქვეთვის პირდაპირ გადმომეცა იმ პრობლემების შესახებ, რის წინაშეც ვდგავართ-მეთქი, რასაც უსიამოვნო საუბარი მოჰყვა“, — განმარტავს წიკლაური.

წიკლაურს დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ სურს, თუმცა აცხადებს, რომ წულუკიანთან შეკამათების შემდეგ ფედერაციაში აუდიტის სამსახური მალევე შევიდა, შემდეგ კი ფედერაციას დაფინანსება შეუჩერეს.

გარდა ამისა, წიკლაური გვიყვება, რომ სწორედ აღნიშნული შეკამათების შემდეგ ნაკრების მწვრთნელები სამინისტროში დაიბარეს და უთხრეს, რომ დავით წიკლაური უნდა გადამდგარიყო:

„სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლექსო მაისურაძე და ჩვენი კურატორი შეხვდნენ ნაკრების მწვრთნელებს და უთხრეს, რომ მე უნდა გადავმდგარიყავი. ისინი [მწვრთნელები] მშვიდად და დასაბუთებით უხსნიდნენ, რა და როგორ მოხდა და ასევე ვინ ვარ მე, საიდან მოვედი.

მათ კი უთხრეს, რომ ეს ყველაფერი იციან, მაგრამ ასეთი ამბავი [წულუკიანთან შელაპარაკება] მოხდა და ამის გამო ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და წიკლაური უნდა წავიდესო.

მეორე დღეს ნაკრების მწვრთნელებმა ფედერაციის გვერდზე ჩემი მხარდამჭერი პოსტი გამოაქვეყნეს, რის შემდეგაც სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ და რატომ გამოაქვეყნეთ ეს პოსტი, რატომ უჭერთ მხარს წიკლაურსო“, — აცხადებს ფედერაციის პრეზიდენტი.

მისი თქმით, ამის მოჰყვა ოფიციალური წერილი, სადაც ფედერაციას დაფინანსების შემცირების შესახებ ატყობინებდნენ.

ფედერაციის დაფინანსების დეტალები

დავით წიკლაური ნეტგაზეთთან ინტერვიუში განმარტავს, რომ ფედერაციის დაფინანსება გასულ წელს 1 230 000 ლარს შეადგენდა. წულუკიანთან შეხვედრამდე მინისტრის მოადგილესთან, სოსო გიორგაძესთან კი მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა აღნიშნული დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით, რადგან მიმდინარე წელს მოკრივეები 5 ჩემპიონატში იღებენ მონაწილეობას, ყველა ხარჯის დაფარვას კი აღნიშნული თანხა არ ჰქოყფინდა.

დავით წიკლაური/ფოტო: კრივის ეროვნული ფედერაცია

მისი თქმით, მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძე დაფინანსების გაზრდას არ ეთანხმებოდა და პირიქით, შემცირებაზე საუბრობდა, თუმცა ბევრი მოლაპრაკების შემდეგ ფედერაცია და სამინისტრო 1 მილიონ ლარის დაფინანსებაზე შეთანხმდნენ.

წიკლაურის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში სოსო გიორგაძე „გაბრაზებული ტონით“ აცხადებდა, რომ სამინისტრო მეტი დაფინანსების გაცემას ვერ შეძლებდა.

„ერთ-ერთ შეხვედრაზე ვუთხარი ბატონ სოსოს, რომ ასე არ უნდა ესაუბრა ფედერაციებთან, მით უმეტეს, ჩვენნაირ ფედერაციებთან. ჩვენ ის ხალხი არ ვართ, ზემოდან და მაღალი ტონით რომ გველაპარაკოთ- მეთქი.

ვთხოვე, რომ თავი შეეკავებინა, რადგან სამინისტროში საკამათოდ და საჩხუბრად არ ვიყავით მისული, არამედ შედეგის დანახვა მინდოდა: სპორტსმენებს სჭირდებათ ხელფასები, გვჭირდება ბიუჯეტი, რომელზეც დამოკიდებულები ვართ, რადგან არ გვყავს გენერალური სპონსორი. ეს ყველაფერი ავუხსენი და მითხრა, ნახევარ მილიონს მოგცემთ ბიუჯეტსო.

ეს რომ მითხრა, პირდაპირ ვუთხარი, ისეთ რაღაცებს ამბობთ, თუ ამ თანხას იმიტომ ასახელებენ, რომ ჩემშია რამე პრობლემა-მეთქი, მე თავადვე დავწერ განცხადებას და წავალ, ოღონდ კრივის სამყაროს არ შეექმნას რაიმე პრობლემა და ოღონდ კრივს მიხედეთ და არ ჩამოშალოთ-მეთქი“, — აცხადებს წიკლაური.

მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით სოსო გიორგაძემ უთხრა, რომ წიკლაური არ იყო პრობლემა, უბრალოდ არ ჰქონდათ საკმარისი თანხები, თუმცა ბევრი მოლაპრაკების შემდეგ კიდევ ნახევარი მილიონის დამატებას დათანხმდა, 230 ათასი ლარის დამატებასთან დაკავშირებით კი კვლავ უნდა გამართულიყო შეხვედრა.

წიკლაურის განმარტებით, აღნიშნული შეხვედრა მარტის თვეში შედგა, მანამდე კი ფედერაციამ მოსამზადებელი პერიოდი დაფინანსების გარეშე, საკუთარი ფინანსებითა და კონტაქტების წყალობით გაიარა.

ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ამ დროისთვის 715 ათასი ლარი აქვთ დახარჯული, შესაბამისად, ახალი ბიუჯეტით წლის ბოლომდე 85 ათასი ლარი და რამდენიმე საერთაშორისო ჩემპიონატი აქვთ დარჩენილი.

რატომ ამბობს უარს წიკლაური თანამდებობის დატოვებაზე

დავით წიკლაური საქართველოს ნაკრების მწვრთნელად 2016 წელს აირჩიეს. მანამდე, 2013 წლიდან, ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა 4 წლის ვადით ხდება, შესაბამისად, წიკლაური ხელმეორედ 2020 წელს აირჩიეს. მისი თქმით, აღნიშნულ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მის გარდა არავინ დააყენა.

ფედერაციის წესდების თანახმად, ამჟამინდელ პრეზიდენტს კიდევ ორი წელი აქვს დარჩენილი.

„ისინი პრინციპულად მეუბნებიან, რომ გადავდგე და ჩემთან ერთად მთლიანი გუნდი წავიდეს. მარტო ჩემზე რომ იყოს საუბარი, დათმობაზე წავიდოდი, მაგრამ ისე, რომ ყველა წავიდეთ, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტი, გამგეობის წევრები და ყველა , მაშინ კითხვა გვიჩნდება, ეჭვი, რომ უკვე შექმნილია რაღაც გუნდი, ვინც ჩვენი შეცვლის შემთხვევაში ეგრევე უნდა მოვიდეს და ფედერაცია მართოს. ამას კრივის სამყარო არ დაუშვებს, რომ მოვაყვანინოთ და დავასმევინოთ ვინმე“, — აცხადებს წიკლაური.

მისი თქმით, სამინისტროს შესთავაზა, რომ როგორც ფედერაციის, ასევე სამინისტროს მხრიდან 2-2 ადამიანი გამოყოფილიყო და დაგეგმილიყო არჩევნები. ამის შემდეგ კი „წყნარად, ყოველგვარი ჩაერვის გარეშე, კრივის სამყაროს“ თავად აერჩია ახალი პრეზიდენტი, თუმცა სამინისტრო ამაზე არ დათანხმდა და მოითხოვა, რომ ჯერ წიკლაურს დაეტოვებინა თანამდებობა.

წიკლაურის განცხადებით, ამჟამად სამინისტროსთან კვლავ აპირებს კომუნიკაციის გაგრძელებას დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით.

„მე არ ვეჭიდები სკამს, ნუ მოგვიყვანენ და ნუ დაგვისვამენ პრეზიდენტს. მოკრივეებს მისცენ საშუალება, რომ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეთ“, — განმარტა წიკლაურმა.

ნეტგაზეთმა დაფინანსების შემცირების მიზეზების გასარკვევად კულტურის სამინისტროს პრესსამსახურთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა ჩვენს ზარებსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უკვე თვეებია, არ პასუხობენ. 

კულტურის სამინისტრო მედიის ნაწილისთვის, მათ შორის, ნეტგაზეთისთვის, პრაქტიკულად, დახურულია მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი მინისტრი გახდა.

სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი რუსუდან უშიკიშვილი ძირითადად უპასუხოდ ტოვებდა ჩვენს შეტყობინებებს და არც ტელეფონს პასუხობდა. რამდენიმე კვირის წინ კულტურის სამინისტროს პრესასთან ურთიერთობა ჩააბარეს ყოფილ ჟურნალისტ ბაჩო ცალანს, რომელიც მისი წინამორბედის მსგავსად, უმრავლეს შემთხვევაში, ტელეფონსა და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს. 

სამინისტროსგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი