ახალი ამბები

პირდაპირი მითითებები და FB პოსტების კონტროლი – ჩხეიძე გათავისუფლებაზე საუბრობს

17 მარტი, 2022 • 1377
პირდაპირი მითითებები და FB პოსტების კონტროლი – ჩხეიძე გათავისუფლებაზე საუბრობს

კინოცეტრის აწ უკვე ყოფილი დირექტორი, გაგა ჩხეიძე ვრცელ წერილში საუბრობს იმ გარემოებებზე, რომელიც წინ უსწრებდა  მის გათავისუფლებას.

ვრცელ წერილში გაგა ჩხეიძე ყვება, რომ მიუხედავად უკეთესის იმედისა თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კინოცეტრი სამინისტროს მიერ სრულად იგნორირებული იყო. გარდა ამისა, ჩხეიძე ამბობს, რომ ხშირი იყო სამინისტროს მხრიდან მითითებები, მათ შორის – „მინისტრის თანაშემწემ სატელეფონო საუბარში მოითხოვა, კინოცენტრს აუცილებლად დაეფინანსებინა კონკურსის მონაწილე ერთ-ერთი კინორეჟისორის პროექტი“.

ამასთანავე, ჩხეიძე ვარაუდობს, რომ სამინისტროს მისი „მსოფლმხედველობა და პოლიტიკური გემოვნება არ მოსწოს“, რადგან სხვა მიზეზებთან ერთად, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ფეისბუკზე მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტებსა და კომენტარებს ეცნობოდნენ.

ნეტგაზეთი მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ძვირფასო კინემატოგრაფისტებო, ამ უკიდურესად დაძაბულ დროში, როცა ღამენათევები მიჯაჭვული ვართ ტელეეკრანს უკრაინიდან ახალი ამბების მოლოდინში, ძალიან მერიდება სხვა თემაზე წერა, მაგრამ იძულებული გავხდი (სანამ ეროვნულ კინოცენტრს დავემშვიდობები თითქმის სამწლიანი მუშაობის შემდეგ), კიდევ ერთხელ გიამბოთ იმ ფრიად არაორდინალურ ურთიერთობაზე, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს შორის არსებობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. კიდევ ერთხელ-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ კინემატოგრაფისტთა წრეებში არაერთხელ მისაუბრია ამ თემაზე. აქ დასამალი არაფერია, მით უმეტეს, რომ საუბარია სახელმწიფო ორგანიზაციაზე, რომლის საქმიანობა გამჭვირვალე უნდა იყოს.
ზუსტად ერთი წლის წინ თეა წულუკიანი დაინიშნა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ცალკე გამოყოფილი სამინისტროს ხელმძღვანელად. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი თავიდანვე უარყოფითად შეხვდა მის დანიშვნას, გარკვეულ შემოქმედებით წრეებში მას შეხვდნენ, როგორც ადამიანს, რომელიც გარკვეული ენერგიის მატარებელი იყო და გადაწყვეტილებების მიღების უნარი ჰქონდა. არ დაგიმალავთ და, ეროვნულ კინოცენტრშიც შეიქმნა გარკვეული ილუზია, რომ მინისტრის ლეგენდარული ენერგია საშუალებას მისცემდა კინოცენტრს, კინოს სფეროში გაეტარებინა ჭეშმარიტი რეფორმები.
რეფორმებში იგულისხმებოდა როგორც კინოცენტრის უკეთ მოწყობა, ისე ინსტიტუციონალური რეფორმები კინოორგანიზაციებში, რომლებიც კინოცენტრს გარეთ არსებობენ, მაგრამ რომლებზეც კინოცენტრმა უნდა იზრუნოს, როგორც სახელმწიფო კინოპოლიტიკის განმახორციელებელმა დაწესებულებამ. და რაც მთავარია, ყველა მოელოდა, რომ მინისტრს გაცნობიერებული ექნებოდა ის ჭეშმარიტება, რომ კინოცენტრის არსებული ბიუჯეტით კინოწარმოების და სხვა მიმართულებების ადექვატური დაფინანსება შეუძლებელია, და 2021 წელს გაზრდიდა კინოცენტრის ბიუჯეტს. ამ მოლოდინს კვებავდა ქართული კინოს ბოლო წლების წარმატებები მსოფლიო ასპარეზზე. ამ წარმატებაში შემოქმედებითი თუ ტექნიკური ჯგუფების ნიჭთან და უნარებთან ერთად გარკვეული წვლილი მიუძღვის ეროვნულ კინოცენტრსაც, რომელიც გარდა წარმოების დაფინანსებისა, საგანმანათლებლო, სადისტრიბუციო, კინომემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის პროგრამებს ახორციელებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. მოკლედ, ყველა ელოდა კინოცენტრის ბიუჯეტის რადიკალურ ზრდას და კინოს ლობირებას ხელისუფლების ყველა რგოლში და მის გარეთ.
მოხდა სრულიად საწინააღმდეგო რამ: მინისტრმა აღმართა ყრუ კედელი სამინისტროსა და ეროვნულ კინოცენტრს შორის. დაუჯერებელი ამბავია, მაგრამ საქართველოს კულტურის მინისტრი (და არც არცერთი მისი მოადგილე) მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ სწვევიან ეროვნულ კინოცენტრს, რომელიც სამინისტროს გვერდით შენობაშია განთავსებული, არ შეხვედრია მის თანამშრომლებს და ადგილზე არ გაცნობია კინოცენტრში არსებულ სიტუაციას და პრობლემებს. ასევე, მიუხედავად ჩემი არაერთი მცდელობისა, მომეწყო მინისტრის შეხვედრა კინემატოგრაფისტებთან, სადაც მათ მინისტრისთვის საკუთარი ხედვებისა და აზრების გაცნობა შეეძლებოდათ, ასეთი შეხვედრის ჩატარებაზე სამინისტროს მხრიდან თანხმობა არასდროს ყოფილა. აღსანიშნავია ისიც, რომ მინისტრთან კომუნიკაცია ნებადართული იყო მხოლოდ მისი თანაშემწის, ნონა მეტრეველის საშუალებით.
მთელი ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ეროვნული კინოცენტრის და ჩემი, როგორც ხელმძღვანელის იგნორირება სამინისტროს და მინისტრის მხრიდან. მინისტრი არ თვლიდა საჭიროდ კონსულტაციების მიღებას კინოცენტრისგან, არ მიწვევდა კულტურის სფეროში გამართულ ღონისძიებებზე არც მე და არც კინოცენტრის სხვა თანამშრომლებს. მინისტრი მიზანმიმართულად არ დასწრებია ეროვნული კინოცენტრის მიერ მხარდაჭერილ საერთაშორისო თუ ეროვნული მასშტაბის არცერთ ღონისძიებას. მინისტრის პირდაპირი მოვალეობაა, შეხვდეს და უმასპინძლოს საქართველოში სტუმრად მყოფ კინემატოგრაფისტებს, რაც მას არასდროს გაუკეთებია. ასეთ ქცევას ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შედეგები მოაქვს: ილახება სამინისტროს იმიჯი და რეპუტაცია ჩვენი პარტნიორების თვალში.
საუბარია არა მხოლოდ არაკორექტულ, არაკოლეგიალურ და არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებაზე კინოცენტრის მისამართით, არამედ ობსტრუქციაზე, რომელსაც მინისტრი და სამინისტრო უწყობდნენ ეროვნულ კინოცენტრს. სამინისტრო უპასუხოდ ტოვებდა კინოცენტრის ოფიციალური წერილების უმრავლესობას, მიუხედავად იმისა, რომ მას რეაგირების ვალდებულება აქვს. სამინისტრო არასდროს გვაწვდიდა ოფიციალურად გამოთხოვილ ინფორმაციას.
მინისტრს არ მოუხდენია რეაგირება არც ქართველი კინემატოგრაფისტების საერთო წერილზე, რომელშიც კინემატოგრაფისტები მას თხოვდნენ, ეზრუნა ეროვნული კინოცენტრის ბიუჯეტის გაზრდაზე. მინისტრი, ასევე, არ გამოეხმაურა ათი ცნობილი რეჟისორის და პროდიუსერის თხოვნას, შეხვედროდა მათ და ერთად ემსჯელათ ეროვნული კინოცენტრის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ხელშეწყობის, მხარდაჭერის და თანამშრომლობის ნაცვლად მინისტრი ყველანაირად ცდილობდა, დაეკნინებინა ეროვნული კინოცენტრის როლი და ფუნქცია.
ამ დესტრუქციული ქმედებებით, ჩემი აზრით, ჩრდილი ადგება ქვეყნის იმიჯს და მისი მთავრობის რეპუტაციას. ეჭვქვეშ დგება მინისტრის კომპეტენცია, მართოს ისეთი რთული სფერო, როგორიცაა კულტურა, რამეთუ კულტურა პირველ რიგში გულისხმობს ურთიერთობის კულტურას, და თავად კულტურის პოლიტიკის განხორციელებასაც კულტურა სჭირდება.
თქვენ წარმოიდგინეთ და, კულტურის სამინისტრო ხშირად ხელს უშლიდა ეროვნულ კინოცენტრს თავისი საქმიანობის განხორციელებაში.
რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: თანამდებობაზე მოსვლიდან ერთ თვეში, 2021 წლის აპრილის ბოლოს მინისტრმა კინოცენტრში მოავლინა შიდა აუდიტი. ჩემი ვარაუდით, რომ არა უარყოფითი წინასწარი განწყობა ჩემი და კინოცენტრის მიმართ, ეროვნული კინოცენტრი არ იქნებოდა პირველი სსიპ-ი, სადაც მინისტრმა აუდიტი ჩაატარა. თუ ვინ და რატომ იმოქმედა მინისტრზე ასეთი განწყობის შესაქმნელად, ძნელი სათქმელია. აუდიტის საწინააღმდეგო, რა თქმა უნდა, არაფერი ჰქონია ეროვნულ კინოცენტრს, რადგან შიდა აუდიტის ძირითადი მიზანი შესამოწმებელი ორგანიზაციის საქმიანობის გაუმჯობესებაა. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში შიდა აუდიტის დეპარტამენტის ზეპირი მითითების საფუძველზე იძულებული გავხდი, შემეჩერებინა მიმდინარე კონკურსები. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსი რამდენიმე თვით გადაიდო, რამაც სამართლიანად გამოიწვია კონკურსში მონაწილე კინემატოგრაფისტთა უკმაყოფილება. მსგავსი ზეპირი მითითებებით მინისტრმა კიდევ რამდენჯერმე სცადა, უხეშად ჩარეულიყო კინოცენტრის საქმიანობაში. ასე მაგალითად, მინისტრის თანაშემწემ სატელეფონო საუბარში მოითხოვა, კინოცენტრს აუცილებლად დაეფინანსებინა კონკურსის მონაწილე ერთ-ერთი კინორეჟისორის პროექტი. როცა მას ავუხსენი, რომ კონკურსის გამარჯვებულებს კინოცენტრის მიერ მოწვეული კომისია გამოავლენს და არა კინოცენტრი, მივიღეთ შემდეგი „ბრძანება“, რომ გამარჯვების შემთხვევაში ეს პროექტი დაფინანსებულიყო 100%-ით, რაც ასევე ეწინააღმდეგება კანონს და დებულებებს. ასევე, მინისტრმა მოითხოვა ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ანუ ჩემი ნებისმიერი ტელეგამოსვლის მასთან შეთანხმება, და შემდეგ რამდენჯერმე დაბლოკა ჩემი სტუმრობა ტელეგადაცემებში.
მიმდინარე წლის იანვარში სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა ზეპირად (და არა წერილობით) მოითხოვა ისეთი პროექტის ჩასმა კინოცენტრის ბიუჯეტში (ფირსაცავის პროექტის დაფინანსება), რაც გეგმით გათვალისწინებული არ ყოფილა. ჩემი უარის შემდეგ სამინისტრომ ფაქტიურად წაგვიყენა შემდეგი ულტიმატუმი: თუ არ შევიტანდით მოთხოვნილ პროექტს ბიუჯეტში, სამინისტრო არ დაგვიმტკიცებდა ბიუჯეტს, და შედეგად დაიბლოკებოდა ყველა ფინანსური ოპერაცია, მათ შორის ხელფასების გაცემა კინოცენტრის თანამშრომლებზე, კომისიის წევრებზე და ა.შ. კინოცენტრი „გაჩერდა“ კიდეც თებერვლის დასაწყისში. ამ ზეწოლის და წნეხის შედეგად იძულებული გავხდი, თავდაპირველ ბიუჯეტში შემეტანა ცვლილება, რადგან კინოცენტრის პროექტების და მით უმეტეს, ადამიანების უხელფასოდ დატოვებას ვერ შევძლებდი. ამ პროექტის დაფინანსება აუცილებლად გამოიწვევს კინოცენტრის სხვა გეგმების შეზღუდვას, მაგალითად სამგზავრო გრანტების, საფესტივალო მხარდაჭერის, საგანმანათლებლო პროექტების და ა.შ. მიმართულებით.
კინოცენტრი ყოველთვის მოქმედებდა კანონის სრული დაცვით და ასე თუ ისე შეინარჩუნა საკუთარი ავტონომია. ავტონომიაზე ვსაუბრობ, რადგან ცნობილია, რომ ეროვნული კინოცენტრი დამოუკიდებელი სსიპ-ია, რომელიც „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ კანონის საფუძველზეა შექმნილი და ამ კანონის და საკუთარი დებულების საფუძველზე მოქმედებს. სამინისტრო არის მისი მაკონტროლებელი ორგანო.
მაინც რამ გამოიწვია კულტურის მინისტრის ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ჩემდამი და კინოცენტრისადმი? კაცმა რომ თქვას, შესაძლოა, კინოცენტრი არაფერ შუაშია და მინისტრს, უბრალოდ, ჩემი მსოფლმხედველობა და პოლიტიკური გემოვნება არ მოწონს. როგორც სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსმა მითხრა, ისინი ეცნობიან ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტებს და კომენტარებს. ჩემი ვარაუდით, როგორც კი რამდენიმე მკვეთრი განცხადება გავაკეთე უკრაინის ომის და რუსეთისადმი სანქციების დაწესების თემაზე, მინისტრი განრისხდა და გასცა ბრძანება, დაემძიმებინათ 30 აგვისტოს (!) შედგენილი დასკვნა „სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებით“. იგივე აზრი გამოთქვა იურისტმა სულხან სალაძემ საკუთარ ფბ-გვერდზე. რაც შეეხება თავად დასკვნას, მისი შინაარსი და საბოლოო გადაწყვეტილება სამინისტროს თანამშრომლების და მინისტრის სინდისზეა. აუდიტის დასკვნაში გამოთქმულ პრეტენზიებს ცალკე სტატუსს დავუთმობ და აქ თავს აღარ შეგაწყენთ. შესაძლოა, აუდიტის დასკვნაც გავასაჩივრო, თუ იქნება ამის საშუალება.
მე მინისტრს გუშინ მივმართე ოფიციალური წერილით, კიდევ ერთხელ დაფიქრდეს და გააუქმოს საკუთარი ბრძანება, წინააღმდეგ შემთხვევაში მე მას აუცილებლად გავასაჩივრებ და ნებისმიერ ინსტანციაში დავამტკიცებ საკუთარ სიმართლეს. მოგეხსენებათ, რომ მართალ ადამიანს არაფრის შიში არ აქვს.
ახლა, რაც შეეხება ეროვნული კინოცენტრის მომავალს. კინემატოგრაფისტებს გთხოვთ, კულტურის მინისტრს მოუწოდოთ, დაიცვას არსებული კანონი და კანონმქვემდებარე აქტები, არ ჩაერიოს უხეშად ეროვნული კინოცენტრის საქმიანობაში როგორც კომისიების დაკომპლექტების კუთხით, ისე პროექტების თემატურ თუ იდეურ ნაწილში მინისტრისთვის მისაღები თუ არ-მისაღები თემების განსაზღვრით. ახალი დირექტორის არჩევა კი უნდა მოხდეს დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე, არჩევნების გზით და არა მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. ამავე დროს, დროა, სამინისტრომ იზრუნოს კინოცენტრის ბიუჯეტის საგძნობლად გაზრდაზე.
ეროვნულმა კინოცენტრმა აუცილებლად უნდა განაგრძოს დამოუკიდებელი არსებობა, უნდა გაძლიერდეს და დაიხვეწოს, იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ქართველი კინემატოგრაფისტების შემოქმედებით საქმიანობას და პროფესიულ განვითარებას, დაიცვას ქართული კინომემკვიდრეობა და კიდევ უფრო მეტად ჩართოს საქართველო მსოფლიო კინოპროცესებში,“


14 მარტს, ცნობილი გახდა, რომ კულტურის სამინისტრომ გაგა ჩხეიძე კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გამაოგნებელია ჩხეიძის გათავისუფლება – კულტურის სფეროს წერილი წულუკიანს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი