თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ეროვნული მუზეუმის თანამშრომლის, დინარა ვაჩნაძის გათავისუფლება დაკავებული პოზიციიდან. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს, რომელიც დინარა ვაჩნაძის ინტერესებს იცავდა.
დინარა ვაჩნაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლნი გახდნენ.
ორგანიზაციის ცნობით, გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს დააკისრა კომპენსაციისა და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა.
„სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა დინარა ვაჩნაძის კომპეტენციას. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ პროცესზე მოპასუხე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა რეორგანიზაციისას თანამშრომელთა ობიექტურ და სამართლიან შერჩევა-შეფასებას.
მოსარჩელე 2006 წლიდან მუშაობდა ეროვნულ მუზეუმში, ხოლო 2017 წლიდან თბილისის კოლექციებისა და ეროვნული საგანძურის მართვის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა“, – ნათქვამია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, მასობრივი გათავისუფლებებიდან თითქმის ერთი წლისთავზე, სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება პირველ პრეცედენტს წარმოადგენს, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება კულტურის სფეროს სხვა გათავისუფლებულ თანამშრომელთა შრომითი დავებისთვის, რომელთაც უახლოეს თვეებში განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
ამასთან, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აგრძელებს დავას როგორც მუზეუმის, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლების საქმეებზე.
ცენტრი ასევე გააგრძელებს დავას დინარა ვაჩნაძის მიმართ მიღებული სხვა უკანონო გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ეხება გათავისუფლებამდე მის უკანონოდ დანიშვნას დაბალ პოზიციაზე .