ახალი ამბები

“ხასიათის ადამიანია” – ზარქუა პრეზიდენტზე

31 აგვისტო, 2022 • 810
“ხასიათის ადამიანია” – ზარქუა პრეზიდენტზე

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ პრეზიდენტი „ხასიათის ადამიანია“ და სწორედ ამიტომ არ ეთანხმებოდა გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას.

მისი თქმით, ახლა პრეზიდენტმა გაანალიზა და სააბოლოოდ ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნით სწორი და გონივრული გადაწყვეტილება მიიღო.

„ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა გააანალიზა, გაითავისა და გადაწყვეტილება მიიღო, რომ გაეროში ელჩად დაენიშნა დავით ბაქრაძე, რომელიც არის ძალიან კომპეტენტური. მგონია, რომ ბატონი დავითი იმსახურებს ჩვენი გუნდის, პრეზიდენტის და ქართველი ხალხის ნდობას. აქედან გამომდინარე სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას, რომ ზურაბიშვილი ბაქრაძის გაეროში დანიშვნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თუმცა განკარგულებას ხელი მოაწერა, ზარქუას თქმით, სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა არავის მოუხდენია და ის გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს.

„ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ, როცა თქვა[დავით ბაქრაძე გააკრიტიკა]. მგონია, რომ შეუფერებელი იყო ეს განცხადება, რაც მან გააკეთა დიპლომატების მიმართ და განსაკუთრებით ბატონი დავითის მიმართ. თუმცა, მან მაინც გადაწყვიტა ხელი მოეწერა მის დანიშვნას.

აქ მაინც ვერავინ იტყვის, რომ ვინმემ აიძულა ან რაღაც. ქალბატონი სალომე მაქსიმალურად დამოუკიდებელია გუნდისგან, მგონი ყველა ინსტაციისგან და თვითნებურად იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ზარქუამ.


პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას. თუმცა პრეზიდენტი ამ დრომდე უარს ამბობდა, ხელი მოეწერა დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნაზე. საქართველოს პრეზიდენტმა უარყო მთავრობის წარდგინება, რომელიც გაეროში ელჩ კახა იმნაძისთვის 2 თვით ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას და მის კანადაში გადაყვანას, გაეროში ელჩად კი დავით ბაქრაძის დანიშვნას ითვალისწინებდა. ეს პრეზიდენტთან უფლებამოსილების გამიჯვნაზე მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელის მიზეზი გახდა.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას არ ეთანხმებოდა, რადგან ეს უკანასკნელი 5 წელი იყო აშშ-ში ელჩი და „არაფერი გაუკეთებია”.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ში ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თუმცა განკარგულებას ხელი მოაწერა.

დღეს „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა დავით ბაქრაძის დანიშვნას გაეროში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი