საზოგადოება

პრეზიდენტი ბაქრაძის გაეროში დანიშვნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თუმცა განკარგულებას ხელი მოაწერა

31 აგვისტო, 2022 • 956
პრეზიდენტი ბაქრაძის გაეროში დანიშვნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თუმცა განკარგულებას ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ში ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, თუმცა განკარგულებას ხელი მოაწერა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომლის თანახმადაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნას, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას ვიდეო-კომენტარი. ის ამბობს, რომ პრეზიდენტმა 30 აგვისტოს განკარგულებით დაეთანხმა მთავრობის წარდგინებას ბაქრაძის დანიშვნაზე, მიუხედავად იმისა, რომ ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია. აქედან გამომდინარე, მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს. რაც შეეხება დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნული იქნა პრეზიდენტის 30 აგვისტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან — და ასეთი იყო მისი ინაუგურაციის შემდეგ 39 —  დაკმაყოფილდა, — აცხადებს ნათია სულავა.

საქართველოს პრეზიდენტი ამ დრომდე უარს ამბობდა, ხელი მოეწერა დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნაზე. საქართველოს პრეზიდენტმა უარყო მთავრობის წარდგინება, რომელიც გაეროში ელჩ კახა იმნაძისთვის 2 თვით ადრე უფლებამოსილების შეწყვეტას და მის კანადაში გადაყვანას, გაეროში ელჩად კი დავით ბაქრაძის დანიშვნას ითვალისწინებდა. ეს პრეზიდენტთან უფლებამოსილების გამიჯვნაზე მთავრობის საკონსტიტუციო სარჩელის მიზეზი გახდა.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ გაეროში დავით ბაქრაძის ელჩად დანიშვნას არ ეთანხმებოდა, რადგან ეს უკანასკნელი 5 წელი იყო აშშ-ში ელჩი და „არაფერი გაუკეთებია”.

დღეს „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა დავით ბაქრაძის დანიშვნას გაეროში.

5 წელი იყო ელჩი აშშ-ში და არაფერი გაუკეთებია ურთიერთობებისთვის – პრეზიდენტი დავით ბაქრაძეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი