პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს სახელმწიფო ყურძენს დაახლოებით 150 მილიონი ლარით დაასუბსიდირებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს, 15 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი განცხადებით, პროცესში 300-მდე ღვინის კომპანია ჩაერთვება:
“არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი და სახელმწიფო მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოუჩენს ჩვენს მევენახეებს. პროცესში ჩაერთვება 300-მდე ღვინის კომპანია, მათთან უკვე გვქონდა კარგი შეხვედრები, გვაქვს სრული კოორდინაცია, შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც უკვე მუშაობს და წელს ველოდებით რეკორდულ მოსავალს, დაახლოებით 300 ტონა მოსავალს ველოდებით. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი და სწორედ ამ ყველა გამოწვევის და ფაქტორების გათვალისწინებით, წელსაც გაგრძელდება სუბსიდირება. ჯამურად მთავრობას სუბსიდირება დაუჯდება დაახლოებით 150 მილიონი ლარი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას თქმით, ყველა ის საწარმო, რომელიც მევენახისგან რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის ყურძენს შეიძენს, სულ მცირე, 90 თეთრად, სუბსიდიის სახით კილოგრამზე 35 თეთრს მიიღებს.
“ეს არის აუცილებელი და უალტერნატივო გზა, რომ არ შევაფერხოთ ამ დარგის განვითარება და ხელი შევუწყოთ იმ დინამიკას, რაც წლების განმავლობაში გვაქვს. ჩვენ ზრდა გვაქვს პრიორიტეტულ ბაზრებზე, თუმცა უკრაინაში მიმდინარე სამწუხარო მოვლენები, ომის გამო, ჩვენთვის ერთ-ერთ მსხვილ ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელოვანი, დაახლოებით 50%-იანი შემცირება გვაქვს. ამან გარკვეული გავლენა იქონია მთლიან ექსპორტზე ყველა ღვინოპროდუქციის, ღვინის, სხვადასხვა უალკოჰოლო სასმელების ექსპორტზე. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წელსაც ვეხმარებით დარგს. ვეხმარებით ჩვენს მევენახეებს, საწარმოებს იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ დარგის განვითარების დინამიკა”, – განმარტა შამუგიამ.