ახალი ამბებიკომენტარი

მიროტაძე: არ მგონია, ღარიბაშვილის გადადგომა ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნა ყოფილიყო

24 დეკემბერი, 2015 • 2108
მიროტაძე: არ მგონია, ღარიბაშვილის გადადგომა ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნა ყოფილიყო

საპარლამენტო ფრაქცია “ქარული ოცნება ეროვნული ფორუმის” წევრი ანი მიროტაძე ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ შესაძლოა, პრემიერ–მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის კონსულტაციები გაიმართა, მაგრამ გადაწყვეტილება ღარიბაშვილმა დამოუკიდებლად მიიღო.

23 დეკემბერს ღარიბაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ იგი პრემეირ–მინისტრის თანამდებობას ტოვებდა. ღარიბაშვილს არ უსაუბრია გადადგომის მიზეზებზე და მხოლოდ აღნიშნა, რომ “თანამდებობები არის დროებითი”, პრემიერ–მინისტრობა მისი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა.

ანი მიროტაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილმა ამ ეტაპზე არ ჩათვალა საჭიროდ გადადგომის მიზეზებზე საუბარი და მოვლენების განვითარებას უნდა დაველოდოთ

“როდესაც პრემიერ–მინისტრი, ანუ მაღალი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას და იქ წერია, რომ ის საკუთარი ნებით ტოვებს ამ პოზიციას, მე მივიღე ზუსტად ისე, როგორც მან განაცხადა.  თქვენ თუ იმას მეკითხებით, იყო თუ არა, ვთქვათ, დაჟინებული ზეწოლა ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომ გადამდგარიყო, აქვე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მყარი, ჯანსაღი აზროვნების მქონე ადამაინს აქვს წინააღმდეგობის გაწევის უნარიც. თუ, ვთქვათ, ის ფიქრობს, რომ ზეწოლაა, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელი არის ხოლმე, როდესაც გარკვეული ზეწოლები ხდება, თუ ხდება ასეთი, რომ ადამიანმა არ მიიღოს ის გადაწყვეტილება. ასეთ ადამიანად მიმაჩნია მე ირაკლი ღარიბაშვილი. ამიტომ, მე ვფიქრობ, შესაძლოა ყოფილიყო რაღაც საუბარი, შესაძლოა ყოფილიყო რაღაც კონსულტაციები ბატონ ირაკლის და ბატონ ბიძინას შორის, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ და არ მგონია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნა იყო ეს,”– აცხადებს ანი მიროტაძე.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რამდენად ნორმალურია, რომ ადამიანი, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ უკავია, კონსულტაციებს მართავდეს ასე მნიშვნელოვან საკითხზე პრემიერთან, მიროტაძე პასუხობს, რომ კონსულტაციებს ვერავის აუკრძალავენ, დაძალება კი მიუღებელია.

“ვერავინ ვერავის აუკრძალავს, აზრი კითხოს და კონსულტაციები ჰქონდეს ადამაინთან იმის მიუხედავად, უკავია თუა არა თანამდებობა. მე არ ვისაუბრებ არავისზე. მე რომ მქონდეს თანამდებობა, შეიძლება იმ ადამაინებს შევეკითხო, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ანუ რამდენად სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. იმიტომ, რომ ჩვენ ყველა, ჩვენი ცხოვრების რაღაც ეტაპებზე ვმდგარვართ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წინაშე და ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ისეთი ადამიანების რჩევები, რომლებსაც ვენდობით და რომელთა აზრიც პრინციპულად მნიშვნელოვანია. მე ამ  ფორმატიში განვიხილავ კონსულტაციების რეჟიმს.  რა თქმა უნდა, თუ დაძალების რეჟიმზე მელაპარაკებით, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და, რა თქმა უნდა, არ მომწონს,”– ამბობს მიროტაძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ სურს, ივანიშვილი ქარილი ოცნების გუნდში რომელიმე პოზიციაზე იხილოს:

“არაფორმალური მმართველობა მე არ მოწმონს, თუ იქნება ასეთი საფრთხეები, რასაკვირველია, ამაზე სალაპარაკო არის. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ფაქტორი და არის ფაქტორი, ჩვენ ამ მოცემულობას და რეალობას ვერ გავექცევით. მე ვისურვებდი, რა თქმა უნდა, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრია, მე ვისურვებდი, რომ სამომავლოდ, თუ ის გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, და ესეც მისი გადასაწყვეტია, და ჩემს სურვილებზე და ძალიან ბევრის სურვილზე დამოკიდებული არ არის, მას ჰქონდეს გარკვეული პოზიცია ჩვენს გუნდში,”– ამბობს მიროტაძე.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის მომავალ პოზიციას, საპარლამენტი უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ღარიბაშვილი დარჩება პოლიტიკაში და “არც ისე მარტივ პოზიციაზე” იქნება. მიროტაძის თქმით, განიხილება სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა საბოლოოდ ღარიბაშვილმა უნდა გადაწყვიტოს. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ თანამდებობებზე არის საუბარი.

 

“ხვალისთვის იგეგმება კონსულტაციების რეჟიმის სწორედ ახალ კონფიგურაციასთან დაკავშირებით და უკვე ხვალიდან ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი, მაგალითად,  ვინ იკავებს ირაკლი ღარიბაშვილის ადგილს, რა ხდება, როგორი გადანაცვლებები იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, იქნება თუ არა ახალი სახე გამოჩენილი აღმასრულებელ გუნდში და ა.შ,” – ამბობს მიროტაძე.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი