ახალი ამბები

“გადადგეს ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა” — პეტიცია

8 მარტი, 2022 • 16440
“გადადგეს ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა” — პეტიცია

პრემიერ-მინისტ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნით პეტიცია დარეგისტირდა.

ეროვნული თანხმობის საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: გიგი თევზაძე, ნინო ბაზიკოშვილი, ავთანდილ დემეტრაშვილი, სოფიო დემეტრაშვილი, თენგიზ თევზაძე, გია ჯანდიერი, ზურაბ ჯიბღაშვილი და ნინო ჭაჭია.

საინიციატივო ჯგუფმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და მედიას პეტიცია გააცნო.

პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ პოსტკოვიდური კრიზისით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს აუცილებლად დაემატება უკრაინის წინაამღდეგ რუსეთის ომის შედეგები, რომელსაც უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე და ყველა მოქალაქეზე.

„ჩვენ, ეროვნული თანხმობის საინიციატივო ჯგუფი და ჯგუფის მხარდამჭერები, საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია დაუყოვნებლივ გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და საპარლამენტო პარტიებმა ჩამოაყალიბონ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ეროვნული თანხმობის მთავრობა. მთავრობის წევრები უნდა შეირჩნენ მაღალი პროფესიული და მოქალაქეობრივი რეპუტაციის ნიშნით. ეროვნული თანხმობის მთავრობამ უნდა უხელმძღვანელოს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო ურთიერთობებში წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკური პრობლემების გადაჭრას. საერთო ეროვნული თანხმობის მთავრობის მიზანი ამ გამოწვევების დაძლევასთან ერთად ქვეყანაში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება იქნება“, — ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, ხელმოწერით მოითხოვონ საქართველოს მოქმედი მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 7 მარტს განაცხადა, რომ მხარს უჭერს „ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივას“, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებიდან წამოვიდა და თქვა, რომ ამას სჭირდება ძალიან დიდი მობილიზაცია ქუჩებში და პარლამენტის შიგნითაც.

„ეს სასწრაფოდ გასაკეთებელია, თუნდაც რუსების შემოსევის შესაჩერებლად და ასევე, ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და რეპუტაციის გადასარჩენად. ასევე, ქვეყნის სრული იზოლაციის თავიდან ასაცილებლად ამ მოთხოვნაზე უნდა დავითანხმოთ “ქართული ოცნების” რაღაც ნაწილი მაინც“, — განაცხადა სააკაშვილმა.

მიგრაცია რუსეთიდან საქართველოში და უპასუხო კითხვები

მასალების გადაბეჭდვის წესი