ირანი “კატეგორიულად” უარყოფს სალმან რუშდიზე თავდამსხმელთან კავშირს, თუმცა მომხდარში თავად მწერალსა და მის მხარდამჭერებს ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
რუშდის გასულ კვირას ნიუ-იორკში, საჯარო ლექციის დაწყებამდე დაესხნენ თავს, რის შედეგადაც მწერალი მძიმედ დაშავდა. 2 დღის მანძილზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული, თუმცა ამჟამად აპარატის გარეშეც შეუძლია სუნთქვა.
წლების განმავლობაში მწერალს მოკვლით ემუქრებოდნენ 1988 წელს გამოქვეყნებული რომანის “ეშმაკეული აიები” გამო, რომელიც მუსლიმთა ნაწილმა მკრეხელობად მიიჩნია, ირანის მაშინდელმა სულიერმა ლიდერმა კი ფატვა (რელიგიური განკარგულება) გამოსცა რუშდის მოკვლის მოწოდებით.
მიუხედავად ზემოხსენებულისა, 15 აგვისტოს ირანის საგარეო უწყების სპიკერმა ნასერ ქანაანიმ “კატეგორიულად” გამორიცხა ქვეყნის კავშირი რუშდიზე თავდამსხმელთან. მისი თქმით, “არავის აქვს უფლება, ირანის ისლამური რესპუბლიკა დაადანაშაულოს”.
მეორე მხრივ, BBC-ის თანახმად, ქანაანიმ იქვე დასძინა, რომ სიტყვის თავისუფლება არ ამართლებს რუშდის მიერ რელიგიის შეურაცხყოფას თავის რომანში.
“ამ თავდასხმაში ჩვენ არავის მივიჩნევთ დადანაშაულებისა და დაგმობის ღირსადაც კი, გარდა სალმან რუშდისა და მისი მხარდამჭერებისა”.
“ისლამის წმინდა საკითხების შეურაცხყოფითა და 1,5 მილიარდზე მეტი მუსლიმისა და ღვთაებრივი რელიგიის ყველა მიმდევრის წითელი ხაზების გადალახვით, სალმან რუშდიმ ხალხის რისხვა და გაბრაზება დაიმსახურა”, — დასძინა მან.
ქანაანიმ დაამტა, რომ სალმან რუშდიზე თავდამსხმელის შესახებ ირანს არ აქვს რაიმე სხვა ცნობა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც მედიაში გავრცელდა.
სალმან რუშდის ვაჟის მიერ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, მწერლის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, თუმცა კვლავ ინარჩუნებს ჩვეულ იუმორს. მისივე სიტყვებით, აპარატიდან გამორთვის შემდეგ მწერალმა რამდენიმე სიტყვის თქმა შეძლო.
მანამდე, რუშდის აგენტმა ენდრიუ უაილიმ თქვა, რომ თავდასხმის შედეგად მწერალს ერთ მკლავში ნერვები გაუწყდა, ღვიძლი დაუზიანდა და, სავარაუდოდ, ცალ თვალს დაკარგავს.
24 წლის ჰადი მატარი, რომელიც საქმეზეა დაკავებული, მკვლელობის მცდელობასა და თავდასხმაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას ედავებიან სცენაზე ავარდნასა და რუშდისთვის მინიმუმ 10 ჭრილობის მიყენებას სახეზე, კისერსა და მუცელში.
ირანული მედია მწერალზე თავდასხმას ფართოდ გამოეხმაურა. ფაქტზე, რომ შესაძლოა, რუშდიმ თვალი დაკარგოს, ირანის სახელმწიფო მაუწყებელმა თქვა, რომ “სატანას თვალი დაუბრმავდა”.
ქანაანის მიერ 15 აგვისტოს გახმიანებულ კომენტარებამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დასძინა, რომ ირანის სახელმწიფო ინსტიტუტები “თაობების მანძილზე” აღვივებდნენ ძალადობას რუშდის წინააღმდეგ.
ბლინკენმა ირანის სახელმწიფო მედიაც გააკრიტიკა, აღნიშნა რა, რომ ეს უკანასკნელი მწერალზე თავდასხმამ გაახარა.
მისდამი აგრესიისა და მოკვლის მუქარების ფონზე, “ეშმაკეული აიების” გამოქვეყნების შემდეგ რუშდი თითქმის 10 წლის განმავლობაში იმალებოდა. გარდა იმისა, რომ ირანის სულიერმა ლიდერმა მისი მოკვლის განკარგულება გასცა, აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ ამისთვის ფულადი ჯილდოც დააწესა $3 მილიონის რაოდენობით.
როგორც BBC წერს, ფატვა დღესაც აქტიურია და მიუხედავად იმისა, რომ ირანის მთავრობა განკარგულებისგან დისტანცირდა, 2012 წელს ირანის კვაზიოფიციალურმა რელიგიურმა ფონდმა მწერლის მოკვლისთვის დაწესებული ჯილდო $500 000-ით გაზარდა.