ახალი ამბები

პოპულიზმი, რომელიც ქსენოფობიაში გადაიზარდა – პაპუაშვილი ვიზების დაწესების შესახებ კითხვაზე

8 აგვისტო, 2022 • 554
პოპულიზმი, რომელიც ქსენოფობიაში გადაიზარდა – პაპუაშვილი ვიზების დაწესების შესახებ კითხვაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად აცხადებს:

„საქართველოს ტერიტორიაზე, ამ წერტილიდან რამდენიმე კილომეტრში, 20 000-მდე რუსი სამხედრო ყოველგვარი ვიზის, ნებართვისა და საბუთების გარეშე, ტექნიკით, შეიარაღებით, დგას საქართველოს ტერიტორიაზე. რა ვიზაზე საუბრობს საერთოდ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელსაც სურს, ისტერია გამოიწვიოს?“

პარლამენტის სპიკერი ასევე აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციისგან მომავალი საფრთხე „ყოველდღიურია“ და დასძენს:

„ამაზე რაიმენაირად მიბმა იმისა, რომ აქ ტურისტი თუ სხვა მოქალაქე შემოვა, თითქოს ეს რაიმე დამატებით საფრთხეს წარმოადგენს, ეს არის ჩვეულებრივი პოპულიზმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში, გადაიზარდა ქსენოფობიაში“, – განუცხადა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი განცხადებით, საქართველოში ამჟამად იმყოფება რუსეთის დაახლოებით 100 000-მდე მოქალაქე, – მისი თქმით, „ნახევარი იმ რაოდენობისა, რაც 2019 წელს იყო“ და „პანდემიამდე რამდენიც შემოდიოდა, იმდენი შემოდის“.

„მათი ნაწილი ქართველია, რომელსაც აქვს რუსეთის მოქალაქეობა. ამ პროპაგანდიდან რაც გამომდინარეობს, ეს არის ისტერიის აწევა, ქსენოფობიის გამოწვევა. მარტში იყო იგივე ტალღა, თითქოს აქ დივერსანტები შემოდიოდნენ… ხომ არ შეიძლება, საზოგადოებას დეზინფორმაცია სიმართლედ შევთავაზოთ? ეს არის ქსენოფობიური პროპაგანდა“, – განაცხადა მან.

პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას „აქვს თავისი წესი და უვიზოდ შემოსვლა არ ნიშნავს უკონტროლო შემოსვლას“. კერძოდ, მისი განმარტებით, საზღვარზე მესაზღვრეები იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პირის შემოშვება/არშემოშვების შესახებ. „სწორედ ეს არის კონტროლი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს“, – ამბობს იგი.


„ქსენოფობიურ ტალღაზე“ თავდაპირველად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

5 ივლისს მან განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“, მის „სატელიტ პარტიებს“, „მათ კუთვნილი მედიასაშაულებებს“, „მათთან დაკავშირებულ კომერციულ სუბიექტებსა“ და რამდენიმე „ყველაზე მდიდარ NGO-ს“ მარტის დასაწყისში „გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ“.

კობახიძემ თქვა, რომ ახლა იგივე ხალხი „ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღის აგორებას ცდილობს“ და კვლავ გაიმეორა, რომ „კამპანიის“ მიზანი „საქართველოს ომში ჩართვაა“.

მისი თქმით, საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა შეიძლება, მაქსიმუმ 20-30 ათასი იყოს, საიდანაც „უამრავი ეთნიკური ქართველია“.

მის ამ განცხადებების მალევე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები. მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით საქართველოში შემოსვლაზე შეშფოთებისათვის „ქსენოფობიის“ წოდება „უსინდისო ტყუილია“.

„მტრული სახელმწიფოს, პუტინის რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით ქვეყანაში შემოსვლაზე რეაქცია მაშინ, როცა არ გყავს ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს დასაცავი, – თვითონ ასე არ თვლის, – საქართველოს პატრიოტი მოქალაქის ბუნებრივი ინსტიქტია“, – განაცხადა ბოკერიამ 5 აგვისტოსვე.

„წარმოიდგინეთ ისტორიული მაგალითი, ლონდონში მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრი გერმანელი რომ ჩასულიყო და პაბებში გერმანულად სიმღერა დაეწყოთ, რა რეაქცია ექნებოდა გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებას? ამიტომ, ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოების ქსენოფობიაში დადანაშაულება უსინდისო ტყუილია“, – განაცხადა მან.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი