„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით საქართველოში შემოსვლაზე შეშფოთებისათვის „ქსენოფობიის“ წოდება „უსინდისო ტყუილია“.
ასე გამოეხმაურა იგი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც მან ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების ნაწილი ქსენოფობიაში დაადანაშაულა.
„ქსენოფობია, ანუ განსხვავებულის შიში და სიძულვილი, არის ის, რაზეც დგას ივანიშვილის რეჟიმი, როდესაც საკუთარ მოქალაქეებს ანსხვავებს სხვადასხვა ნიშნით და უმცირესობების მიმართ სიძულვილზე აგებს თავის პოლიტიკას“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„მტრული სახელმწიფოს, პუტინის რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით ქვეყანაში შემოსვლაზე რეაქცია, მაშინ, როცა არ გყავს ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული ინტერესები აქვს დასაცავი, – თვითონ ასე არ თვლის, – საქართველოს პატრიოტი მოქალაქის ბუნებრივი ინსტიქტია“, – განაცხადა ბოკერიამ 5 აგვისტოს.
„წარმოიდგინეთ ისტორიული მაგალითი, ლონდონში მეორე მსოფლიო ომის დროს ბევრი გერმანელი რომ ჩასულიყო და პაბებში გერმანულად სიმღერა დაეწყოთ, რა რეაქცია ექნებოდა გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებას? ამიტომ, ამ შემთხვევაში, ქართული საზოგადოების ქსენოფობიაში დადანაშაულება უსინდისო ტყუილია“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.
გიგა ბოკერიას განმარტებით, საუბარია არა ეთნიკურ წარმოშობაზე, არამედ „მტრული სახელმწიფო მოქალაქეებზე და მათი დიდი რაოდენობით ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე მაშინ, როცა ხელისუფლება არ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“.
„სტანდარტულზე მეტი მოქალაქეა შემოსული. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ომის შემდგომ დაიძრა ხალხი, იმიტომ, რომ სანქციების გამო მათი კომფორტული ცხოვრება დაირღვა. მე აქ არ ვგულისხმობ პუტინთან დაპირისპირებულ ადამიანებს, რომლებიც დევნილები არიან, ისინი უნდა მივიღოთ ყველგან, რუსები იქნებიან, ბელორუსები თუ სხვა, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია მოქალაქეებზე, ვინც უბრალოდ გაერიდა ამ რეჟიმს“, – აცხადებს გიგა ბოკერია.
მისი თქმით, „ევროკავშირის ქვეყნებმა, – რომელთა ქსენოფობიაში დადანაშაულება რთული და შეუძლებელიც კია, – შეზღუდეს რუსეთის მოქალაქეების საკუთარ ქვეყნებში დიდი რაოდენობით შესვლა, -მაგალითად, ბალტიისპირელებმა, – რადგან ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და არაფერ შუაში არ არის წარმოშობის გამო ადამიანის ზიზღი“.
ირაკლი კობახიძემ 5 ივლისს განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობას“, მის „სატელიტ პარტიებს“, „მათ კუთვნილი მედიასაშაულებებს“, „მათთან დაკავშირებულ კომერციულ სუბიექტებსა“ და რამდენიმე „ყველაზე მდიდარ NGO-ს“ მარტის დასაწყისში „გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ“.
კობახიძემ თქვა, რომ ახლა იგივე ხალხი „ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღის აგორებას ცდილობს“ და კვლავ გაიმეორა, რომ „კამპანიის“ მიზანი „საქართველოს ომში ჩართვაა“.
მისი თქმით, საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა შეიძლება, მაქსიმუმ 20-30 ათასი იყოს, საიდანაც „უამრავი ეთნიკურად ქართველია“.