საზოგადოება

პუტინისტების ორგანიზებული ინტერნეტკამპანია “დედაენის ბარის” წინააღმდეგ

4 აგვისტო, 2022 •
პუტინისტების ორგანიზებული ინტერნეტკამპანია “დედაენის ბარის” წინააღმდეგ

სოციალურ ქსელებსა და გუგლში პროკრემლისტური პროფილები ორგანიზებულად უტევენ თბილისში მოქმედ “დედაენის ბარს”, რომელმაც რუსეთის მოქალაქეებისთვის “ვიზები” დააწესა თავის ტერიტორიაზე შესასვლელად. ბარის ინფორმაციით, მათ ვებგვერდზე კიბერთავდასხმაც ხორციელდება.

ბარის დამფუძნებელმა დათა ლაფაურმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ბარმა შემოიღო კითხვარი — ერთგვარი “ვიზა” — რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლითაც უნდა დაადასტურონ, რომ არასდროს მიუციათ ხმა პუტინისთვის, გმობენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, აღიარებენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ა.შ.

კითხვარით ბარი ასევე მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, გაითავისონ, რომ უცხო ქვეყანაში არიან, ბარის თანამშრომლებს ესაუბრონ ქართულად ან ინგლისურად, “არ შევიდნენ პოლიტიკურ დისკუსიაში, როცა ნასვამები არიან” და ა.შ.

ლაფაურის თქმით, კითხვარი, რამდენიმე თვეა, მოქმედებს, თუმცა, როგორც ჩანს, პუტინის ხელისუფლებისა და ომის მომხრეთა ყურადღება ბოლო დღეებში მიიპყრო. 2 აგვისტოს ბარმა ფეისბუკზე დაწერა, რომ გუგლში შეინიშნებოდა ბარის რეიტინგის დაწევის მცდელობები.

ბარის ინსტაგრამ-გვერდზე 4 აგვისტოს დაწერილი კომენტარების ნაწილი

“რუსები უკმაყოფილოები არიან, რომ დედაენის ბარში ვიზის გარეშე არ შეუძლიათ შემოსვლა და პერსონალი მათთან რუსულ ენაზე საუბარს უარობს”, — წერდა ბარის ადმინისტრაცია.

დათა ლაფაურის თქმით, აღნიშნულის შემდეგ ბარის მიმართ ნეგატიური კამპანია კიდევ უფრო გაძლიერდა: გუგლში ბარს დაბალ შეფასებებს უწერენ, რათა მისი რეიტინგი დაეცეს.

ამასთან, ბარის ინსტაგრამგვერდზე დაიწერა მრავალი ნეგატიური კომენტარი, რომელთაგან არაერთი შეიცავდა სლოგანს “დიდება რუსეთს!”, ნაციონალისტურ, პროსაოკუპაციო გზავნილებთან და რუსეთის დროშებთან ერთად.

“გუგლზე დაახლოებით 5 000 ნეგატიური კომენტარი და განხილვა დაგვიწერეს, ინსტაგრამზე — 1 000-ზე ზემოთ, ალბათ”, — აღნიშნავს ბექა ლაფაური. მისივე სიტყვებით, კიბერშეტევის შედეგად გაითიშა ბარის ვებგვერდიც, რომელიც მოგვიანებით აღდგა, თუმცა შეტევა ისევ გრძელდება.

“ნეტგაზეთმა” ნახა მინიმუმ ერთი ტელეგრამ-არხი, სადაც ბარის წინააღმდეგ კამპანიას აორგანიზებენ. არხი, სახელწოდებით “Поздняков 3.0”, 120 000-მდე გამომწერით, სავარაუდოდ, ეკუთვნის რუსული ორგანიზაციის, “კაცთა სახელმწიფოს” ლიდერს, ვლადისლავ პოზდნიაკოვს, რომელიც ცნობილია რასისტული, ქალთმოძულე, ჰომოფობიური და ძალადობრივი რიტორიკით.

გასული წლის ოქტომბერში “კაცთა სახელმწიფო” რუსეთში აიკრძალა.

როგორ აორგანიზებს ტელეგრამ-არხი “Поздняков 3.0” ნეგატიურ კამპანიას “დედაენის ბარის” წინააღმდეგ

4 აგვისტოს არხზე “დედაენის ბარის” მიერ დაწესებულ “ვიზებზე” გამოქვეყნდა ინფორმაცია, შემდეგი მინაწერით:

“აი, ამ ბარის ინსტა [ბმული]. კომენტარები ღიაა, ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ, რასაც ფიქრობთ მათ შესახებ. შემდეგ ჩაწერეთ Google-ში მათი სახელი, გახსენით მიმოხილვების ჩანართი და შეამცირეთ რეიტინგი ერთამდე”.

აღნიშნულის შემდეგ ტელეგრამარხზე გაჩნდა იდევ ერთი პოსტი, რომლითაც ნეგატიური კამპანიის შედეგებს, მათ შორის, ბარის რეიტინგის ვარდნას “ზეიმობენ”.

შეტევის შემდეგ დაიწყო “დედაენის ბარის” მხარდამჭერი კამპანიაც: მომხმარებლები ცდილობენ, გუგლში ბარის რეიტინგი გააუმჯობესონ. რაც შეეხება ბარის ინსტაგრამს, ამჟამად კომენტარების ფუნქცია გამორთულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი