ახალი ამბები

ამერიკელ კალათბურთელს მოსკოვში 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

5 აგვისტო, 2022 • 1291
ამერიკელ კალათბურთელს მოსკოვში 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთის ფედერაციაში სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა შეერთებული შტატების მოქალაქეს, კალათბურთელ ბრიტნი გრინერს.

4 აგვისტოს სასამართლომ გრინერი დამნაშავედ ცნო „ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და კონტრაბანდაში“.

გრინერი, რომელიც ქალთა შორის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად ითვლება, 2022 წლის თებერვალში დააკავეს საზღვარზე, ბარგში „კანაფის ზეთის აღმოჩენის შემდეგ“,  როდესაც რუსეთში მატჩისათვის მიემგზავრებოდა.

მისი სასამართლო 1 ივლისს დაიწყო. იგი ამბობს, რომ ბრალს აღიარებს.

პატიმრების გაცვლა?

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, გაათავისუფლონ გრენერი, რათა „მან შეძლოს თავის მეუღლესთან, ახლობლებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა“.

ბაიდენის განცხადებით, კალათბურთელის დაპატიმრება „შეუწყნარებელია“.

ამ დროისთვის, ბრიტნი გრინერი გარდა, რუსეთს დაკავებული ჰყავს  აშშ-ის კიდევ ერთი მოქალაქე- პოლ ვილანი. პოლ ვილანი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს.

აშშ-მა რუსეთს შესთავაზა, გაათავისუფლოს გრინერი და ველანი, სანაცვლოდ კი ამერიკაში დაკავებულ რუს იარაღის დილერს, ვიქტურ ბუტს გაათავისუფლებს. ბუტი ამჟამად 25-წლიან სასჯელს იხდის.

პატიმრების გაცვლის შესაძლებლობაზე ისაუბრეს გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა (ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველი ზარი იყო მათ შორის).

პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შტატების წინადადება „სერიოზული შეთავაზებაა“ და რუსეთს მოუწოდა, დათანხმდეს მას.

გრინერისთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ, 5 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, განიხილოს პატიმრების გაცვლის საკითხი „პრეზიდენტების დონეზე“.

ხანგოშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის საკითხი

რამდენიმე დღის წინ CNN-მა წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციას სურს, გასაცვლელთა სიაში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული, ეფ-ეს-ბეს აგენტი, ვადიმ კრასიკოვი/სოკოლოვი დაამატონ.

თუმცა, ტელეარხის ცნობით, რთული სათქმელია, რამდენად მოხერხდება გასაცვლელთა სიაში ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის დამატება, რადგან სასჯელს გერმანიაში იხდის და არა — აშშ-ში.

გერმანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს პოლიტიკური მოტივით მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

ვინ იყო ზელიმხან ხანგოშვილი?

ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე იყო.

არაოფიციალური ცნობებით, იგი, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, საქართველოს უშიშროების სამსახურთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.

იგი მონაწილეობდა 2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციაში – იგი მაშინ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ლოპოტის ხეობაში აღნიშნული მოვლენების დროს ახმედ ჩატაევთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

ხანგოშვილმა გერმანიაში თავშესაფარი მას შემდეგ მოითხოვა, რაც 2015 წელს თბილისში თავს დაესხნენ – მისი ავტომობილი ჩაცხრილეს და, როგორც თავად ამბობდა, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

გერმანიის სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მტკიცება, რომლის თანახმადაც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მოხდა და ამჟამად მსჯავრდადებული ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი დაკავშირებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან.

გამოძიების თანახმად, ვადიმ კრასიკოვი ბერლინში, პოლონეთის და საფრანგეთის გავლით, ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაყალბებული პასპორტით ჩავიდა.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს კრასიკოვი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 29 აგვისტოს მშობლიურ მიწაზე, პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში დაკრძალეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი