ახალი ამბები

საგარეო გმობს ხანგოშვილის მკვლელობას, არაფერს ამბობს რუსი დიპლომატების გაძევებაზე

17 დეკემბერი, 2021 •
საგარეო გმობს ხანგოშვილის მკვლელობას, არაფერს ამბობს რუსი დიპლომატების გაძევებაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამო და მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდებს, სათანადო შეფასება მისცეს მომხდარს.

„ბერლინის ფედერალური მიწის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის მე-2 სენატმა, 2019 წლის 15 აგვისტოს ბერლინში საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე რუსეთის მოქალაქე ვადიმ კ.-ს, იგივე ვადიმ ს.-ს მკვლელობისა და ნახევრად ავტომატური მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს სენატის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის მთავრობაში შემავალი სახელმწიფო ორგანოდან მიიღო ბრძანება, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლის, თორნიკე კ.-ს ბერლინში ლიკვიდაციის შესახებ რუსეთის ცენტრალური სახელმწიფოს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებისა და ჩეჩნეთის მეორე ომში მისი როლის გამო. მოგეხსენებათ, რომ ქართული მხარე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის საქმეზე თანამშრომლობდა გერმანიის შესაბამის უწყებებთან და თავიდანვე საჯაროდ გამოეხმაურა მკვლელობის ფაქტს.

მათ შორის, გერმანიის ფედერალური პროკურატურის მიერ მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქისთვის ბრალის წაყენების და მკვლელობის შემკვეთად რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო უწყებების დასახელების შემდგომ, მკაცრად დაგმო რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული ეს ძალადობრივი ქმედება და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე 16 დეკემბერს გამოქვეყნდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ პასუხობენ კითხვას, აპირებენ თუ არა რუსი დიპლომატების გაძევებას, როგორც ეს გერმანიამ გააკეთა.

საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა. მისი მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი დააკავეს.

გერმანულ, შემდეგ კი საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე უარყოფენ მოსკოვში.თუმცა მედიის შემდეგ ეს ბრალდება გერმანიის სახელმწიფო პროკურატურამაც წამოაყენა.

ვადიმ კრასიკოვს/სოკოლოვს 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება დასრულებულია, მკვლელობა პოლიტიკური მოტივით, რუსეთის სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მოხდა და ბრალდებული ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი დაკავშირებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან, რაც სასამართლომ გაიზიარა.

გამოძიების თანახმად, ვადიმ კრასიკოვი ბერლინში, პოლონეთის და საფრანგეთის გავლით, ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაყალბებული პასპორტით ჩავიდა.

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი