ახალი ამბები

ხანგოშვილის საქმე: გერმანია ორ რუს დიპლომატს აძევებს

15 დეკემბერი, 2021 •
ხანგოშვილის საქმე: გერმანია ორ რუს დიპლომატს აძევებს

საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

“ეს მკვლელობა, სახელმწიფოს დაკვეთით, გერმანიის სუვერენიტეტის და სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს”, — განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ანალენა ბერბოკის თქმით, მან გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა რუსეთის ელჩი და რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატის გაძევების შესახებ განუცხადა.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვს/სოკოლოვს დღეს, 15 დეკემბერს, გერმანიაში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

გასულ კვირას ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება დასრულებულია, მკვლელობა პოლიტიკური მოტივით, რუსეთის სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მოხდა და ბრალდებული ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი დაკავშირებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან.

გამოძიების თანახმად, ვადიმ კრასიკოვი ბერლინში, პოლონეთის და საფრანგეთის გავლით, ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაყალბებული პასპორტით ჩავიდა.

გარდა მოწმეების ჩვენებების და კამერების ჩანაწერებისა, ვადიმ კრასიკოვის მარშრუტი აღადგინეს მის ტელეფონში ნაპოვნი სიმ ბარათის მეშვეობითაც.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.

მისი მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი დააკავეს.

გერმანულ, შემდეგ კი საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე უარყოფენ მოსკოვში.

თუმცა მედიის შემდეგ ეს ბრალდება გერმანიის სახელმწიფო პროკურატურამაც წამოაყენა.

ბრალდებულის სასამართლო პროცესი 2020 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობდა.

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

მასალების გადაბეჭდვის წესი