ახალი ამბები

საელჩოები და საგარეო უწყებები სამძიმარს გამოთქვამენ გუდაურის ტრაგედიის გამო

30 ივლისი, 2022 • 894
საელჩოები და საგარეო უწყებები სამძიმარს გამოთქვამენ გუდაურის ტრაგედიის გამო

საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები ეხმაურებიან გუდაურში 29 ივლისს მომხდარ ავიაკატასტროფას და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი: „გულითადად ვუსამძიმრებთ გუდაურში ჩამოვარდნილი … ვერტმფრენის ბორტზე მყოფთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. შეერთებული შტატები დგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების გვერდით“.

გაერთიანებული სამეფოს საელჩო საქართველოში: „სამძიმარს ვუცხადებთ საგანგებო სიტუაციების მართვის და პირველადი რეაგირების პერსონალის დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მათი ტრაგიკული დაღუპვის გამო“.

შვედეთის საელჩო: „საქართველოში შვედეთის საელჩო ღრმად არის დამწუხრებული გუდაურში ვერტმფრენი ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო და სურს სამძიმარი გამოუცხადოს ტრაგიკულად დაღუპული მესაზღვრეების, საგანგებო სამსახურების პერსონალის, მაშველების და სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრებს და მეგობრებს“.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი: „ღრმად დამწუხრებული ვარ გუდაურში ვერტმფრენის ტრაგიკულად ჩამოვარდნის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სამაშველო ოპერაციისას  დაღუპული გუნდის მამაცი წევრების, მაშველებისა და სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრებს და მეგობრებს“.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი: „გუდაურის საკურორტო რაიონში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ ღრმა მწუხარება გამოიწვია. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა ოჯახებისა და საქართველოს ხალხისადმი. ამ რთულ პერიოდში, აზერბაიჯანი საქართველოს გვერდით დგას“.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „დამწუხრებული ვართ საქართველოში, გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს ვერტმფრენის ჩამოვარდნის და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის რვა წევრის გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენი მეზობელი საქართველოს მეგობარ მთავრობას და ხალხს”.


პარასკევს, 29 ივლისს გუდაურში, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა.სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი, – ჯამში რვა ადამიანი.

ვიდეოებში ჩანს, როგორ ეხება ვერტმფრენი უკანა პროპელერით კლდეს, პროპელერი სძვრება, ტრიალს იწყებს და ხევში ვარდება, რის შემდეგაც ფეთქდება.

ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.

დაიღუპა პარაპლანის უცხოელი მგზავრიც.

ქართველი ინსტრუქტორი გადარჩა, კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მთავრობის განკარგულებით, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა.

ცხედრების ამოსვენება შაბათ დილისთვის უკვე დასრულებული იყო.

საქმის გამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი