საზოგადოება

ავიაკატასტროფაში დაღუპულების ოჯახები 100-100 ათას ლარს მიიღებენ – პრემიერი

1 აგვისტო, 2022 •
ავიაკატასტროფაში დაღუპულების ოჯახები 100-100 ათას ლარს მიიღებენ – პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული მაშველების, პილოტებისა და ექიმების ოჯახებს მთავრობა 100-100 000 ლარს გამოუყოფს.

„თითოეულ ოჯახს [შინაგან საქმეთა] სამინისტრო გამოუყოფს 100 000 ლარს. ასევე, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო დაღუპული ექიმებისთვის გამოყოფს 100 000-ს ლარს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე.


პარასკევს, 29 ივლისს გუდაურში, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა.

სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.

ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი, – ჯამში რვა ადამიანი.

ვიდეოებში ჩანს, როგორ ეხება ვერტმფრენი უკანა პროპელერით კლდეს, პროპელერი სძვრება, ტრიალს იწყებს და ხევში ვარდება, რის შემდეგაც ფეთქდება.

ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.

დაიღუპა პარაპლანის უცხოელი მგზავრიც.

ქართველი ინსტრუქტორი გადარჩა, კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ვერტმფრენში, რომელიც პარასკევს, 29 ივლისს, გუდაურში პარაპლანისტების სამაშველო ოპერაციისას ჩამოვარდა, 8 ადამიანი იმყოფებოდა:

1) კახა ტორჩინავა, მაშველი
2) გი­ორ­გი მარ­გი­ა­ნი, მაშველი
3) ზაზა ლო­რია, მფრინავი
4) ანდრო ქუჯოშვილი, მფრინავი
5) ლე­ვან ჩო­ხე­ლი, მფრინავი
6) დიმიტრ ქა­ა­ძე, მფრინავი
7) ქეთი გულაღაშვილი, ექიმი
8 ) გიორგი ვენეციკი, ექიმი

მასალების გადაბეჭდვის წესი