ახალი ამბები

რუსეთი ამერიკელი პატიმრების გაცვლას ითხოვს ხანგოშვილის მკვლელში — CNN

30 ივლისი, 2022 • 1349
რუსეთი ამერიკელი პატიმრების გაცვლას ითხოვს ხანგოშვილის მკვლელში — CNN

რუსი მაღალჩინოსნები ამერიკის შეერთებული შტატებისგან ითხოვენ, გასაცვლელ პატიმრებს დაემატოს  ეფ-ეს-ბეს აგენტი ვადიმ კრასიკოვი, რომელიც გასულ წელს გერმანიაში გაასამართლეს საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. კრასიკოვი სამუდამო პატიმრობის სასჯელს გერმანიაში იხდის.  ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსეთს ამ დროისთვის აშშ-ის ორი მოქალაქე — კალათბურთელი ბრიტნი გარნერი და პოლ ვილანი — ჰყავს დაპატიმრებული. ვილანი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს, გარნერს კი ნარკოდანაშაულს ედავებიან. აშშ და რუსეთი ბოლო პერიოდში მოლაპარაკებებს აწარმოებენ პატიმრების გაცვლის შესახებ. ამერიკელი პატიმრების სამშობლოში დაბრუნებაზე შიდა წნეხია პრეზიდენტ ბაიდენზეც, რის გამოც ყველა საშუალებით ცდილობს მათ ქვეყანაში დაბრუნებას.

აქამდე ცნობილი იყო, რომ აშშ თავისი მოქალაქეების სანცვლოდ რუსეთს გადასცემდა იარაღით ვაჭრობისთვის გასამართლებულ ვიქტორ ბუტს. თუმცა, როგორც CNN იუწყება, გასაცვლელთა სიაში ხანგოშვილის მკვლელის დამატებას ითხოვს რუსეთი.

ტელეარხის ცნობით, რთული სათქმელია, რამდენად მოხერხდება გასაცვლელთა სიაში ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის დამატება, რადგან სასჯელს გერმანიაში იხდის და არა — აშშ-ში.

გერმანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს პოლიტიკური მოტივით მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მკვლელობა რუსეთის სახელმწიფო უწყებების დაკვეთით მოხდა და ამჟამად მსჯავრდადებული ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი დაკავშირებულია რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან.

გამოძიების თანახმად, ვადიმ კრასიკოვი ბერლინში, პოლონეთის და საფრანგეთის გავლით, ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაყალბებული პასპორტით ჩავიდა.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს კრასიკოვი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.

ფოტოზე: მარცხნივ — ვადიმ კრასიკოვი, მარკვნივ — ზელიმხან ხანგოშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი