კრემლმა დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომელია.
კრემლის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის თქმით, პატიმრებს შორის, რომლებიც გაცვლის შედეგად რუსეთში დაბრუნდნენ, რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) და უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცდანიშნულების ცენტრის განყოფილების Альфа-განყოფილების თანამშრომლები არიან.
„კრასიკოვი უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომელია, ის „ალფაში“ მსახურობდა პრეზიდენტის დაცვის რამდენიმე წევრთან ერთად. ბუნებრივია, როცა გუშინ ერთმანეთი დაინახეს, მიესალმნენ“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
მან ასევე განაცხადა, რომ დაბრუნებულებს შორის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს (ГРУ) თანამშრომელიცაა, რომელზეც ამერიკელები გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.
პესკოვმა თქვა, რომ დაზვერვის ოფიცრები, არტემ და ანა დულცევები სლოვენიიდან დააბრუნეს.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლის, რომელიც 26 ადამიანს შეეხო. გაცვლის შედეგად მოსკოვმა ძირითადად მიიღო დაზვერვის ოფიცრები, ჰაკერები, ჯაშუშები და პროფესიონალი მკვლელი (ვადიმ კრასიკოვი), დასავლეთის სახელმწიფოებმა კი — პოლიტპატიმრები, რუსი პოლიტიკოსების ჩათვლით. განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშ კი ბერლინი მოექცა მკვლელობისთვის მსჯავრდადებულის გათავისუფლებისთვის.
გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, „სამუდამო პატიმრობამისჯილი მკვლელის მხოლოდ რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ დეპორტაციის გადაწყვეტილება არავისთვის იყო ადვილი მისაღები“.
ვადიმ კრასიკოვი სასჯელს იხდიდა გერმანიაში, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა. გერმანულ, შემდეგ კი საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე უარყოფდნენ მოსკოვში.
მოსკოვი ცდილობდა კრასიკოვში გაეცვალა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი.
The Insider-ის ცნობით, შეთანხმება გაჭიანურდა რამდენიმე მიზეზით — თავდაპირველად კრემლმა საჭიროდ ჩათვალა მოლაპარაკება მხოლოდ შეერთებულ შტატებთან და კრასიკოვის გაცვლა ამერიკელ ჟურნალისტში, თუმცა გერმანიის გარეშე შეუძლებელი გახდა. მოლაპარაკებებს ართულებდა ისიც, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბარბოკი თვლიდა, რომ კრასიკოვის მკვლელის გათავისუფლება მიუღებელი და ცუდი სიგნალი იყო.
„თუმცა 2023 წლის ოქტომბრისთვის ზოგადად მიაღწიეს კონსენსუსს, სადაც გაცვლის მთავარი ფიგურები კრასიკოვი და ნავალნი იყვნენ. თუმცა რუსეთი ბოლო მომენტამდე არ ადასტურებდა, რომ მზად იყო ნავალნის გაცვლისთვის. შედეგად, გაირკვა, რომ პუტინს ნავალნისთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა — ის ციხეში მოკლეს, რის შემდეგაც დასავლეთს მოლაპარაკებებისადმი ყოველგვარი ინტერესი დაეკარგა“, — წერს The Insider.