საზოგადოება

WSJ: პუტინი ხანგოშვილის მკვლელის ამერიკელ პატიმრებში გაცვლას ცდილობს

11 სექტემბერი, 2023 • 897
WSJ: პუტინი ხანგოშვილის მკვლელის ამერიკელ პატიმრებში გაცვლას ცდილობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთთან და აშშ-სთან დაკავებული პირების გაცვლისას მხოლოდ ვადიმ კრასიკოვის დაბრუნებითაა დაინტერესებული, იტყობინება „უოლ სტრიტ ჯორნალი“ [WSJ].

კრასიკოვი გერმანულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2019 წელს ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ჩეჩნეთში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში და მიიჩნია, რომ მკვლელობის დამკვეთი რუსული სახელმწიფო იყო.

გამოცემის წყაროების ცნობით, 2021 წელს, კრასიკოვისთვის განაჩენის გამოტანამდე, პუტინმა თავის ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ პირს, ნიკოლაი პატრუშევს დაავალა, ემუშავა ისეთ შეთანხმებაზე დასავლეთის ქვეყნებთან, რომლითაც კრასიკოვი რუსეთში დაბრუნდებოდა.

იქიდან მოყოლებული, რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის დაკავებული პირების გაცვლის მოლაპარაკებებზე, მოსკოვის წარმომადგენლები მუდამ აყენებდნენ კრასიკოვის საკითხს. მხოლოდ მასში გაცვლითაა დაინტერესებული პუტინი, ამბობს პროცესში მონაწილე დიპლომატი. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ანონიმური წყაროების თქმით, კრასიკოვი საკვანძო ფიგურაა აშშ-ის მცდელობებში, დააბრუნოს რუსეთში დაკავებული პირები, მათ შორის, აშშ-ის მოქალაქეები — ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და აშშ-ის საზღქვაო ქვეითთა ძალების ვეტერანი პოლ უილანი.

გამოცემის წყაროები სხვადასხვა ქვეყნიდან ამბობენ, რომ შესაძლებელია მრავალმხრივი შეთანხმების მიღწევა, რომლითაც დასავლეთში დაკავებული რუსები და პირიქით, თავ-თავიანთ ქვეყნებში დაბრუნდებიან. გარდა ამისა, დასავლეთი განიხილავს გაცვლას დაპატიმრებულ დისიდენტებში, მაგალითად, ნავალნიში.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად დათანხმდება კრასიკოვის ვინმეში გაცვლას გერმანიის ხელისუფლება. ბერლინში ამაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.


რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.

მისი მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, ვადიმ სოკოლოვი/კრასიკოვი დააკავეს.

გერმანულ, შემდეგ კი საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე უარყოფენ მოსკოვში.

მასალების გადაბეჭდვის წესი