გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, „სამუდამო პატიმრობამისჯილი მკვლელის მხოლოდ რამდენიმეწლიანი პატიმრობის შემდეგ დეპორტაციის გადაწყვეტილება არავისთვის იყო ადვილი მისაღები“.
საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, სავარაუდოდ, რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენელი ვადიმ კრასიკოვი ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმრების მასშტაბური გაცვლის, რომელიც 26 ადამიანს შეეხო. გაცვლის შედეგად მოსკოვმა ძირითადად მიიღო დაზვერვის ოფიცრები, ჰაკერები, ჯაშუშები და პროფესიონალი მკვლელი (ვადიმ კრასიკოვი), დასავლეთის სახელმწიფოებმა კი — პოლიტპატიმრები, რუსი პოლიტიკოსების ჩათვლით. განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშ კი ბერლინი მოექცა, მკვლელობისთვის მსჯავრდადებულის გათავისუფლებისთვის.
შოლცის თქმით, პოლიტიკური მიზეზებით უსამართლოდ დაპატიმრებულთა თავისუფლებამ გადაწონა სასჯელის აღსრულების სახელმწიფოს ინტერესი.
შოლცმა ასევე ხაზი გაუსვა გერმანიის სოლიდარობას შეერთებული შტატების მიმართ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გერმანიას დათმობისთვის.
იანვარში ბაიდენმა პირადად მიმართა შოლცს პატიმრების გაცვლის შესახებ, რაზეც შოლცმა უპასუხა: „შენთვის ამას გავაკეთებ“, — განუცხადა ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელსაც ახასიათებს ჰუმანიზმი. ეს 16 ადამიანი იცავდა დემოკრატიას და თავისუფლებას — მათ შეუძლიათ ჩვენი დაცვის იმედი ჰქონდეთ“, — დაწერა შოლცმა X-ზე.
რუსეთიდან გათავისუფლებული 16 ადამიანი ანკარიდან ჯერ გერმანიაში გაემგზავრა.
„ზოგჯერ, ჰუმანურობის მიზეზებით, ეშმაკთან გარიგება გიწევს“, — დაწერა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა X-ზე.
ვადიმ კრასიკოვი სასჯელს იხდიდა გერმანიაში, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში. მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა. გერმანულ, შემდეგ კი საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე უარყოფენ მოსკოვში.
მოსკოვი ცდილობდა ვადიმ კრასიკოვში გაეცვალა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი.
The Insider-ის ცნობით, შეთანხმება გაჭიანურდა რამდენიმე მიზეზით — თავდაპირველად კრემლმა საჭიროდ ჩათვალა მოლაპარაკება მხოლოდ შეერთებულ შტატებთან და კრასიკოვის გაცვლა ამერიკელ ჟურნალისტში, თუმცა გერმანიის გარეშე შეუძლებელი გახდა. მოლაპარაკებებს ართულებდა ისიც, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბარბოკი თვლიდა, რომ კრასიკოვის მკვლელის გათავისუფლება მიუღებელი და ცუდი სიგნალი იყო.
„თუმცა 2023 წლის ოქტომბრისთვის ზოგადად მიაღწიეს კონსენსუსს, სადაც გაცვლის მთავარი ფიგურები კრასიკოვი და ნავალნი იყვნენ. თუმცა რუსეთი ბოლო მომენტამდე არ ადასტურებდა, რომ მზად იყო ნავალნის გაცვლისთვის. შედეგად, გაირკვა, რომ პუტინს ნავალნისთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა — ის ციხეში მოკლეს, რის შემდეგაც დასავლეთს მოლაპარაკებებისადმი ყოველგვარი ინტერესი დაეკარგა“, — წერს The Insider.
