ახალი ამბები

დეგნანმა ივანიშვილთან ხომ არ გამოთქვა უკმაყოფილება და პოლიტიკაში დაბრუნება შესთავაზა? – მაჭარაშვილი

28 ივლისი, 2022 • 573
დეგნანმა ივანიშვილთან ხომ არ გამოთქვა უკმაყოფილება და პოლიტიკაში დაბრუნება შესთავაზა? – მაჭარაშვილი

„ქართული ოცნებიდან“ ახლად გასული პარლამენტარი, გურამ მაჭარაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით სვამს კითხვებს.

„არსებობს ძალიან ლეგიტიმური კითხვა: ამ სამი საათის განმავლობაში ხომ არ ჰქონდა კითხვა ელჩს, მაგალითად, მთავრობასთან დაკავშირებით, უკმაყოფილება ხომ არ გამოთქვა ჩვენს ომთან დამოკიდებულებაზე? სანქციებთან დაკავშირებით ხომ არ იყო კითხვა და ამის შემდგომ ხომ არ იყო ერთგვარი შეთავაზება ბიძინა ივანიშვილისთვის მის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით?” – განაცხადა 28 ივლისს მაჭარაშვილმა.

მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც „პრაქტიკულად ორივე მხარემ დაადასტურა“, რომ შეხვედრა შედგა, – „თან ეს შეხვედრა ემთხვევა უკვე ომის მდგომარეობას, ბუნებრივია, ამ დროს საინტერესოა, ელჩის მხრიდან ბატონი ბიძინას მიმართ ხომ არ იყო შეთავაზება, რომ ჩართულიყო პოლიტიკაში“.

მაჭარაშვილის თქმითვე, ეს საკითხი საინტერესოა არა იმიტომ, „პიროვნულად ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება თუ არა პოლიტიკაში, პიროვნულად ქალბატონ კელი დეგნანს ეს აინტერესებს თუ არა“, არამედ „აქ იკვეთება სახელმწიფო საკითხები და სახელმწიფო ინტერესები“.

„ჩვენ გვინდა, სტრატეგიულ პარტნიორთან, შეერთებულ შტატებთან როგორც იყო, ისე გაგრძელდეს სტრატეგიული ურთიერთობა. სწორედ ამ ურთიერთობის შენარჩუნებისთვის გვინდა, არ დარჩეს რაიმე ტიპის ხინჯი და ისეთი კითხვები, რომელმაც შესაძლოა ეს ურთიერთობები დააზიანოს“, – დასძინა მან.

„კარგი იქნებოდა, თუ ელჩი ამ კითხვებზე პასუხს გასცემდა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები

„ქართული ოცნება“ თავდაპირველად სამმა დეპუტატმა, – სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ, – დატოვა 28 ივნისს, – როგორც მათ თქვეს, „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის“ გასატანად.

ამის შემდეგ გაააქტიურეს „ოცნების“ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდა, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

იგივე მიზეზით მმართველი პარტიის რიგები დატოვეს ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ, ჭიათურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა სამხარაძემ, თერჯოლის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ომარ ჯიხვაშვილმა, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილმა და გორის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმა, თელავის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ლევან კოჭლოშვილმა, ადიგენის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილმა და ასპინძაში „ქართული ოცნების“ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე გია ჭელიშვილმა.

„ოცნებიდან“ გასულ დეპუტატებს 28 ივლისს შეუერთდა მეოთხე პარლამენტარი, გურამ მაჭარაშვილი.

„ქართული ოცნებიდან“ გასულმა პარლამენტარებმა და საკრებულოს დეპუტატებმა 28 ივლისსვე განაცხადეს, რომ საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან.

ივანიშვილის წერილი

მათ განაცხადეს, რომ „დღეს, მართალია, ეს საფრთხე შენელდა, მაგრამ ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის, ყოველწუთიერად არსებობს საფრთხე, რომ საქართველო ამ ომში ჩათრეული აღმოჩნდეს“.

კითხვა, „ხომ არ შეხვდა აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ბიძინა ივანიშვილს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ“, სწორედ „ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატებმა დასვეს პირველად, რაც შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერებმაც გაიმეორეს, რასაც, საბოლოოდ, ბიძინა ივანიშვილის წერილი მოჰყვა.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ კელი დეგნანს 21 მარტს შეხვდა და 3 საათის განმავლობაში ესაუბრა. შეხვედრის სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. კელი დეგნანმა კი განაცხადა:

„ჩემი აქ ყოფნის ორ-ნახევარი წლის განმავლობაში, მასთან ყოველი შეხვედრისას ყოველთვის ვარწმუნებდი მას, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ხალხს და ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. არცერთი შეხვედრის დროს არ მიცდია ბატონი ივანიშვილის „დაშანტაჟება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი