ახალი ამბები

ოპოზიცია EU-ს რეკომენდაციებზე „ოცნებასთან“ მუშაობას საკომიტეტო მოსმენებამდე არ გეგმავს

27 ივლისი, 2022 •
ოპოზიცია EU-ს რეკომენდაციებზე „ოცნებასთან“ მუშაობას საკომიტეტო მოსმენებამდე არ გეგმავს

ოპოზიციის ნაწილი საკომიტეტო და სასესიო განხილვებამდე არ აპირებს ევროკავშირის რეკომენდაციებზე „ქართულ ოცნებასთან“ მუშაობას.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, სწორედ იმიტომ მოითხოვეს რიგგარეშე სესიის მოწვევა, რომ პარლამენტი საუკეთესო ადგილია დებატებისა და კანონპროექტების შესამუშავებლად, თუმცა „ოცნებამ“ პრეზიდენტის მიერ მოწვეულ სესიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

„ჩვენ ვთქვით, რომ ყველა კომიტეტის მუშაობაში და სასესიო დარბაზში ჩავერთვებით განხილვაში. რაც შეეხება დახურულ ჯგუფებს, რომელიც იმიტაციისთვის დაანონსა ბატონმა კობახიძემ, ჯერჯერობით ეს არის იმიტაციური პროცესი და მერეც დარწმუნებული ვარ, არანაირი კონკრეტული მიზნის განხორციელებისთვის არ არის შექმნილი“, — განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ.

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, „სახელისუფლებო პროპაგანდაა“, რომ ოპოზიციის წინასწარ სამუშაოს ეტაპს ალტერნატიული ან პარალელური პროცესი უწოდოს. მისი აზრით, არასწორია მიდგომა, რომ ოპოზიციის მიერ ინკლუზიური პროცესის წარმოებას აზრი არ აქვს, როცა გადაწყვეტილების მიღების ბერკეტი ხელისუფლების ხელშია.

„ცხადია, საბოლოო გადაწყვეტილებები სახელისუფლებო სტრუქტურებმა უნდა მიიღონ, საპარლამენტო კომიტეტებში უნდა განვიხილოთ და პლენარულ სხდომებზე, სადაც ყველანი აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ რაც შეეხება მუშა პროცესს, იქ ბუნებრივად ერთიანდებიან თანამოაზრეები.

მე ვისურვებდი, რომ პოლიტიკური კინკლაობა მინიმუმამდე დავიდეს, ყველას მიეცეს საშუალება, ევროპული სტანდარტების საქართველოს თავისი მოდელი წარმოადგინოს და რაც შეიძლება ფართო მხარდაჭერა მიიღოს, მერე კი პროცესი გადავა გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე. მაგალითად, თუ ხელისუფლება თვლის, რომ მართლმსაჯულების პრობლემა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანია, მათთან მართლმსაჯულების რეფორმაზე სასაუბროდ ძალიან ცოტა ვინმე თუ დაჯდება“, — განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, „ლელო“ პარლამენტში 3 წევრით არის წარმოდგენილი და სამი დეპუტატი ვერასდროს ვერ მიიღებს კანონს, მაგრამ ეს სამუშაო პროცესზე უარის თქმას არ ნიშნავს.

„ქართული ოცნების“ ოფისთან ვიყოთ ატუზული, თქვენი ჭირიმე, რას აპირებთ, რომ ჩვენც იმას მხარი დავუჭიროთო? პარლამენტი იმიტომ არსებობს, რომ კანონპროექტები შეიქმნას. პარლამენტის წევრთა ის ჯგუფი, რომელსაც აქვს მსგავსი ხედვა, ვმუშაობთ კანონპროექტებზე. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გამოაცხადა საკუთარი პარტიის გეგმა.

მე იმ პარტიის დანიშნულ შეხვედრებში უნდა მივიღო მონაწილეობა თუ საკუთარი პარტიის ხედვებს გავყვე? საკომიტეტო მოსმენის დონემდე, სანამ კანონპროექტი მუშავდება, ადამიანები ვმუშაობთ თანამოაზრეებთან ერთად, მერე გადავდივართ გადაწვეტილების მიღებაზე. პროცესი რომ ნაკლებად კონფრონტაციულად დაწყებულიყო და რიგგარეშე სხდომაზე ერთად ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გვეყარა კენჭი, შეიძლება გაჩენილიყო საფუძველი ახლავე ერთად მუშაობის, მაგრამ რა პასუხი მივიღეთ ხელისუფლებისგან, იცით.

არ ღირს დრამატიზება, ვინ რომელ ოთახში მუშაობს. მთავარია, დაიდოს პროდუქტი, რომელსაც ევროკავშირის კომპეტენტური ორგანოების პოზიტიური დამოკიდებულება ექნება“, — დასძინა უსუფაშვილმა.

ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე ორი პარალელური პროცესის არსებობას ძალიან სამწუხაროს უწოდებს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე და ამაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

„არის საუბარი, რომ რა აზრი აქვს ამდენ პროცესს. მე მგონია, შრომას ყოველთვის აქვს აზრი, მიუხედავად იმისა, რომ არასასიამოვნოა ორი პარალალური პროცესი. ოპოზიციის ნაწილში მივიღებ მონაწილეობას იმ საკითხებში, სადაც შემიძლია წვლილი შევიტანო. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებს, ვერ ვხედავ შინაარსს, ვერ ვხედავ გადაწყვეტილების მიღების კონკრეტულ მექანიზმებს.

როგორც კი დავინახავ და გამოჩნდება, რომ „ოცნება“ ითვალისწინებს განსხვავებულ აზრს ამ დისკუსიებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაშინ შეიძლება შევცვალო გადაწყვეტილება. იმედია, პოლიტიკური პროცესი აიძულებს „ქართულ ოცნებას“, რომ ეს პროცესები გაერთაინდეს და როდესაც უკვე კანონპროექტების ვერსიები იქნება, ყველა საკითხი განიხილება საკომიტეტო და სასესიო მოსმენებზე, საზოგადოებისთვის გამოჩნდება, ვინ რისთვის არის მზად და აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“ 12 პუნქტის შესრულებას“, — განაცხადა სამნიძემ.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღები 12 პირობის შესრულებას მხოლოდ ერთობლივად მიიჩნევს შესაძლებლად „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დადიოდნენ იმ შეხვედრებზეც, რომელშიც ხელისუფლება მონაწილეობს.

„12 პუნქტი ვერ შესრულდება ცალ-ცალკე. მე დავდივარ ყველგან და ვაკვირდები, რა სიტუაციაა და სად შეიძლება არსებობდეს გადაკვეთის წერტილები. ჩემი აზრით, ჯერჯერობით ამრევები არიან მოსაშორებელი. მე მივდივარ და ადამიანებს ველაპარაკები, დააკვირდნენ, რომელი ადამიანები ურევენ სიტუაციებს. ჩემი აზრით, [გიორგი] ვაშაძე ამრევია და უმრავლესობიდან ყველა ურევს ამ თვალსაზრისით”, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პირველ ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესასრულებელი გეგმა წარადგინა და ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს სამუშაო პროცესში ჩართვა შესთავაზა. შეთავაზება მიიღეს „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“, „ევროპელი სოციალისტებმა“ და პარტიამ „საქართველოსთვის“. ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი მმართველი გუნდის შეთავაზებულ გეგმაში დროის გაჭიანურების მცდელობებს ხედავს და მმართველი გუნდის ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში არ მონაწილეობს. მათ წამოიწყეს პარალელური პროცესი — თემატური ჯგუფების შეხვედრები, რომელიც ისახავს მიზნად EU-ს რეკომენდაციების შემხვედრი კანონპროექტების შემუშავებას.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის საკუთარი სამოქმედო გეგმა წარმოდგინილი აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ისინიც ორივე პარალელური პროცესის მონაწილეები არიან და ფიქრობენ, რომ საბოლოო ჯამში, ეს პროცესები უნდა გადაიკვეთოს ერთ წერტილში – ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც იმუშაოს ერთად, სამოქალაქო სექტორის ჩართულობით. არასამათავრობო ორგანიზაციებმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ხედვა და სამოქმედო გეგმა დღეს, 27 ივლისს გააცნეს დიპლომატიურ კორპუსს და პოლიტიკურ პარტიებს. მიწვევის მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

„ევროკავშირი ჩვენგან ელოდება კონსენსუსზე დაფუძნებულ პროცესს, რომელშიც ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას. ერთ-ერთი საკითხია სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობა. სამწუხაროა, რომ შეხვედრას არ ესწრება „ქართული ოცნება“. დეპოლარიზაცია ნიშნავს სწორედ კონსენსუსზე დაფუძნებულ ერთობლივ მუშაობას“, — განაცხადა ნინო დოლიძემ, „სამართლიანი არჩენების აღმასრულებელმა დირექტორმა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა თანმხლები პირობებით, საქართველოს კი – არა.

სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა დააყენა.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც საქართველოს საკითხებზე მუშაობს, აცხადებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე პოლიტიკურმა პარტიებმა ერთიანად უნდა იმუშაონ და არა პარალელური ჯგუფების მეშვეობით.

„საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“. სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე პარალელური ჯგუფების მუშაობა არ არის არც ძალის და არც ერთობის მაჩვენებელი. ევროკავშირის კანდიდატობა მხოლოდ ერთი პარტიით კი არა, გაერთიანებული პოლიტიკური კლასით მიიღწევა. ყველას შეაქვს წვლილი, ყველას წვლილი ფასდება“, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა ტვიტერზე 22 ივლისს.

ამ თემაზე:

ოპოზიციამ EU-ს რეკომენდაციებზე შეხვედრები დაიწყო, NGO-ების აზრით, პარალელური პროცესები უნდა გაერთიანდეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი