ახალი ამბები

ოპოზიციამ EU-ს რეკომენდაციებზე შეხვედრები დაიწყო, NGO-ების აზრით, პარალელური პროცესები უნდა გაერთიანდეს

25 ივლისი, 2022 •
ოპოზიციამ EU-ს რეკომენდაციებზე შეხვედრები დაიწყო, NGO-ების აზრით, პარალელური პროცესები უნდა გაერთიანდეს

ოპოზიციის ნაწილმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად “ქართული ოცნების” ალტერნატიული სამუშაო პროცესი წამოიწყო.

პირველი შეხვედრა ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო სექტორისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაწილეობით დღეს, 25 ივლისს, პარლამენტში, საარჩევნო საკითხებზე გაიმართა.

“დღეს ჩვენ ვიწყებთ ზეინკლუზიურ პროცესს – მუშაობას, რომელიც საჭიროა ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის. სრულ თანხვედრაში ვართ ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, საერთაშორისო ექსპერტები, რომელთან ერთადაც დღეს სამი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გვექნება.

ხვალ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით იმართება ფორუმი, რომელზეც, როგორც ვიცი, მოწვეულია ხელისუფლების წარმომადგენლები და ვნახოთ, ბოიკოტს გამოუცხადებენ თუ არა ისე, როგორც კომიტეტებს და სესიას. მესმის, რომ ზოგიერთისთვის შეიძლება რთული აღსაქმელია, რას ვაკეთებთ, მაგრამ სწორი სტრატეგია გვაქვს.

ძალიან ბევრი კანონი არის დეტალურად დასამუშავებელი და დასაწერი. ჩვენი გულწრფელი მოწოდებაა, რომ ეს მოხდეს სექტემბრამდე, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა არის გასაკეთებელი 12-ვე პუნქტთან მიმართებაში”, – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

პირველ ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესასრულებელი გეგმა წარადგინა და ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს სამუშაო პროცესში ჩართვა შესთავაზა. ოპოზიციის ნაწილი მმართველი გუნდის შემოთავაზებულ გეგმაში დროის გაჭიანურების მცდელობებს ხედავს და მმართველი გუნდის ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრებში არ მონაწილეობს.

“წინაპირობები აქვთ, რომ დეოლიგარქიზაცია არ ეხება ივანიშვილს; დეპოლარიზაცია ოპოზიციის გაჩუმებაა; საკონსტიტუციო ცვლილებებზე არ ვრცელდებაო; სასამართლოში კლანი არ არის და კანონი, რომელსაც დავწერთ, მას არ შეეხებაო… რანაირად უნდა შევიდეთ პროცესში, სადაც წინაპირობებს მიყენებენ და ვიცი, რომ ოთხ ფუნდამენტური საკითხი აპრიორი არ იქნება შესრულებული? თქვენ ჩემს ადგილზე შეხვიდოდით?” – მიმართა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია ვერ ახერხებს ერთობლივად მუშაობას განსახორციელებელ ცვლილებებზე, რა აზრი აქვს ალტერნატიული კანონპროექტების შემუშავებას ოპოზიციის მიერ, ვაშაძე პასუხობს:

“ყოფილა არაერთი შემთხვევა, როცა “ოცნება” იძულებული გამხდარა, მიეღო ისეთი კანონი, რომელიც არ უნდოდა. მაგალითად, კონსტიტუციას კენჭი უყარეს პირველი მოსმენით. არ უნდოდათ სრულად პროპორციულ, დაბალბარიერიან სისტემაზე გადასვლა, მაგრამ მოუწიათ. უნდა შევქმნათ მექანიზმები, რომელიც აიძულებს მათ, შეასრულონ 12 პუნქტი”, – განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ სამუშაო პროცესი ითვალისწინებს აზრთა გაცვლა-გამოცვლას ევროკავშირთან და საკანონმდებლო ცვლილებების მათი რეკომენდაციით მომზადებას.

ვინ (არ) მონაწილეობს ალტერნატიულ პროცესში?

პოლიტიკური პარტიებიდან ოპოზიციის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობენ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. არ მონაწილეობენ: “მოქალაქეები”, “გირჩი” და “ევროპელი სოციალისტები”. რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას “საქართველოსთვის”, ის ჩართულია როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიერ ინიციირებულ სამუშაო პროცესში.

პარტიას „საქართველოსთვის“ ასევე წარმოდგენილი აქვს საკუთარი გეგმა, რომლის აღსრულების დაუყოვნებლივ დაწყება, მათი აზრით, პირდაპირ უპასუხებს ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნის მოთხოვნებს.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის საკუთარი სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც. ისინიც ორივე პარალელური პროცესის მონაწილეები არიან.

“ორი პროცესი უნდა გადაიკვეთოს…”

“შეიძლება ოპოზიციას სურს, ცალკე მოგვისმინოს ჩვენ და ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს პროცესები უნდა გადაიკვეთოს ერთ წერტილში – ხელისუფლებამაც, ოპოზიციამაც უნდა ისაუბროს ერთად, მათ შორის სამოქალაქო სექტორის ჩართულობით. შესაძლოა, ხელისუფლების მიმართ დაბალია ნდობა, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს, თუმცა ოპოზიციამ და სამოქალაქო სექტორმა ხელისუფლება ამ პროცესში მარტო არ უნდა დატოვოს”, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა, რომელიც პარლამენტში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ითხოვს ერთობლივ მუშაობას და ყველა პარტიის ჩართულობას, რაც დეპოლარიზაციის აუცილებელი პირობაა.

“რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ამას ჩვენ ვხედავთ რეფორმების გატარებით. ცალკე აღებული ერთი კანონის მიღებით ვერ მოხდება დეოლიგარქიზაცია იმ პირობებში, როცა არ გვაქვს დამოუკიდებელი ინსტიტუციები. ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ინსტიტუციების გაძლიერებაზე და არა ისეთი კანონის მიღებაზე, რაც შეიძლება პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული და ამის დიდი რისკი არსებობს”, – განაცხადა სიმონიშვილმა.

“ოცნების” პოზიცია

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის შეფასებით, ოპოზიციის მიერ დაწყებული პროცესი მიუთითებს, რომ ისინი ალტერნატიულ რეალობაში არიან.

“გაუგებარია, როგორ შეიძლება, სამმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელსაც პარლამენტში ხმების 1/3 არ აქვს, რაღაც პროცესი დაიწყოს მაშინ, როცა მმართველი პარტიის მიერ უკვე დაწყებულია პროცესი, სადაც ჩართული არიან სხვა ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მიერ დაწყებული პროცესის დისკრედიტაციის უბადრუკი მცდელობა. ყველა, ვინც არ უერთდება [ოცნების] სამუშაო პროცესს, ფსონს დებენ იმაზე, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა იმდენად დიდი სისულელე იყო, რომ მგონი, თავად მიხვდნენ და სისულელეების ლაპარაკს შეეშვნენ”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, ევროპარლამენტარებმა ოპოზიციას ძალიან მკაფიოდ უთხრეს, რომ სამუშაო ჯგუფებში უნდა ჩაერთონ და შემდეგ მონაწილეობა მიიღონ საკომიტეტო და პლენარულ სხდომებში.

“ათასი მოწოდების მიუხედავად, პროცესებში არც 2020 წლის შემდეგ ერთვებოდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რა შედეგი დადგა, ესეც გვახსოვს. ეს ადამიანები საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლობენ, შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან თუ არა“, – განაცხადა სამხარაძემ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც საქართველოს საკითხებზე მუშაობს, აცხადებს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე პოლიტიკურმა პარტიებმა ერთიანად უნდა იმუშაონ და არა პარალელური ჯგუფების მეშვეობით.

„საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“. სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე პარალელური ჯგუფების მუშაობა არ არის არც ძალის და არც ერთობის მაჩვენებელი. ევროკავშირის კანდიდატობა მხოლოდ ერთი პარტიით კი არა, გაერთიანებული პოლიტიკური კლასით მიიღწევა. ყველას შეაქვს წვლილი, ყველას წვლილი ფასდება“, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა ტვიტერზე 22 ივლისს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი