საზოგადოება

“ოცნება” რიგგარეშე სესიას ჩაშლის

18 ივლისი, 2022 • 937
“ოცნება” რიგგარეშე სესიას ჩაშლის

ფრაქცია “ქართული ოცნება” პრეზიდენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის 81 დეპუტატიდან რიგგარეშე სესიის სხდომაზე არავინ მივა და, შესაბამისად, სხდომისთვის საჭირო კვორუმი(76 დეპუტატი) ვერ შედგება. შესაბამისად, სხდომა ჩაიშლება.

მიქანაძის თქმით, ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა რიგგარეშე სესიის მოწვევაზე არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს.

ამასთან, მიქანაძის თქმით, 2022 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას “ქართული ოცნება” საერთოდ არ გეგმავს. ესაა ერთ-ერთი საკითხი, რომლის განხილვასაც ოპოზიცია ითხოვს ამ სხდომაზე.


პრეზიდენტმა გაითვალისწინა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნა და რიგგარეშე სესია მოიწვია.

რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 46-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა.

ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგი, რომელიც 18 ივლისიდან უნდა დაიწყოს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12- პუნქტიანი რეკომენდაციიდან რამდენიმე მიმართულებას შეეხება:

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/92)

„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი (რეგისტრაციის #07-3/71)

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/96)

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (რეგისტრაციის N 07-3/106)

რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას ხელს აწერს: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “რესპუბლიკური პარტია”, “საქართველოსთვის”, “სტრატეგია აღმაშებელი”, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი, შალვა შავგულიძე, თამარ ჩარკვიანი, თამარ კორძაია და დავით ბაქრაძე.

რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნას არ უერთდებიან: „მოქალაქეები“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“. ასევე, ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაზე არ არის დამოუკიდებელი დეპუტატის, გრიგოლ ვაშაძის ხელმოწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი