ავტორი: კონსტანტინე ღაზიარიანი, პოლიტოლოგი
მთიანი ყარაბაღის ომიდან წელიწადნახევრის და სომხეთში ჩატარებული არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ, ქვეყნის მთავრობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის მასშტაბური დაპირისპირებაა, რომელიც სომხეთში საფრთხეს უქმნის პარლამენტარიზმსა და დემოკრატიას.
მთიან ყარაბაღში ომიდან წელიწდნახევრის შემდეგ სომხეთში ახალი არჩევნები ჩატარდა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთი მხრივ, მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პარტია “სამოქალაქო თანხმობა”, მეორე მხრივ კი, მეორე პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის “სომხეთის”და არტურ ვანეციანის [მესამე პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მხარდაჭერით] “მაქვს პატივი” პარტიების ალიანსები.
საპარლამენტო არჩევნების შედეგები საკმაოდ გამომაფხიზლებელი იყო: მმართველმა პარტიამ მიიღო 53,92% ხმა, ოპოზიციურმა ალიანსებმა “სომხეთი” 21,04% და “მაქვს პატივი”- 5,23%. ამის შემდეგ სომხეთში დაიწყო პოლიტიკური დაძაბულობა, რამაც ოპოზიცის კონსტრუქციული მუშაობა შეუძლებელი გახადა.
დაძაბულობის გამწვავება და შედეგები პარლამენტარიზმისთვის
გამწვავებულმა პოლიტიკურმა სიტუაციამ პიკს მიაღწია 2022 წლის გაზაფულზე: რობერტ ქოჩარიანისა და სერჟ სარგსიანის მხარდაჭერილმა საპარლამენტო ოპოზიციამ, არტურ ვანეციანისა და იშხან საღათელიანის სახით, საკუთარ მიზნად ხელისუფლების გადადგომა დაისახა.
საპარლამენტო ოპოზიციამ პროტესტი ქუჩაში გადაიტანა და, შესაბამისად, ვერ უზრუნველყო საპარლამენტო ოპოზიციის სრულყოფილი მუშაობა.
საპროტესტო მოძრაობების მოთხოვნები შემდეგი იყო: პრემიერ-მინისტრის გადადგომა, დროებითი მთავრობის ფორმირება და შემდგომი ახალი არჩევნები. ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებდა იმაში, რომ ის უუნაროა, გადაჭრას ქვეყანაში არსებული კრიზისი, საკმარისად ბევრს თმობს მთიანი ყარაბაღის საკითხში; ასევე, ვერ წარმოაჩენს სომხეთს ეფექტურად თურქეთთან მოლაპარაკებებში.
საპარლამენტო ოპოზიციის ქუჩაში გადანაცვლებამ სომხეთის პარლამენტარიზმს საფრთხე შეუქმნა და ფაქტიურად პარალიზებული გახდა – თამაშიდან არამხოლოდ ოპოზიცია აღმოჩნდა განდევნილი, ხელისუფლებამ ცალმხრივი გადაწყვეტილებების მიღებაც დაიწყო. საპარლამენტო ოპოზიციის მანდატი დემოკრატიულ ქვეყნებში, პირველში რიგში, კონტროლის ფუნქციის შესრულებაში მდგომარეობს, რასაც ვეღარ ახერხებდა.
თავად საპროტესტო აქციები თავისი სტრუქტურით, ლოზუნგებით, 2018 წლის ხავერდოვან რევოლუციას გვაგონებდა. ოპოზიციაში მყოფმა ძველმა ხელისუფლებამ 2018 წლის საპროტესტო მოძრაობის მეთოდების მიბაძვა დაიწყო, თუმცა – წარუმატებლად.
პირველი მობილიზაციის შემდეგ საპროტესტო აქციები დროსთან ერთად უშედეგო გახდა და 2022 წლის ივნისში დასრულდა. ოპოზიციამ ასეც ვერ მიაღწია საკუთარ მიზნებს, კერძოდ, ხელისუფლების გადადგომას. შედეგად, ალიანსის “მაქვს პატივის” ლიდერი არტურ ვანეციანი საკუთარი ნებით გადადგა.
ამასობაში, მმართველმა პარტიამ პირველ ივნისს ოპოზიციის ზოგიერთი წევრი მნიშვნელოვანი საპარლამენტო თანამდებობიდან [მათ შორის, ეროვნული კრების მეორე სპიკერი] დაითხოვა. ასეთი პრაქტიკა, რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია პარლამენტებში, თუმცა, შედეგად, ოპოზიციური პარტიები ვეღარ შეძლებენ, პარლამენტში მნიშვნელოვანი პოზიციებიდან განახორციელონ კონტროლი ხელისუფლებაზე.
რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარე ფაქტიურად შეცვალეს. მმართველი პარტია ირწმუნება, რომ ვინიდან ოპოზიცია საკუთარი ვალდებულებების შესრულებას პარლამენტში თავს ვერ ართმევს, ხელისუფლება იძულებული შეიქმნა, ეს ნაბიჯი გადაედგა. ოპოზიცია კი მმართველ პარტიას ადანაშაულებს იმაში, რომ ეს დათხოვნები პარლამენტარიზმს აზიანებს.
აღნიშნული დაძაბულობა ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის, პირველ რიგში, ქვეყანაში პარლამენტარიზმს აზიანებს. კონტროლის მექანიზმების გარეშე მმართველ პარტიას შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ცალმხრივად დანიშვნები [მათ შორის სასამართლო სისტემაში და არმიაში], ოპოზიცია კი პროცესს უბრალოდ ვეღარ აკონტროლებს.
პროტესტის ჩავარდნის მიზეზები: პოლარიზაცია და მოძრაობის ლიდერების არჩევანი
რამ გამოიწვია საპროტესტო აქციების ჩავარდნა? მრავალ ფაქტორთა შორის არსებობს სამი მთავარი მიზეზი: მათ შორის ყველაზე მთავარია ის, რომ 2021 წელს არჩევნებზე ორი მოწინააღმდეგე ბანაკი მონაწილეობდა. ერთი მხრივ, ფაშინიანის გარშემო შეკრებილი ხელისუფლება, მეორე მხრივ კი, “ყოფილი პრეზიდენტები”. ასეთი პოლარიზაცია ხშირად იქამდე მიდის, რომ ადამიანებს არ აქვთ სურვილი, რომელიმე მათგანს მხარი დაუჭირონ.
საპროტესტო მოძრაობის ლიდერები მოსახლეობის უმრავლესობაში პოპულარობით ვერ სარგებლობდნენ. შედეგად, ბევრი მოქალაქე, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა, პროტესტს მაინც არ შეერთებია. უფრო ზომიერი ლიდერების არსებობის შემთხვევაში პროტესტს მეტი წარმატების შანსი ექნებოდა.
მეორე მიზეზია საპარლამენტო ოპოზიცია, რომელმაც მთიანი ყარაბაღის და თურქეთის საკითხებში ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკის ფონზე თავადაც ვერ შეძლო რაიმე კონკრეტული ალტერნატიული წინადადების შემოთავაზება.
დაბოლოს, ერთი მხრივ არტურ ვანეციანის გარშემო შეკრებილი ცალკეული წარმომადგენლები საპარლამენტო ოპოზიციური ძალებიდან, მეორე მხრივ კი, რობერტ ქოჩარიანის მოძრაობიდან, რუსეთისთვის მეგობრულ ძალებად მიიჩნევიან, თუმცა რუსეთის მხრიდან საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა, მათი მოლოდინის მიუხედავად, ასეც არ ყოფილა.
საპარლამენტო კრიზისის შედეგად დაზარალდა არა მხოლოდ პარლამენტარიზმი და ახალგაზრდა დემოკრატია, არამედ, პირველ რიგში, საზოგადოება, რომელიც ასევე პოლარიზებული აღმოჩნდა.
ამჯერადაც, 2018 წლის მსგავსად, დიდ როლს თამაშობდნენ მომღერლები, მსახიობები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, რომლებიც ან საპროტესტო მოძრაობას შეუერთდნენ, ან მის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
ამ კონტექსტში ტრაგიკული ფაქტი მოხდა პროდიუსერ არმენ გრიგორიანის შემთხვევაში. ის მონაწილეობდა საპროტესტო მოძრაობაში და საკუთარ ინტერვიუებში მოღალატეებსა და მტრებს უწოდებდა ცალკეული რეგიონების [არარატი და შირაქი] მოსახლეობას. რამდენიმე მსგავსი გამონათქვამის შემდეგ პროდიუსერი დააპატიმრეს აგიტაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების ბრალდებით. თუმცა სასამართლო დარბაზში, პირდაპირ ეთერში ჩართული კამერების წინ დაიღუპა. მსგავსი მაგალითები ძალიან ნათლად აჩვენებს, რამდენად არის დაყოფილი დღეს სომხური საზოგადოება.
უთახმოება მთიანი ყარაბაღის საკითხებში და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია
ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის იდეოლოგიური უთანხმოება ორ ძირითადად საკითხში გამოიხატება: ერთი მხრივ, კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გარშემო, მეორე მხრივ კი, თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზება.
ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას ადანაშაულებენ იმაში, რომ სომხეთი დიდ დათმობებზე მიდის თურქეთთან და აზერბაიჯანთან და სომეხი ერის ინტერესებს სათანადოდ ვერ წარმოაჩენს.
საპარლამენტო ოპოზიციის ცალკეულმა წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ არ აპირებენ მეზობელ ქვეყნებთან დადებული ხელშეკრულებები აღიარონ და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, გააუქმებენ მათ.
ჯერ კიდევ 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მეორე პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა ახსენა მთიანი ყარაბაღის ცალკეული რაიონების [კერძოდ, შუშის და ჰადრუთის] დაბრუნების შესაძლებლობა, თუმცა, როგორ გეგმავს ამ ტერიტორიების დაბრუნებას, არ დაუზუსტებია. პრემიერის პარტიამ მსგავს შეთავაზებებს პოპულისტური უწოდა.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ და თურქეთთან ურთიერთობების დალაგებაზე დისკუსია, 1991 წლიდან, სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თან ახლავს სომხეთის საგარეო პოლიტიკას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბალანსი სომხეთისა და აზერბაიჯანის ძალებს შორის მკვეთრად შეიცვალა აზერბაიჯანის სასარგებლოდ. დღეს ტერიტორიების დიპლომატიური გზებით დაბრუნება შესაძლებელი არ არის. უცხოელი სამხედრო ექსპერტები ტერიტორიების სამხედრო გზებით დაბრუნებასაც არარეალურად აფასებენ.
ასევე კრიტიკას ექვემდებარება თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. უნდა აღინიშნოს, რომ წინა ხელისუფლებები, განსაკუთრებით მესამე პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ხელისუფლება, ასევე დიდ ყურადღებას უთმობდა თურქეთთან ურთიერთობების დალაგებას, კერძოდ, 2008 წელს საფეხბურთო დიპლომატიის ფარგლებში.
ხელისუფლების ცალკეული წარმომდგენლები გამოდიან ურთიერთობების სწრაფი ნორმალიზების, საზღვრებისა და ეკონომიკური კავშირების გახნის სურვილით. ოპოზიციის ზოგიერთი წევრი კი ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაში რისკებს ხედავს. ისინი უფრთხიან თურქეთის მხრიდან ეკონომიკის ინფილტრაციას და ამ კონტექსტში ახსნებენ მეზობელი საქართველოს აჭარის რეგიონს, სადაც თურქი ინვესტორები განსაკუთრებით აქტიურობენ.
უფუნქციო ოპოზიცია პარლამენტარიზმის კრიზისის მიზეზია
მმართველ პარტიასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის დაძაბულობა არ არის სიახლე, თუმცა ეს დაპირისპირება ახალ შრეებზე გადადის და გავლენა აქვს როგორც დემოკრატიაზე, ასევე, სომხეთში სოციალურ ერთიანობაზე.
საპარლამენტო პარტიების ძლიერი პოლარიზაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ქვეყანაში. საპარლამენტო ოპოზიციის სომხეთის ქუჩებში გადანაცვლებით, პარლამენტში აღარ დარჩა მოქმედი ოპოზიცია. ბევრ შემთხვევში ხელისუფლებას შეუძლია გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღება, ოპოზიციის რაიმე არსებითი კონტროლის გარეშე. უფუნქციო ოპოზიცია საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც ქვეყანაში.
ახალი არჩევნების და ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა სრულიად გასაგებია ოპოზიციისთვის, თუმცა ეს მოთხოვნები ვერ იქნება დემოკრატიულად ლეგიტიმური, რადგან სომხეთში არჩევნები სულ რაღაც ერთი წლის წინ ჩატარდა.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობების დაძაბულობამ არა მხოლოდ პოლარიზაცია, არამედ პარლამენტარიზმის ლეგიტიმურობის კრიზისი შექმნა.