ახალი ამბებისაზოგადოება

„ოცნებამ“ EU-ს 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა

1 ივლისი, 2022 • 2042
„ოცნებამ“ EU-ს 12 პირობის შესასრულებლად გეგმა წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესასრულებელი გეგმა წარადგინა. მმართველი გუნდის გეგმაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, 1 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ოცნების“ მიერ წარმოდგენილი გეგმა ასე გამოიყურება:

პუნქტი 1. პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება

ირაკლი კობახიძის თქმით,  დათქმების პირველი პუნქტი უნდა განვიხილოთ როგორც ერთგვარი საფუძველი დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესასრულებლად.

მისი თქმით, პოლიტიკური პოლარიზაცია  ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, რომლის პირობებში პოლიტიკური დისკუსია, ნაცვლად სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხებისა, საზოგადოებისთვის მეორეხარისხოვან თემებზეა გადატანილი, „რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისთვის ვიწროპოლიტიკური დატვირთვა აქვს“.

ამ მოცემულობის შესაცვლელად, „ოცნების“ გეგემით, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე.

„რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას ამ თვალსაზრისით. ანალოგიურად, ოპოზიციამ მომდევნო 6 თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს. იგივე ეხება მედიასაც, რომელიც ეუთო-ოდირის დასკვნის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაპოლარიზებელ კამპანიაში უშუალოდ არის ჩართული“, – განაცხადა კობახიძემ.

„ოცნების“ გეგმის თანახმად, დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ.

მონიტორინგის ანგარიშში აისახება რეკომენდაციები პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართული სხვა სუბიექტების მიმართ. მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა და მუშაობის ფორმატი დაზუსტდება საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე.

დეპოლარიზაციის კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და მათ სამართლიან და ჯანსაღ დამოკიდებულებას მაპოლარიზებელი ქმედებების მიმართ.

პირველი პუნქტის შესრულების კოორდინაციას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

პუნქტი 2. სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირება, საპარლამენტო ზედამხედველობა, საარჩევნო კანონმდებლობა

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო ზედამხედველობის სფეროში პარლამენტის რეგლამენტის აღსრულების ყოვლისმომცველ შეფასებას და მოამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად.

შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 21 სექტემბრისა და მიიღება არაუგვიანეს 1 ნოემბრისა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება საარჩევნო კოდექსის რევიზიის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტარები ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიიდან, აგრეთვე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. მომზადდება ცვლილებები საქართველოს საარჩევნო კოდექსში, რომელშიც სათანადოდ იქნება ასახული ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.

შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 21 სექტემბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 13 დეკემბრისა. მეორე მოსმენით მიღებამდე, კანონპროექტი დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირს.

პუნქტი 3. სასამართლო რეფორმა, გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან უკვე შექმნილია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ყველა საპარლამენტო პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი და აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში აქტიურად განაახლებს მუშაობას და სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე, მოამზადებს როგორც სასამართლო რეფორმის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, ისე შესაბამისი კანონპროექტების პაკეტს.

მისივე თქმით, სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მომზადდება და გამოქვეყნდება 1 ოქტომბრამდე, რის საფუძველზეც საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდება და საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება 1 ნოემბრამდე. კანონპროექტი, ინიცირებისთანავე, დასკვნისთვის გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო-ოდირს. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა დაიწყება ვენეციის კომისიიდან და ეუთო-ოდირიდან დასკვნების მიღებისთანავე.

ასევე, კონსტიტუციური კანონის პროექტი გენერალური პროკურორის არჩევის წესის შესახებ საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება 1 სექტემბრამდე, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა. კონსტიტუციური კანონის მიღებას კოორდინაციას გაუწევს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

„ოცნების“ გეგმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთა შესარჩევ კონკურსს საქართველოს პარლამენტი გამოაცხადებს არაუგვიანეს 30 სექტემბრისა, ხოლო კენჭისყრა საბჭოს წევრთა ასარჩევად ჩატარდება არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. შეგახსენებთ, რომ საბჭოს წევრთა ასარჩევად საჭიროა 90 პარლამენტის წევრის ხმა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად, მათი არჩევის უზრუნველყოფა როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობაა.

პუნქტი 4. ანტიკორუფციული ღონისძიებები

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს ანტიკორუფციული ფუნქციების კონსოლიდაციის კონცეფციას და წინადადებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების უზრუნველსაყოფად.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში იქნებიან პარლამენტის წევრები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, აგრეთვე, მთავრობის ადმინისტრაციის, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 19 ოქტომბრისა, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება 1 დეკემბრამდე.

პუნქტი 5. დეოლიგარქიზაცია

„ქართული ოცნების“ გეგმის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარლამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა.

თუმცა, გეგმის წარდგენისას ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დეოლიგარქიზაცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება.

პუნქტი 6. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და სამართალდამცავი ორგანოების ზედამხედველობა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის წევრები ყველა საპარლამენტო პარტიიდან, აგრეთვე, პროკურატურის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფი 1 ნოემბრამდე მოამზადებს არსებული მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასებას და შეიმუშავებს წინადადებებს ხარვეზების გამოსწორებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შემდგომი გაძლიერების თაობაზე.

პუნქტი 7-8. სათანადო მედიაგარემოს უზრუნველყოფა, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება და მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ ჩადენილ ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირება

პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, საქართველოს პროკურატურასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ინფორმაციის საჯაროობას ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ.

პუნქტი 9. გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და გენდერული თანასწორობის საბჭო წარმართავენ აქტიურ სამუშაო პროცესს, რათა მომზადდეს საკანონმდებლო წინადადებები გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კიდევ უფრო ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველსაყოფად.

შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა, ხოლო პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.

პუნქტი 10. გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის პირობების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა პროცესში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ეფექტიან ჩართულობას.

„გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება ჩართულობის ეფექტიანი მექანიზმების შენარჩუნება ევროკავშირის პირობებზე მუშაობის დასრულების შემდეგაც“, – აცხადებს კობახიძე.

პუნქტი 11. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიული გათვალისწინება ქართული სასამართლოს მიერ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის აღსრულების პროცედურების გათვალისწინებით, შესაბამის კანონპროექტს მოამზადებს და პარლამენტს ინიციატივის წესით წარუდგენს 1 სექტემბრამდე. კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს და მიიღებს არაუგვიანეს 18 ოქტომბრისა.

პუნქტი 12. სახალხო დამცველის არჩევა

საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისთვის და, შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციით იქნება არჩეული. კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს 1 დეკემბრისა.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა საჭიროებს, სულ მცირე, პარლამენტის 90 წევრის მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის დათქმის შესაბამისად, მისი არჩევის უზრუნველყოფა თანაბრად არის როგორც მმართველი გუნდის, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობა.

დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბა  პარტიის პოლიტიკური საბჭო და ეს არის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც გაგაცანით. როგორ ნახეთ, არის წარმოდგენილი დეტალური გეგმა პასუხისმგებელი სუბიექტებით და კონკრეტული ვადებით, რომლის მიხედვითაც შესრულდება თორმეტივე პუნქტი , რომელიც არის წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ.


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობას უყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი