ახალი ამბები

გახარიას პარტია „ოცნების“ ინიცირებულ ფორმატს უერთდება

6 ივლისი, 2022 • 569
გახარიას პარტია „ოცნების“ ინიცირებულ ფორმატს უერთდება

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ პარტია უერთდება „ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის წამოყენებული 12 პუნქტის შესასრულებლად ინიცირებულ პროცესში,  იმის მიუხედავად, რომ, მათი შეფასებითვე, ამ პროცესის რეალური მიზნები უცნობია.

„ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესასრულებელი გეგმა პირველ ივლისს წარადგინა.

ექვს ივლისს პარტიის „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის სახელით წაიკითხა განცხადება და განაცხადა:

„მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა პოლიტიკური ძალები კომპრომისული და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმის უკიდურესი აუცილებლობის წინაშე დააყენა, რათა მივაღწიოთ პოლარიზაციის შემცირებას და რეალური რეფორმების გატარების გზით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას“.

მეზვრიშვილის თანახმად, „დღეს მთავარია არა პარალელური პროცესები, არამედ კომპრომისი ერთადერთი მიზნით – კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც მათ შორის არის რუსთაველზე გამოსული ათიათასობით მოქალაქის მიზანი“.

ნათია მეზვრიშვილმა მადლობა გადაუხადა ხალხს -” ყველას, ვინც ხელი შეუწყო მოქალაქეების ნების გამოხატვას, მათ შორის, ორგანიზატორებს“. მან განაცხადა:

„ახლა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, ქართველი ხალხის ურყევი ნება აღასრულოს. დასაკარგი დრო არ გვაქვს. უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ თუ ერთიანობის ძალა არ შეგვწევს, კომპრომისის უნარი მაინც გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში უპირველესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა“.

პარტიის ლიდერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „მმართველი ძალის მიმართ ნდობა მინიმალურია“, კომპრომისი არის ნაბიჯი, რომელიც „უნდა გადადგას ყველა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ“.

„ამასთან, კომპრომისი ევროკავშირის პირობების შეუსრულებლობის ხარჯზე დაუშვებელია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად დეპოლარიზაციასთან ერთად საჭიროა ევროკავშირის ყველა პირობის რეალური შესრულება, რაც კომპრომისებს პირველ რიგში ხელისუფლებისგან მოითხოვს, ხოლო დეპოლარიზაცია არა ფორმატების შექმნით, არამედ რეალური ნაბიჯებით მიიღწევა“, – აცხადებენ პარტიაში.

„შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე უცნობია „ოცნების“ მიერ დაანონსებული ფორმატების ფარგლები, არ არის ნათელი მათი რეალური მიზნები, მონაწილეობას მივიღებთ პროცესში, რათა გამოვიყენოთ თუნდაც მცირედი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის, მათ შორის ქუჩაში გამოსული ათიათასობით მოქალაქის მიზნის მისაღწევად და, ამავდროულად, არ მივცეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ ეს ფორმატები ფასადურად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პარტია გამოდის ინიციატივით, „ოცნების“ მიმართ „მინიმალური ნდობის პირობებში“, პროცესში რაიმე ფორმით ჩაერთონ საერთაშორისო პარტნიორები და პრეზიდენტის ინსტიტუტი.

„საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ პარტიის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, მონაწილეობა მიიღოს „ყველა პროცესში, ვისი მხრიდანაც უნდა იყოს ინიცირებული, რაც დეოლიგარქიზაციამდე და უკანონოდ კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟამდე მიგვიყვანს“.


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა თანმხლები პირობებით, საქართველოს კი – არა.

სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაყენა.

12 პუნქტის შესრულების „ოცნებისეული“ გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის საკუთარი სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი