ახალი ამბები

რა პოზიცია აქვთ პარტიებს „ქართული ოცნების“ შეთავაზებულ გეგმაზე

4 ივლისი, 2022 • 1148
რა პოზიცია აქვთ პარტიებს „ქართული ოცნების“ შეთავაზებულ გეგმაზე

პირველ ივლისს „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 პუნქტის შესასრულებელი გეგმა წარადგინა და ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს სამუშაო პროცესში ჩართვა შესთავაზა.

თუმცა ოპოზიციის ნაწილი მმართველი გუნდის შემოთავაზებულ გეგმაში დროის გაჭიანურების მცდელობებს ხედავს და „ქართულ ოცნებას“ რეალური ნაბიჯის გადადგმისაკენ მოუწოდებს.

„ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ ის, ვინც რეალურად არის დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციით და ქვეყნის მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებით, მათი გეგმის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება.

რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ამ პროცესში საპარლამენტო ოპოზიციას – სწორედ ეს იყო მსჯელობის ერთ-ერთი თემა დღეს, 4 ივლისს, პარლამენტში ოპოზიციის წევრებს შორის გამართულ კონსულტაციაზე.

როგორც „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილთან ერთად „ქართული ოცნების” შეთავაზებულ გეგმაში მონაწილეობას არ მიიღებენ. მისი თქმით, მმართველი პარტია მათ სთავაზობს სიმულაციურ პროცესს მაშინ, როცა უკვე შემუშავებული კანონპროექტები არსებობს, რომლის მიღებაც რიგგარეშე სესიაზე უნდა მოხდეს.

„არანაირი კომისისების შექმნა არ არის საჭირო. საჭირო არის, პარლამენტმა ჩაატაროს კენჭისყრები კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით და მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივებს[…] ოპოზიცია შეიმუშავებს დღის წესრიგს რიგგარეშე სესიისთვის, რომელშიც შევა კონკრეტული საკითხები, ისეთი, როგორიც არის საკონსტიტუციო ცვლილებები და სხვა საკითხები, რომელზეც კომისია კი არ უნდა შევქმნათ, არამედ გამზადებული კანონპროექტებია, რომელსაც პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს და დაამტკიცოს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძეც ამბობს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია დღის წესრიგს შეიმუშავებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდება და საზოგადოებას წარუდგენს კონკრეტულ ხედვას, რისთვისაც, მისი თქმით, რამდენიმეთვიანი მუშაობისთვის კომისიების შექმნა საჭირო არაა.

„ჩვენ ვიმსჯელეთ ძალიან კონკრეტულ მექანიზმებზე, რა ფუნქცია გვაქვს ოპოზიციას და ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო ოპოზიციის ფუნქცია, რომ საქართველომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი[…] მთელი რიგი კანონების და პაკეტების, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები, სასწრაფოდ, რიგგარეშე სხდომაზე შესაძლებელია იქნას მიღებული. არ სჭირდება ამას გაწელვა და ტყუილები“, – განაცხადა დეკანოიძემ.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძეც მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან შემოთავაზებული ფორმატები დროის გაჭიანურებაა და რეალურად მათგან არ ჩანს მზაობა, ნაბიჯები გადადგან დეპოლარიზაციისკენ. მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებებს“ კენჭს უყრის, ეს ერთ- ერთი ინდიკატორი იქნება, რომ მმართველი გუნდი დეპოლარიზაციისთვის მზადაა. საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც ითვალისწინებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და პარლამენტში მოსახვედრად დაწესებული 5%-იანი ბარიერის შემცირებას.

„არის საკითხები, რასაც არ სჭირდება კომისია და გადადება სექტემბრისთვის. არის საკითხები მზად, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას დღის წესრიგი რიგგარეშე სესიისთვის და საპარლამენტო ოპოზიცია მოემზადოს ამისთვის. ბუნებრივია, ამას დასჭირდება პრეზიდენტთან კონსულტაციები“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

საკონსტიტუციო ცვლილების მიღება მნიშვნელოვანია „გირჩისთვისაც“. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, ერთ-ერთი რამ, რაც 6 თვის თავზე საქართველოს ევროპულ გზაზე სწრაფვის დამადასტურებელი იქნება, სწორედ სრულად პროპორცეული საარჩევნო სისტემის მიღებაა დაბალი ბარიერით.

„მიხეილ სააკაშვილი სანამ ციხეში ზის, ბუნებრივია, „ნაცმოძრაობა“ ჩხუბს არ დაასრულებს. „ქართულ ოცნებას“ ამ ჩხუბის დასრულება ისედაც არ უნდა. გასაგები რომ იყოს ჩვენი ევროპული გზა, ვის რა აქვს გასაკეთებელი, ეს არის ჩხუბის დასრულება და ჩხუბის დასრულების პირობა არის ის, რომ არჩევნების წესი გვაქვს სამართლიანი და ამაზე არ ვჩხუბობთ[…] და მეორეა მიხეილ სააკაშვილის ამბავი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ მართლა აწუხებს. ამხელა პარტიას რომ რაღაც აწუხებს და ამხელა ინფრასტრუქტურით რაც აწუხებს, იმაზე საუბრობს, ეს სულ იქნება დაძაბულობის წყარო და თუ გვინდა ევროინტეგრაცია, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პრობლემა უნდა მოიხსნას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება პარტია „მოქალაქეებს“, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ამ პროცესში პოლიტიკურმა პარტიებმა თავისი პარტიული ინტერესები გვერდზე უნდა გადადონ და ბრიუსელიდან გამოგზავნილ 12-პუნქტიან რეკომენდაიცებზე კონცენტრიდნენ. მისი აზრით, „ქართული ოცნების“ შეთავაზებულ გეგმას ოპოზიციამ თავისი ხედვა უნდა დაუპირისპიროს და სამუშაო პროცესი დაიწყოს.

„ქართული ოცნების“ გეგმა წარმოდგენილია. მე ვფიქრობ, დღეს ოპოზიციამ ამ გეგმაზე თავისი საპასუხო პირობები [წარადგინოს] და უნდა დავიწყოთ კონსულტაციები იმაზე, ჩვენ როგორ ვხედავთ ამ გეგმის შესრულებას, რა თქმა უნდა, მათთან ერთად[…] ჯერჯერობით მსჯელობა მიდის იმაზე, რომ ვიღაცას პროცესში უნდა მონაწილეობა, ვიღაც თვლის, რომ ეს არ არის სწორი და ამაზე იყო საუბარი. ალბათ, საბოლოოდ პარტიები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესის მიღმა დარჩენა იქნება იმ დაკვეთის მიღმა დარჩენა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. ეს არ არის „ქართული ოცნების“ პროცესი. ეს არის პროცესი, სადაც ოპოზიცია და მმართველი პარტია ერთმანეთის პირისპირ ჯდება და საუბრობენ 12 პუნქტზე”.

კითხვაზე, ეს საუბარი უნდა დაიწყოს თუ არა „ქართული ოცნების“ გეგმის მიხედვით, იოსელიანი პასუხობს, რომ ძირითადი პლატფორმა დისკუსიისთვის ბრიუსელიდან გამოგზავნილი გეგმა უნდა იყოს.


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობას უყენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი