ახალი ამბები

დადასტურდა ის, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდით — ოპოზიციის გამოხმაურება “გოგაშვილის ფაილებზე”

21 ივლისი, 2022 •
დადასტურდა ის, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდით — ოპოზიციის გამოხმაურება “გოგაშვილის ფაილებზე”

ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან არჩევნების გაყალბების სქემას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებმა სუს-ის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოაქვეყნეს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, NGO-ების ანგარიში “პრაქტიკულად ადასტურებს” იმას, რაზეც ოპოზიციური პარტიები წარსულში არაერთგზის საუბრობდნენ.

“ანგარიში, რომელიც მოვისმინეთ, ეს არის პრაქტიკულად შოკის მომგვრელი, რადგან პრაქტიკულად დადასტურდა ის, რასაც წლების განმავლობაში, არჩევნებიდან არჩევნებამდე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ბლოკი და ოპოზიციური პარტიები ვადასტურებდით, ვამტკიცებდით კონკრეტული სარჩელებით, რომ არჩევნები გაყალბდა, არჩევნებში სამართალდამცავი ორგანოების რესურსების გამოყენება ხდებოდა  იგივე მართვის მოწმობები, შეწყალებები, ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება ადგილებზე, ამომრჩევლის მოსყიდვა…”, — დასძინა მან.

ბეჟაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ უფრო მეტი მტკიცებულება გამოქვეყნდება.

პარტიის “სტრატეგია აღმაშენებელი” ლიდერი გიორგი ვაშაძე დასძენს, რომ “ჩვენ ვნახეთ, ფაქტობრივად, დანაშაულებრივი გაყალბების მანქანის მამტკიცებელი საბუთები”.

“შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, დიდი მასალა რასაც ეხება, სწორედ მე გახლდით საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი ოპოზიციურ ფლანგზე და ეს მტკიცებულებები აჩვენებს, როგორ წაართვა ხალხს არჩევანი “ქართულმა ოცნებამ”.

ზუსტად ამგვარი და კიდევ უფრო მძაფრი ძალადობრივი, დანაშაულებრივი გაყალბების მექანიზმით მოიპარა “ქართულმა ოცნებამ” 2020 წლის არჩევნები. შესაბამისად, დღეს რაც გვჭირს, გვჭირს ამის გამო”, — დასძინა მან.

არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით წარსულში გახმიანებულ განცხადებებს ახსენებს პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილიც. მისი თქმით, “ფაქტი, რომ არჩევნებში მმართველი პარტია ერევა შედეგების შეცვლის და მანიპულაციის მიზნით, არ არის ახალი და უცხო ქართული საზოგადოებისთვის”.

“ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვინახავს და ამავე დროს, წლები არის საუბარი, რომ სახელმწიფო სტრუქტურები, თავიანთი კონსტიტუციური ფუნქციის შესრულების ნაცვლად, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ოფიციალურ ძალაუფლებას და ბერკეტებს იყენებენ იმისთვის, რომ პარტიული ინტერესი იყოს დაცული”, — აღნიშნა ნაცვლიშვილმა მედიასთან საუბრისას.

დოკუმენტაციას, რომელზე დაყრდნობითაც არასამთავრობოებმა ხსენებული ანგარიში გამოაქვეყნეს, მმართველ გუნდში “დიდ სისულელეს” უწოდებენ. ეს შეფასება თბილისის მერმა კახა კალაძემ გაახმიანა.

“გოგაშვილის ფაილები”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც შეიცავს 2018-2020 წლებში ჩატარებული არჩევნებისას, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების დამადასტურებელ ფაქტებს.

ორგანიზაციების განცხადებით, კვლევაში ასახულია ფაქტები, რომლებიც მათ მიაწოდა “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა და სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა. გოგაშვილი 16 ივლისს, სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

კვლევის თანახმად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების პარტიული მიზნებით გამოყენება.

კერძოდ, აღნიშნული უწყებები, სავარაუდოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ აგროვებდნენ პერსონალურ ინფორმაციას, მათზე შემდგომი ზეწოლის მიზნით.

ამასთან, კვლევის თანახმად, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ სახელმწიფო უწყებები მოქალაქეებს უზრუნველყოფდნენ წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებითა და სხვა ტიპის სარგებლით.

გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით NGO-ებმა არჩევნების გაყალბების სქემა გამოაქვეყნეს

მასალების გადაბეჭდვის წესი