ახალი ამბები

„ფერდში მომარტყა და ძლიერი ტკივილი ვიგრძენი“ — გოგაშვილი დაკავების დეტალებს იხსენებს

18 ივლისი, 2022 •
„ფერდში მომარტყა და ძლიერი ტკივილი ვიგრძენი“ — გოგაშვილი დაკავების დეტალებს იხსენებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი სასამართლოში თავისი დაკავების დეტალების შესახებ საუბრობს. ის ამბობს, რომ „რუსეთის აგენტების ჩივილის შედეგად“ დააკავეს.

გოგაშვილი იხსენებს, რომ 16 ივლისს, ღამის 2 საათზე, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ყოველგვარი გაფრთხილების ან/და პროცედურული ნორმების დაცვის გარეშე მის სახლში შეიჭრნენ.

გოგაშვილი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განჩინება მხოლოდ ჩხრეკაზე ჰქონდა და არა მის დაკავებაზე. ამასთან, გოგაშვილის თქმით, სპეციალური დანიშნულის რაზმის წარმომადგენლებს სთხოვა, დრო მიეცათ, 4 წლის შვილიშვილი და 10 წლის შვილი სახლის უკანა ოთახში გაეყვანა, რის შემდეგაც კარის გაღებას თავადაც აპირებდა, თუმცა ოპერაციის მონაწილეებმა კარის ნგრევა გააგრძელეს:

„ასაფეთქებელს აყენებდნენ კარებზე. იქ არის ორი კარი — პირველი და მეორე დონის. მე მეორე დონის კარები გავუღე და უკვე კიბეებზე უნდა ამოსულიყვნენ სპეცრაზმელები. ამ დროს ეს კარები ფეთქდება, მე კარებს ვაღებ და ვეუბნები, არ შემოანგრიოთ. ისინი ამოდიან კიბეებზე, დაუყოვნებლივ გვაკავებენ მე და ჩემს შვილს, ნიკას. მათ ამის უფლება არ ჰქონდათ, რადგან მათ განჩინება ჰქონდათ ჩხრეკაზე. ძალადობრივი მეთოდებით ხდება ჩვენი დაკავება. 5-5 კაცი ზემოდან მუხლებით გვახრჩობს. ამის შემდეგ ხდება ჩვენი ორივეს დაფიქსირება მიწაზე. ამ დროს ხდება შეჭრა სახლში და ჩემი მეუღლის და ჩემი მეუღლის დის ტერორის ქვეშ ყოფნა, ფიზიკური შეურაცხყოფა და თმებით თრევა.

ამავდროულად, ჩემი 10 წლის შვილი იწყებს ღებინებას სტრესის ფონზე, 4 წლის შვილიშვილი- უნებლიე შარდვას, აბსოლუტურად არავის არაფერი ესმის, ჩვენ გართხმული ვართ მიწაზე. ამ დროს მე მიწაზე ვწევარ, ხელები მაქვს ზურგზე და ვგრძნობ რკინის შეხებას. გამოცდილება მაქვს, ვიცე-პოლკოვნიკი ვარ უსაფრთხოების და ვიცი, რასაც აკეთებენ, ხელზე მახებენ იარაღს, რომელიც შემდეგ უნდა ჩადონ. მე ვერ დავინახე, რა იარაღი იყო, რადგან დამხობილი ვიყავი მიწაზე. რომ ვიგრძენი, რასაც აკეთებდნენ, ვეცადე ხელები გამეთავისუფლებინა. ამ დროს გვერდზე გავიხედე და ვინც ამას აკეთებდა, ვიცანი, ეს იყო გიორგი ღამბაშიძე, გენერალური ინსპექციის დირექტორის მოადგილე. ბიჭო, რას აკეთებ-მეთქი. ამის შემდეგ მან მთელი ძალით ამომარტყა ყბაში წიხლი და ამის შემდეგ უკვე შევაგინე. როგორც შევაგინე, ხელში ეჭირა პატარა იარაღი ლულით, მარცხენა მხარეს, რომელ იარაღსაც მისვამდა, ის უკვე ავტომატი იყო. ამას რომ შევაგინე, იმან ფერდში მომარტყა და ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ამის შემდეგ, როგორც კი ესენი ადგნენ და გამოიტანეს ეს ფაქტები, შევარდნენ სახლში“, – ამბობს სოსო გოგაშვილი.

მისი თქმით, ამის შემდეგ 4 ადამიანი, მათ შორის, გიორგი ღამბაშიძე, სახლის მეორე სართულზე ავიდნენ, სადაც, გოგაშვილის განმარტებით, მისმა ცოლმა დაინახა, თუ როგორ აწყობდნენ სხვადასხვა გაურკვეველ ნივთს მათ საძინებელში ნიღბიანი პირები:

„ცოლმა დაუწყო ყვირილი და ღამბაშიძემ უთხრა დანარჩენებს, რატომ ამოუშვითო. ესენი გამოათრიეს ძალადობით მეორე სართულიდან და თეას ყვირილი მესმის, ჩადეს რაღაცებიო. უკვე 2 საათიდან ბორკილებდადებული და ფაქტობრივად დაკავებული ვარ, თუმცა ჩემი დაკავება ოფიციალურად მოხდა 12 საათის შემდეგ. გამოვდივარ გარეთ, და ვეხვეწები, ნიკას ბორკილები ახსნან, 4 საათი ჩემი შვილი მიწაზე ეგდო ხელებშეკრული. მეუღლე და ბავშვები ცუდად იყვნენ, ვეხვეწებოდით, სასწრაფო გამოეძახათ. 4 საათი სასწრაფო არ გამოიძახეს და გვატყუებდნენ“, – აცხადებს სოსო გოგაშვილი.

გოგაშვილი აცხადებს, რომ მისი დაპატიმრება რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის აგენტების ჩივილის შედეგად მოხდა, რომლებიც თავად ამხილა და ამბობს, რომ ამის უფლება კი არა, კონსტიტუციით განსაზღვრული ვალდებულება ჰქონდა:

„დღეს ისტორიული ფაქტის მომსწრეები ვართ, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს პასუხისგებაში აძლევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბრალდებას უყენებს პროკურატურა რუსეთის აგენტების ჩივილის შედეგად. მასში უნდათ ჩართონ სასამართლო. მე, ვიცე-პოლკოვნიკს, მიყენებენ ბრალს, რომ ვამხილე რუსეთის ჯაშუშები, რომლებსაც პატრიარქის გადაყენება უნდოდა და მე ამის უფლება კი არა, ვალდებულება მაქვს კონსტიტუციით განსაზღვრული.

ჩემ მიმართ იყო არაადამიანური, არასათანადო მოპყრობა, ოჯახის წევრების წამება, არასრულწლოვანი ბავშვების უდიდესი სტრესის ქვეშ ყოფნა, მომექცნენ როგორც უკანასკნელ ტერორისტს, არც ადვოკატთან დამარეკინეს. ბოლო შეურაცხყოფა იყო, როცა აქ მომიყვანეს ჩემმა ყოფილმა თანამშრომლებმა, სადღაც სოროში, და კედლებზე ეწერა „ჟიზნ ვარამ“ და რაღაც უბედურებები. სახელმწიფო მოხელეებს ასე არ უნდა ექცეოდნენ“, – აცხადებს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. გოგაშვილის სახლში სპეცოპერაცია 16 ივლისს, გვიან ღამით ჩატარდა. გოგაშვილის დაკავების კადრები მისმა ცოლმა გადაიღი და სოციალურ ქსელში გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი