საზოგადოება

გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით NGO-ებმა არჩევნების გაყალბების სქემა გამოაქვეყნეს

21 ივლისი, 2022 •
გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით NGO-ებმა არჩევნების გაყალბების სქემა გამოაქვეყნეს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც შეიცავს 2018-2020 წლებში ჩატარებული არჩევნებისას, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების დამადასტურებელ ფაქტებს. ორგანიზაციების განცხადებით, კვლევაში ასახულია ფაქტები, რომლებიც მათ მიაწოდა “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა და სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა.

კვლევის თანახმად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების პარტიული მიზნებით გამოყენება. კერძოდ, აღნიშნული უწყებები, სავარუადოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ აგროვებდნენ პერსონალურ ინფორმაციას, მათზე შემდგომი ზეწოლის მიზნით. ამასთან, კვლევის თანახმად, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ სახელმწიფო უწყებები მოქალაქეებს უზრუნველყოფდნენ წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებითა და სხვა ტიპის სარგებლით.

“სრული სქემის მასშტაბი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ მეთოდებით არჩევნების პროცესში ჩარევის შედეგად შესაძლებელი იყო ამომრჩევლის ხმის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მასშტაბური მობილიზება”, – აცხადებენ არასამთავრობოები.

კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს, სავარაუდოდ, სთავაზობდნენ:

  • პირობითი მსჯავრის გაუქმებას,
  • პენიტენციური დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლებას,
  • შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას,
  • მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას),
  • სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას,
  • წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ.

“პრობაციის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ცხადად ჩანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში (განსაკუთრებით მეორე ტურის წინ და შემდეგ თვეებში) საგრძნობლად გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც პირობითი მსჯავრი გაუუქმეს და სატრანსპორტო საშუალების მართვის ჩამორთმეული უფლება აღუდგინეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ტელეკომპანიის მიერ გაკეთებულ რეპორტაჟებში ბევრმა პირმა დაადასტურა დოკუმენტებში მოყვანილი გარემოებები.

ამომრჩევლის გულის მოგების მიზნით ზემოთ ჩამოთვლილი შეღავათების თუ სარგებლის შეთავაზება, სავარაუდოდ, არაფორმალური გზით და კანონის პროცედურების გვერდის ავლით ხდებოდა. შედეგად, იკვეთება სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის მიერ ერთობლივად სახელმწიფო რესურსების ხარჯზე მოქალაქეთა მასშტაბური მოსყიდვის ფაქტი. ამ პროცესში გამოკვეთილი იყო ცალკეულ თანამდებობის პირთა სავარაუდო სამოხელეო და სისტემური დანაშაულის ნიშნები.

როგორც დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები, მათ შორის, სავარაუდოდ, მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი იყვნენ”, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.

ამასთან, კვლევის თანახმად, მმართველი პარტია “მაღალი ალბათობით” არასაჯარო წყაროებიდანაც აგროვებდა ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების შესახებ და ინტერესდებოდა, რა სახის ზეგალენის მოხდენა შეეძლო მათზე სხვადასხვა სახელმწიფო რესურსის გამოყენებით. ამის მაგალითად კვლევაში მოცემულია მარნეულის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ნავერიანის სახელით 2018 წელს გაგზავნილი წერილები.

გარდა ამისა, კვლევაში მოცემული დოკუმენტების თანახმად იკვეთება, რომ სავარაუდოდ, მმართველი პარტია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და საკადრო პოლიტიკის გატარებისას აღნიშნულ ინფორმაციას ეყრდნობოდა. კერძოდ, დოკუმენტებში მოცმეული იყო საჯარო სკოლის დირექტორების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელების და სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომლების პოლიტიკური დახასიათებები და რეკომენდაციები.

“ამის ტიპურ მაგალითად საჯარო სკოლების დირექტორების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია შეიძლება მივიჩნიოთ. 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა. 112 პირიდან მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში 95 დირექტორი იყო შეფასებული. საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მათგან 29 გათავისუფლებული დირექტორი ჰყავდა უარყოფითად შეფასებული, მმართველ პარტიას – 80 დირექტორი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – 89. ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც დადასტურების შემთხვევაში უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა.

სკოლის დირექტორების დახასიათებების გარდა, მამხილებლის მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული იყო 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელთა დახასიათებები, უწყებებში არსებული ზოგადი მდგომარეობა და პოლიტიკური განწყობები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, კვლევის თანახმად, დოკუმენტები შეიცავს “მოხსენებით ბარათებსაც”, რომლის მიხედვითაც “ოცნების” რეგიონული ხელმძღვანელები პარტიის ხელმძღვანელების სახელით განცხადებას წერდნენ და საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის სხვადასხვა სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების გადაყვანას ითხოვდნენ პარტიის საარჩევნო შტაბში.

“სამართლიანი არჩევნების” იურისტ გიორგი მონიავას თქმით, კვლევაში მოცემული მასალები შესაბამის საგამოძიებო უწყებებსაც გადასცეს.

ნახეთ დოკუმენტი სრულად

მასალების გადაბეჭდვის წესი